
ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები გერმანია, საფრანგეთი და იტალია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სასანქციო სიაში შეყვანის წინაღმდეგები არიან, მთავარი მიზეზი კი იმ საკომუნიკაციო არხის დატოვებაა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმთან მოლაპარაკებას შეძლებს.
სასანქციო „შავი სია", რომელშიც ბელარუსის მარალჩინოსნები უნდა შევიდნენ, მომავალ კვირას უნდა გამოქვეყნდეს, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთის მთავრობა კი ლუკაშენკოს ამ სიაში მოხვედრის მომხრეები არიან.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბელორუსში კრიზისი განვითარდა და ამავე დროს ევროკავშირი ლუკაშენკოს ცალსახად სანქციების შავ სიაში მოაქცევს, შესაძლოა ამან სიტუაცია უფრო გაართულოს.
„რის გამოც ეს ქვეყნები თავს იკავებენ, ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ისინი თვლიან, ლუკაშენკოს რეჟიმთან რაღაცნაირი საკომუნიკაციო არხი უნდა დატოვონ იქიდან გამომდინარე, რომ თუ ეს ქვეყნები ცალსახად სანქციების მხარე გახდებიან, თუ კრიზისი განვითარდა და როგორც შუამავლის ევროკავშირის ჩართვა საჭირო გახდა, ამან შესაძლოა სიტუაცია უფრო გაართულოს.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქვეყნები დანარჩენ სახელმწიფოებს, რომლებიც სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ, მხარს უჭერენ, მაგრამ ისინი თავიანთი ამ პოზიციით რაღაცნაირად ცდილობენ, რომ მოლაპარაკებებისთვის გარკვეული სივრცე დატოვონ, რომ მთლად ყველა ხიდი რომ არ გადაიწვას.
„ამ სიაში ლუკაშენკო რომ არ იყოს, ეს შეუძლებელია იმიტომ,რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებს ხოლმე, ან ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ან საერთოდ ვერ მიიღებენ,თუ სამი ძირითადი სახელმწიფო წინააღმდეგია, მაშინ ვერ მიიღებენ და თუ მიიღეს, მაშინ ამ ქვეყნებსაც მოუწევთ საკუთარი პოზიციის გადახედვა,ასე რომ ეს ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია და მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდება თუ რა იქნება შეჯერებული პოზიცია," - განაცხადა კაკაჩიამ.
ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროკავშირმა გასულ კვირას მიიღო. ბრიუსელში აცხადებენ, რომ აღნიშნული სანქციები 9 აგვისტოს არჩევნების ფალსიფიცირებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მხილებულ პირებს დაუწესდებათ.