
ბათუმში მცხოვრებ მოქმედ ადვოკატსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის კონფლიქტები არაერთხელ გახდა ძალოვანთა განხილვის საგანი და არაერთხელ დასჭირდათ ძალოვნებს მათთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა. მამაკაცი ირწმუნება, რომ 25 წელია ყოფილი მეუღლისგან ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის მსხვერპლია და სახელმწიფო მის უფლებებს არ იცავს.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამის მიუხედავად, ისინი მაინც ერთ ჭერქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას. მამაკაცი აცხადებს, რომ ქვეყანაში მხოლოდ ქალთა უფლებებია დაცული და ქალის დანაშაულის მიუხედავად, ჯოხი მაინც მამაკაცზე ტყდება. როგორც ჩანს, ამ წყვილის თანაცხოვრება კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა. თურმე სასწრაფო და პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს.
მიზეზი ყოფითი პრობლემები იყო, ხან ტელევიზორის ყურების გამო ჩხუბობდნენ და ხან პანდემიის გამო დაწესებული წესების არ დაცვის გამო. საქმე იქამდე მივიდა, მამაკაცმა 112 გამოიძახა და მოძალადე ცოლისგან დაცვა ითხოვა. თუმცა პოლიციამ ორივეს წინააღმდეგ გამოწერა შემაკავებელი ორდერი, მათ აეკრძალათ ერთმანეთისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა სახის შეურაცხყოფის მიყენება.
მამაკაცმა შემაკავებელი ორდერის გამოწერა სასამართლოში გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოსამართლემ მამაკაცი გაამართლა და მის წინააღმდეგ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა. როგორც ჩანს, თავად ქალს არ გაუსაჩივრებია პოლიციის გადაწყვეტილება და დღეს მას ქმრის წინააღმდეგ ყველანაირი ძალადობა ეკრძალება.
"ამ პანდემიის დროს ხშირად ვიძახებდი სასწრაფოსაც ისეთი სიტუაცია იყო. სულ სერიალების ყურებაშია 24 საათი, სხვა არაფერი აინტერესებს, ამოვიდა ყელში ეს სერიალები, მე მაინტერესებს ქვეყანაში და მსოფლიოში რა ხდება და იმიტომაც მეჩხუბებოდა საინფორმაციოს რატომ უყურებო.
ძალიან შეშინებული ვიყავი ამ კორონას გამო, სახლიდან ყოველ გასვლაზე და შემოსვლაზე ტანსაცმელს სპირტით ვამუშავებდი, მას რომ წესების დაცვას ვთხოვდი, დამცინოდა. ადვოკატი რომ ვერ დაიცავ თავს, სხვა ადამიანი როგორ დაიცავს თავს ასეთი ძალადობებისგან. რა დავაშავეთ, კაცებსაც გვჭირდება დახმარება. არის მხოლოდ მოწოდება ქალთა მიმართ ძალადობაზე და არავინ საუბრობს კაცთა მიმართ ძალადობაზე", - განაცხადა მამაკაცმა.
სრულად იხილეთ: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე