მარიამ ნებულიშვილი
21.08.2020

„არა მგონია, რომ პუტინის ნებართვის გარეშე ეს განხორციელებულიყო", - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას რუსი ოპოზიციონერის და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელის ალექსეი ნავალნის მოწამლის ფაქტს.

ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მთავარი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა.

„დღეისთვის გვაქვს სამუშაო დიაგნოზები. მთავარი მათგანი, რომლისკენაც ვიხრებით, არის ნახშირწყლების ბალანსის დარღვევა, ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა", - თქვა მურახოვსკიმ. ის ასევე ამბობს, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ვარდნით.

საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ის რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოწამლეს. ზაქარეიშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არა, როდესაც ნავალნი იწამლება. მისი აზრით, ამაში რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

„ნავალნი პირველად არ იწამლება - მესამე თუ მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მისი მოწამვლა სცადეს. ის ითვლება რუსეთში ლიბერალური ფრთიდან პუტინის ყველაზე უფრო ეფექტურ ოპონენტად. ამიტომ, მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის გასაკვირი. მიუხედავად იმისა, რომ ხელთ არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება, ჩემი მოსაზრებით ის შეგნებულად მოწამლეს. ეჭვი მეპარება რამდენად სამართლიანად ჩატარდება გამოძიება, მაგრამ ამ ვერსიას უპირატესად არსებობის უფლება აქვს. მგონია, რომ ვიღაცას უნდა მისი მოშორება და ეს ვიღაც აშკარად უმაღლეს ხელისუფლებაშია, არა მგონია, რომ პუტინის ნებართვის გარეშე ეს განხორციელებულიყო. ეს საფუძვლიანი ვარაუდებია, იმიტომ, რომ საწამლავი მსოფლიოში პირველად გამოყენებული იყო რუსეთის მხრიდან, ჩვენ უკვე ვიცით ის სამწუხარო რეალობა, რაცაა რუსეთში. ამიტომ, ეს არის რუსეთის რეალური სახე, როდესაც ოპონენტებს უმკლავდებიან მუქარით და მკვლელობით. იმედია, რომ ნავალნი ამჯერადაც, როგორც ადრე, გამოძვრება ვითარებიდან და განაგრძობს თავის საქმიანობას.

„ნავალნის მიმართ ყოველთვის ასეთი დამოკიდებულებაა, ის არაერთხელ დააპატიმრეს. შეიძლება ასე ითქვას, რომ წელიწადის განმავლობაში 4-5 თვე ციხეშიც ზის. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდა. გამოვრიცხავ ბელარუსსაც, ეს უფრო შიდა რუსული ამბებია. ის იმყოფებოდა ქალაქ ტომსკში სადაც ტარდება გუბერნატორის შუალედური არჩევნები. იქ ჩართული იყო აქტიურად და ხელს უწყობდა გუბერნატორის წინააღმდეგ ბრძოლას. უფრო შეიძლება ეს იყოს მიზეზი. მე მაინც მგონია, რომ ნავალნი საერთოდ მობეზრებული ჰყავს რუსეთის ხელისუფლებას და შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ მოიშორონ", - ამბობს ზაქარეიშვილი.

ნავალნის საზღვარგარეთ მკურნალობა მოითხოვეს მისმა ოჯახმა და პირადმა ექიმმა. ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა კი მზადყოფნა გამოთქვეს ნავალნის დასახმარებლად. გერმანიის სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი, რომელსაც ნავალნი სამკურნალოდ უნდა გადაეყვანა, ციმბირის ქალაქ ომსკში დაეშვა. თუმცა რუსი ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებს.

ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ თვითმფრინავს ძალით აყოვენბენ, რათა ორგანიზმიდან აორთქლდეს ის ტოქსინები, რომლებიც მისი მოწამვლის ფაქტს დაადასტურებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო დონეზე დაუმტკიცდება ბრალი ვინმეს, რუსეთი სერიოზულ სანქციებს მიიღებს.

„ძალიან ვერაგულად იყო დაგეგმილი ეს მოწამვლა, თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ მოხდა, რათა როცა ჰაერში იქნებოდა თვითმფრინავი, მაშინ დაეწყო საწამლავს მოქმედება, რომ რაც შეიძლება გვიან მომხდარიყო სამედიცინო ჩარევა და მართლაც ასე მოხდა. სულ ცოტა საათნახევრით მაინც მოხდა სამედიცინო დახმარების ჩარევა. ასე რომ, აშკარაა, ეს არის კარგად დაგეგმილი, ვერაგული ნაბიჯი.

„არსებობს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც უფრო მალე იშლება და ორთქლდება ორგანიზმიდან. მე მგონია, რომ თვითმფრინავთან დაკავშირებით დროს იმიტომ წელავენ, რომ აორთქლდეს ის ქიმიური ნივთიერებები და მტკიცებულებები, რაც ბრალეულობას დაადასტურებს.

„საერთაშორისო დონეზე თუ დამტკიცდა, რომ ვთქვათ პირველმა პირებმა და კონკრეტულმა ადამიანებმა განახორციელეს მოქმედებები ნავალნის წინააღმდეგ, როგორც ბრიტანეთში მოხდა, რომ უშიშროების სამსახურის კონკრეტული ოფიცრები გამოვლინდნენ, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი სანქციები დაუწესდება. შეიძლება, პუტინი კიდევ უფრო მიუღებელი გახდეს მსოფლიო საზოგადოებისთვის, არ მიიწვიონ კონფერენციებზე და ა.შ. ეს ყველაფერი ისედაც ხდება და ამის შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება ალბათ", - თქვა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის აზრით, ეს ფაქტი რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას რუს საზოგადოებაში არ გამოიწვევს, მაგრამ გაზრდის უკმატყოფილებას ვლადიმერ პუტინის მიმართ.

„რუსეთის საზოგადოების მაქსიმუმ 20%-ია, რომელიც უშუალოდ პუტინის წინააღმდეგია, სამწუხაროდ მოსახლეობის 80% სხვადასხვა კონფიგურაციით მაინც მისი მხარდამჭერია, ზოგი კომუნისტებს აძლევს ხმას, ზოგი ჟირინოვსკის და ა.შ. მაგრამ რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც იმპერიალისტური აზროვნება აქვთ და არ მგონია, რომ ამან ძალიან გაზარდოს პუტინის მონაწილე მხარეების რაოდენობა.

„რუსეთში ბოლოს, რომ ჩატარდა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პუტინმა გაინულა თავისი ყოფნა ხელისუფლებაში და გაიხანგრძლივა ხელისუფლებაში ყოფნა სულ ცოტა 15 წლით. ამ ფონზე, რუსეთში შეიძლება გაიზარდოს ზოგადად პუტინის წინააღმდეგ განწყობა და ნავალნის მოვლენამ შეიძლება გაზარდოს ამ ხალხის რაოდენობა, მაგრამ მხოლოდ ნავალნის მოვლენით უკმაყოფილება არ გაიზრდება", - აღნოშნა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, როგორც თანხმხლებმა პირმა განაცხადა, ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია, რაშიც შესაძლოა მისივე თქმით, საწამლავი შეიძლება ყოფილიყო გარეული. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში კომაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×