თამთა ჩაჩანიძე
19.08.2020

მიუხედავად ყველაფერისა, ალექსანდრე ლუკაშენკო პოზიციებს არ თმობს, მეტიც ის პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკანონებაზეც ფიქრობს, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ლუკაშენკოს ინაუგურაცია უახლოეს ორ თვეში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი საზოგადოებისთვცის უცნობია.

ლუკაშენკომ პოსტის შენარჩუნებისთვის ამჯერად უკვე განცხადების სხვანაირი ტონი შეარჩია, მან უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მინსკში არეულობა აღარ უნდა იყოს. „ხალხი დაიღალა. მათ სიმშვიდე და სიჩუმე სურთ", - განაცხადა მან.

თავის მხრივ 20 აგვისტოს ოპოზიცია სვეტლანა ტიხანოვსკიას მეთაურობით საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომის გამართვას გეგმავს, საბჭო 70 წევრით დაკომპლექსტდება. საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების გადაბარებაა. თუმცა წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ეს მათი თვითმიზანი არაა და ისინი მხოლოდ ხალხის ნებით იმოქმედებენ.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბელარუსის საკითხზე ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, ბელარუსის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობა უნდა შეწყვიტოს.

„ოპოზიციამ თავად უნდა განაცხადოს, თუ რა უნდა. შუამავლობის შესაძლებლობას ჯერ ვერ ვხედავ, რადგან ალექსანდრე ლუკაშენკო სატელეფონო საუბარზე უარს ამბობს. ბელარუსმა თავად უნდა აირჩიოს გზა, რომელიც ქვეყნის შიგნით დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს. შიდა საქმეებში ჩარევა არ უნდა მოხდეს. მჭიდროდ ვეკონტაქტებით რუსეთს, რათა ეს არ მოხდეს", - დასძინა ანგელა მერკელმა.

ამის პარალელურად კი მიუხედავად სამთავრობო ძალოვანი სტრუქტურების მიერ აქციების დარბევისა, მინსკში გამოსვლები არ წყდება.

17 აგვისტოს ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და თქვა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×