ტატა შოშიაშვილი
15.08.2020

შაბათს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. საუბრის დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა მანამდე ლუკაშენკომ თავად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ სურდა პუტინთან დაკავშირება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბელტა" იუწყება.

ლუკაშენკომ აცხადებს, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები „ფერადი რევოლუციის" სცენარით ვითარდება და საზღვარგარეთიდან ჩარევის ნიშნებს ატარებს.

„უნდა დავუკავშირდე პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, რათა ახლავე შევძლო მასთან დალაპარაკება, იმიტომ, რომ ეს უკვე მარტო ბელარუსისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს", - განაცხადა ლუკაშენკომ შაბათს დილით მინსკში გამართული თათბირისას.

მისივე თქმით, დღეს ბელარუსის დაცვა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს დაცვას ნიშნავს: „თუ ბელარუსებმა ამას ვერ გაუძლეს, ეს ტალღა მათკენაც (რუსეთისკენ) დაიძვრება".

9 აგვისტოდან ბელარუსის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა მიხედვითაც ქვეყნის ლიდერი, უკვე მეექვსედ, ალექსანდრე ლუკაშენკო გახდა. ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ხმათა 80% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხონოვსკაიამ - 10%.

მასობრივი დემონსტრაციების დროს აქციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა, რომელის შედეგადაც რამდნეიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო 10 აგვისტოს მიტინგის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„რეზონანსი" სამხრედრო საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა შედეგით შეიძლება წარიმართოს ბელარუსში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩართვამ და საბოლოოდ, მიიღებს თუ არა ბელარუსის საზოგადოება ლუკაშენკოს პრეზიდენტად. მისი შეფასებით, მოვლენები ორი სცენარით შეიძლება განვითარდეს.

„ლუკაშენკო ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ის ცდილობს, რომ პუტინთან პირდაპირი კავშირი გამონახოს საიმისოდ, რომ რუსეთი მას დაეხმაროს. გასული საუკუნის ბოლოს პოლონეთში, როდესაც „სოლიდარნოსტმა" დაიწყო მასობრივი აქციები, პოლონეთის საბჭოთა ხელმძღვანელი ვოიცეხ იარუზელსკი იძულებული გახდა „ერთიანი ეროვნული საბჭო" შეექმნა, რომლის მეშვეობითაც მოხდა ხელისუფლების გადაბარება. თანაც ბელარუსი პოლონეთთან ახლოსაა მენტალიტეტითა და ისტორიით. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ასევე განვითარდეს მოვლენები.

„სვეტლანა ტიხონოვსკაიამ თავადაც შექმნა კოორდინაციული საბჭო, ანუ ამ საბჭომ უნდა მოახერხოს მოლაპარაკება ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლებთან ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით, ან ხელახალი არჩევნების შესახებ.

„მაგრამ იარუზელსკი და ლუკაშენკო ძალიან განსხვავდებიან. ლუკაშენკო ხელისუფლებით „გაფუჭებული" პიროვნებაა და ყველაფერზე წავა, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს.

„თუმცა, მოვლენები ბელარუსში შესაძლოა ტრაგიკული რუმინული სცენარის მიხედვით განვითარდეს. „სეკურიტატეს" ჯგუფებმა (რუმინეთის სახელიმწიფო უშიშროება - რედ.), რომელიც რუმინეთის მმართველის, ჩაუშესკუს მხარეს იყვნენ მოხლეობას შეუტიეს, შემდეგ არმია ჩაერია და სამხედრო ბრძოლები მიმდინარეობდა რუმინეთის ქალაქებში, რის შემდეგაც არმიამ შეძლო მოწინააღმდეგეების დამარცხება და ჩაუშესკუ დასაჯეს.

„არ მგონია, რომ ლუკაშენკოს ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდეს, მაგრამ შესაძლოა საერთო სიტუაცია განვითარდეს ბელარუსში ამ სცენარით", - დასძინა მაისაიამ.

მისივე ვარაუდით, ლუკაშენკოს რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერის იმედი აქვს:

„ლუკაშენკოს კრემლში ე.წ. სილოვიკების დაჯგუფებების იმედი აქვს. ლუკაშენკოს მიერ ჩადენილი არალეგალური ქმედებები მოსკოვთან შეთანხმებით ხორციელდებოდა. სწორედ ამიტომ არაა შემთხვევითი, რომ ლუკაშენკომ მიმართა პუტინს.

„ეს მუქარანარევი ტექსტი, რომლითაც ლუკაშენკომ პუტინს უმისამართა, ერთგვარი შეტყობინება იყო. ლუკაშენკომ კრემლი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბევრ რამეზე ალაპარაკდეს - არალეგალურ ნარკოტრასებზე, იარაღით უკანონო ვაჭრობაზე და ა.შ. ლუკაშენკო ბოლო მომენტამდე იბრძოლებს იმისთვის, რომ ხელისუფლება არ დაკარგოს", - თქვა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×