თამთა ჩაჩანიძე
04.09.2020

ნატო რუსეთს მოუწოდებს, რომ „ნოვიჩოკის" ჯგუფში შემავალი სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხი სრულიად გაამჟღავნოს.

„ქიმიური იარაღის გამოყენება ადამიანის სიცოცხლის სრულ უპატივცემულობასა და საერთაშორისო წესების მიუღებელ დარღვევას ნიშნავს. ნატოს მოკავშირეები თვლიან, რომ დროა რუსეთმა სერიოზულ კითხვებს უპასუხოს," - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი ალიანსის პოზიციას აჟღერებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მთავრობამ ნავალნის ინციდენტის საერთაშორისო გამოძიებაში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW) უნდა ითანამშრომლოს. ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერის თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები სრული პასუხისმგებლობით უნდა დაისაჯონ, რისთვისაც „ნოვიჩოკის" წარმოების პროგრამის დეტალები სრულიად უნდა გაირკვეს.

ქიმიკოსი ლეონიდ რინკი, რომელიც ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკის" დამზადებაში იღებდა მონაწილეობას, რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ლენტა.რუ"-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ომის აგენტები 70-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ჯარისთვის მას შემდეგ შემუშავდა, რაც ანალოგიური ქიმიური იარაღი შეერთებულ შტატებში გამოჩნდა.

„საჭირო იყო ნერვული მოქმედების ფოსფორორგანული ქიმიური ომის აგენტის წარმოება, ამას ვაკეთებდი მეც. ნოვიჩოკის შემუშავება ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ის შედეგი იქნა მიღებული, რაც შემკვეთს სურდა, მაგრამ ამ მოთხოვნებს ვერ გავაჟღერებ ", - განაცხადა რინკმა.

ქიმიკოსმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკს" სხვადასხვა დროს სამხედროების მიერ გამოგონილი სხვადასხვა სახელი ერქვა, ჯერ "ნუკლონი", შემდეგ „ლოშადი", ხოლო ქიმიური ნაერთის ამჟამინდელი სახელწოდება, მისი თქმით, ერთმა პოლკოვნიკმა 80-იანი წლების ბოლოს შეარქვა.

3 სექტემბერს კი ომსკის ოლქისა და ციმბირის ფედერალური ოლქის მთავარმა ტოქსიკოლოგმა ალექსანდრე საბაევმა თქვა, რომ თუკი ნავალნი „ნოვიჩოკით" რომ ყოფილიყო მოწამლული, მსგავსი სიმტომები მის თანმხლებ პირებსაც ექნებოდათ.

2 სექტემბერს კი გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ლაბორატორიის მიერ ცატარებული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ტოქსიკოლოგიური დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ნავალნი ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკითაა" მოწამლული.

კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული დაგმო და ფაქტის გამოსაძიებლად და შემდგომი ნაბიჯებისთვის საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს მიმართა.

თავად რუსეთი ფაქტს უარყოფს და ამის გადასაფარად სხვადასხვა ქვეყნებს იყენებს, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური შვიტკინიმა განაცხადა, რომ რუსეთი „ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით არაა დაკავებული, მისი თქმით, მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზეა.

20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, ნავალნის თანმხლები პირი აცხადებდა, რომ ოპოზიციონერმა მხოლოდ ჩაი დალია, სადაც შესაძლოა საწამლავი ნივთიერება ყოფილიყო, მოგვიანებით ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×