მარიამ ნებულიშვილი
17.08.2020

ბელარუსში საპროტესტო ტალღა არ ნელდება, მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. მრავალათასიან აქციებს ესწრებიან ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, ბელარუსის თითქმის ყველა მსხვილი ქარხნის მუშები და მოსახლეობა, რომელიც ლუკაშენკოს მრავალწლიანი მმართველობით დაიღალა და ქვეყანაში დემოკრატიას მოითხოვს. 

ლუკაშენკოს თქმით, მასზე ზეწოლა არ იმოქმედებს. „ლუკაშენკომ აირჩია მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარიდან ყველაზე ცუდი", - ასე ეხმიანება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ბელარუსში განვითარებულ მოვლებეს.

„ნურასდროს ნუ დაელოდებით ჩემგან, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. არჩევნები უკვე ჩატარდა და სხვა არჩევნები აღარ იქნება" - განაცხადა ლუკაშენკომ

ფხალაძის თქმით, ლუკაშენკოს მხრიდან პუტინისთვის დამხარების თხოვნა არასწორი საქციელი იყო, რაშინ თავად ლუკაშენკო საკმაოდ ძვირ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

„ბელარუსში საკმაოდ რთული ვითარებაა და ლუკაშენკომ აირჩია მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარიდან ყველაზე ცუდი, იმიტომ, რომ წავიდა არა დიალოგზე, არამედ დაპირისპირებაზე საკუთარ მოსახლეობასთან და იმავდროულად მოახდინა თვითიზოლაცია დასავლეთისაგან, მიმართა რა პუტინს და ფაქტობრივად მას სამხედროს დახმარება სთხოვა. რითაც, ერთი - მის მოსახლეობასთან და მეორე - მის დასავლელ პარტნიორებთან შევიდა კონფრონტაციაში.

„ის, რომ რუსეთისთვის ბელარუსი ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე აბსოლუტურად ყველა თანხმდება და რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ ბელარუსი არ დათმოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ეს დაუჯდება იმ ფასად, რომ ლუკაშენკო გაწიროს. ის რომ, ლუკაშენკო ამაში გადახდის სერიოზულ ფასს ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თავად ბელარუსს, მის სახელმწიფოებრიობას, მის მომავალს და დემოკრატიას წინ საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება, იმიტომ, რომ პროცესები ჯერ კიდევ წინაა.

„რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც შეეცდება, რომ შექმნილი მდგომარეობიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. უკვე იყო საუბარი სამხედრო დახმარებაზე, უკვე გაკეთდა განცხადება სპეცრაზმის შესახებ.

"რუსეთს „დახმარება" ესმის ყოველთვის ძალოვან ჩარევად. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ამ ტიპის განცხადების გაკეთება პრეზიდენტ ლუკაშენკოსგან, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პრობლემები ლუკაშენკოთი არ ამოიწურება და არც ლუკაშენკოთი მთავრდება, ბელარუსს წინ სერიოზული გამოცდები ელის.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თავად ბელარუსში როგორ განვითარდება სიტუაცია. ბალარუსის იმ გზით წასვლა რაც იყო, დავუშვათ მაიდანი, არის წარმოუდგენელი რუსეთისთვის. არ უნდა დაგავავიწყდეს, რომ სამართლებრივი სტატუსით ბელარუსი განსხვავდება ყველა სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან. იმიტომ, რომ ბელარუსი რუსეთითვის არის „სამეკავშირეო სახელმწიფო", რომელიც სამართლებრივად აძლევს რუსეთს მეტი ინტეგრაციის საშუალებას, რაც ამ უკანასკნელს აძლევს შესაძლებლობას უფრო აქტიურად იყოს ჩარეულ ბევრ რამეში.

"ამიტომ, ამ ვითარებაში რუსეთი ამ ყველაფერს განიხილავს არა როგორც ცვლილებებს მის საზღვრებთან, არამედ როგორც ცვლილებებს თავად რუსეთში. ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ პუტინის რეჟიმი ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგება. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ყველა ბერკეტის გამოყენებას შეეცდება რუსეთი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს კარგად ჰქონდეთ ეს გააზრებული", - ამბობს თენგიზ ფხანაძე.

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, რამდენჯერმე ესაუბრა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს, კრემლის ცნობით, რუსეთი მზადაა სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს ბელარუსს საჭიროების შემთხვევაში.

17 აგვისტოს მედიაში გავრცელდა სურათები, სადაც აღბეჭდიალია, რუსული სამხედრო კოლონა. „უნიანის" ცნობით, ექსპერტების გათვლებით, მხოლოდ სანქტ-პეტერბურგიდან 600 მებრძოლს შეუძლია ბელარუსში წასვლა, რაც მთლიანი ბელარუსული ОМОН-ის მესამედზე მეტია (1500 ადამიანი).

„მედუზას" ინფორმაციით, მოსკოვიდან დაძრული მანქანების კოლონა შენიშნეს ქალაქ სომლენსკთან (ბელარუსიდან 83 კილომეტრში) უცნობია გადალახა თუ არა კოლონამ ბელარუსის საზღვარი.

17 აგვისტოს ბელარუსის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ოპოზიციის ლიდერმა და ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ. მისი თქმი, ის მზადაა გახდეს ეროვნული ლიდერი. ის ამჟამად ვილნიუსში იმყოფება, თანაგუნდელების თქმით, ტიხანოვსკაიამ ბელარუსი ზეწოლის გამო დატოვა

„თქვენ მე მომეცით საკუთარი ხმები და ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ თქვენ ეს: ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი, უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის", - ამბობს ტიხანოვსკაია ვიდეომიმართვაში.

თენგიზ ფხალაძის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა სწორედ ტიხანოვსკაიას გაუწიოს დახმარება, რათა ჩამოაყალიბოს ეროვნული გეგმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურ ძალებთან მუშაობა, იმ საფრთხეებზე, რომელიც რეალურად ობიექტურად არსებობს და იარსებებს მიუხედავდ იმისა, თუ რამდენ ხანს იქნება ლუკაშენკო ხელისუფლებაში. ამ საფრთხეებზე მუშაობა, მათი პროგნოზირება, პრევენცია დ ასწორი ნაბიჯების გადადგმა არის ის რაშიც დასავლეთი უნდა დაეხმაროს ბელარუსს.

„უპირველეს ყოვლისსა თავად ტიხანოვსკაიამ უნდა წარმოაჩინოს თავი, როგორც ეროვნულმა ლიდერმა. იმიტომ, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ არის საერთო ეროვნული ლიდერი, რომელსაც აქვს ხედვა. ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკურ სიმწიფესა და გამჭრიახობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ამიტომ, ამ განცხადებას რაღაც უნდა მოჰყვეს და აქედან გამომდიანრე უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რამეზე.

„ერთია ის პროცესი, რომელიც ახლა მიდის კონკრეტული ხელისუფალის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეა უკვე, ის თემები, რასაც ჰქვია დემოკრატიის გაძლიერება, სახელმწიფოს აღმშენებლობა, საფრთხეების ნიველირება, რასაც სჭირდება საკმაოდ სერიოზული სახელმწიფო ხედვა, სტრატეგია, გუნდი და ა.შ. რაც ჯერჯერობით არ ჩანს. იმ ლიდერებს, რომლებიც არიან ამ საპროტესტო აქციების ავანგარდში ეს ხედვა არ წარმოუდგენიათ. ამიტომ, აქ ძალიან სერიოზული სამუშაოა და ესაა ის სივრცე სადაც დასავლეთს შეუძლია მუშაობა და ბელარუსისთვის დიდი დახმარების გაწევა.

„ის, რომ ბელარუსში არჩევნები იყო, ყველამ ვიცოდით, არმგონია, რომ ეს საუკეთესო დროა არჩევნებისთვის", - თქვა ფხალაძემ.

16 აგვისტოს სპეცრეისი დაინიშნა თბილისიდან მინსკის მიმართულებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში გაფრინდა საქართველოს ელჩი ბელარუსში, რომელიც ქვეყანაში დასავენებლად იმყოფებოდა. ფხალაძის თქმით, ახლა „შვებულებისთვის მაინც და მაინც შესაფერისი დო არ არის" და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ სწორი ნაბიჯები გადადგას პარტნიორ ქეყანასთან დაკავშირებულ პროცესებში.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ხდება ბელარუსში. ესაა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული საერთო ინტერესები და ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ ქვეყნის კეთილდღებაში, სტაბილურობაში და დემოკრატიულ განვითარებაში. ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა იმ პროცესთან და შესაბამისი დაკვნები თუ ნაბიჯები უნდა გავაკეთოთ. ესაა ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში არჩევნების შემდგომ დაიწყო , რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ ხმების 80%-ით გაიმარჯვა. გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. ლუკაშენკო ქვეყანას 26 წელია მართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×