თამთა ჩაჩანიძე
18.08.2020

სამშაბათს ლიეტუვას სეიმმა საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამის პარალელურად კი ლიეტუვა-ბელარუსის საზღვართან რუსეთისა და ბელარუსის არმიის ნაწილების ერთობლივი წვრთნა დაიწყო.

„ფაქტია, რომ ლუკაშნკო მოსახლოებას დაუპირისპირდა და განსაკუთრებით მისი ხელისუფლების ქვეშ მყოფმა მილიციამ სამხედროებმა და ომონმა დარბევისას მართლაც ძალიან დიდი სისასტიკე გამოიჩინა. ასეთ დროს ლუკაშენკოს სურს, რომ წვრთნებზე ერთგვარი ყურადღება გადაიტანოს, იქ ნატოს რამე დააბრალოს. თუმცა ბელარუსში რაც ხდება, ძირითადად მინსკში ხდება", - ასე აფასებს ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი სამხედრო წვრთნების დაწყებას.

წვრთნების დაწყებაზე ინფორმაცია ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. მათი თქმით, წვრთნებში ჩართულია სარაკეტო შეიარაღებული ძალები და არტილერია. მანევრებს კი სატანკო და მექანიზებული ბრიგადები ჩაატარებენ.

მათივე ცნობით, სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, წვრთნას ბელარუსის 103-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა სასაზღვრო სამსახურთან ერთად გაივლის.

ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს წვრთნები შესაძლოა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდებოდეს, რადგან ეს დაგეგმილი ადრეც იყო.

„როგორც ვიცი, ეს წვრთნები ადრეც იყო დაგეგმილი. წვრთნებში მხოლოდ ბელარუსები არ არიან, რუსეთის მხარეც მონაწილეობს.

„რა თქმა უნდა, ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრი ქვეყნები არიან, წვრთნებს ისინიც მართავენ, თუმცა ეს შესაძლოა ამ მხრივ ყურადღების გადატანის მოტივი იყოს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს მთავარი პრობლემა სახლში აქვს, მის მოსახლეობას მისი პრეზიდენტობის 26 წელი უკვე ყელში ამოუვიდა."- განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის სეიმმა რიგგარეშე სესიაზე რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მოითხოვენ, რომ სანქციები დაუწესდეთ იმ პირებს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებასა და წარმოუდგენელ სისასტიკეებზე".

ალადაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ლიეტუვის საზღვართან წვრთნების ჩატარებით ლუკაშენკო ნატოს „ანკესზე წამოგებასაც" ცდილობდეს.

„ლუკაშენკო აცხადებს, რომ ოპოზიციის მობილიზება დასავლეთიდან ხდება. თუმცა, ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, რომ ამ ყველაფრის უკან დასავლეთი კი არა, სწორედ პუტინი დგას, რომელსაც არ აწყობს, რომ ლუკაშენკომ პრეზიდენტობა კიდევ 5 წელი შეინარჩუნოს.

„ლუკაშენკო პრეზიდენტობის შესანარჩუნებლად ყველანაირ დათმობაზე წავიდა, შეიძლება ითქვას, პუტინს ფექვეშ გაეგო და შესაძლოა მას დახმარებაც კი სთხოვოს იმისთვის, რომ ძალით თუ სხვა გზით ამ გამოსვლების ჩახშობა მოხდეს.

„იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რუსეთიდან ბელარუსისკენ იმ მანქანების მთელი კოლონა მიდიოდა, რომლებშიც დაკავებულებს ათავსებენ ხოლმე,

„ფაქტია, რომ ლუკაშნკო მოსახლოებას დაუპირისპირდა და განსაკუთრებით მისი ხელისუფლების ქვეშ მყოფმა მილიციამ, სამხედროებმა და ომონმა დარბევისას მართლაც ძალიან დიდი სისასტიკე გამოიჩინა და ასეთ დროს ლუკაშენკოს სურს, რომ წვრთნებზე ერთგვარი ყურადღება გადაიტანოს, იქ ნატოს რამე დააბრალოს. თუმცა, ბელარუსში რაც ხდება ძირითადად მინსკში ხდება", - განაცხადა ალადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მინსკში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საზოგადოებამ არ სცნო. მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იყვნენ, ბელარუსის ცესკოს თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ხოლო ტიხანოვსკაიამ - 10%.

9 აგვისტოდან მინსკის ქუჩებში შედეგებს საზოგადოება მრავალათასიანი გამოსვლებით აპროტესტებს და ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, არჩევნების შედეგებს არ სცნობენ დასავლეთის ქვეყნები.

აქციებზე ხალხს ლუკაშენკოს დაქვემდებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურები სასტიკად უსწორდებიან, ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით უამრავი ადამიანი დაშავდა, გავრცელად ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დარბევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×