თამთა ჩაჩანიძე
22.08.2020

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის და ჯარის ნაწილების ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან გადასროლის ბრძანება გასცა. ამის მიზეზი, მისი თქმით, „ნატო-ს ჯარების სერიოზული მოძრაობა" ბელარუსის საზღვრებთან.

გამოცემა „ბელტას" ინფორმაციით, ეს განცხადება ლუკაშენკომ გროდნოს ოლქში მდებარე სამხედრო საწვრთნელ პოლიგონზე სტუმრობისას გააკეთა.

„ვერ ვიტყვი, რომ რთული სიტუაცია მთელი ქვეყნის მასშტაბითაა. პირველ რიგში ეს მინსკს ეხება. არ მინდა, რომ გროდნო ამ თვალსაზრისით განვიხილო. თუმცა, ამის მიუხედავად, ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ შიდა სიტუაციას გარე ფაქტორიც დაემატა. ჩვენ ვხედავთ ნატო-ს ჯარების სერიოზულ მოძრაობას ჩვენი საზღვრების მახლობლად პოლონეთისა და ლიეტუვას ტერიტორიაზე" - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე აზრით, მის მოწინააღმდეგეებს ბელარუსის სამხედრო და პოლიციური ძალების დაქსაქსვა, შიდა პრობლემებიდან მათი ყურადღების გადატანა და საზღვარზე ვითარების დაძაბვა სურთ. იგი მიიჩნევს,რომ დასავლეთის ქვეყნების განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ბელარუსში ალტერნატიული პრეზიდენტი უკვე ჰყავთ შერჩეული.

მისივე ვერსიით, ამ ალტერნატიული ლიდერის ამოცანაა, რომ ნატო-ს ჯარები ქვეყანაში მოსახლეობის დაცავის მოტივით შეიყვანოს.

„როგორც ველოდით, ყველაფერი ფერადი რევოლუციების გეგმის მიხედვით, შიდა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვით ვითარდება. სიტუაციის ორიგინალობა და თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის გარე ფაქტორთანაა დაკავშირებული," - ამბობს ლუკაშენკო.

მან ბელარუსის თავდაცვის მინისტრსა და დასავლეთის საოპერაციო სარდლობის მეთაურს დაავალა, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა ქვეყნის დასავლეთ ნაწილი და „დასავლეთის მარგალიტი" ქალაქი გროდნო დაიცვან.

მანამდე, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გროდნოში ფართომასშტაბიანი ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაიწყო, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონის ადმინისტრაცია მომიტინგეების მოთხოვნების ნაწილობრივ შესრულებას დათანხმდა, მომიტინგეებს საშუალება მისცეს, რომ პროტესტი ცენტრალურ მოედნებზე გაემართათ, მეორე დღით მომიტინგეებს განუცხადეს, რომ ლენინის მოედანზე აქცია ვერ ჩატარდებოდა, რადგან ამისთვის ნებართვა გაცემული არ იყო, თუმცა ამავე ადგილას მიტინგი ხელისუფლებამ ჩაატარა.

9 აგვისტოდან ბელარუსში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გრძელდება, ისინი ლუკაშენკოს გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×