ლევან მეხუზლა: "მანქანების ნაკადი, რომელიც საღამოს ღვინის ქარხნებთაანაა, მეორე დილამდე უკვე დაცლილია"
თამარ ვეფხვაძე
24.09.2020

"რთველი 2020" დასასრულს უახლოვდება. კორონავირუსით გამოწვეული პრობლემის მიუხედავად,  წლევანდელი სეზონი შუფერხებლად მიმდინარეობს.  გლეხებს მოსავალთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ და ყველა მევენახეს ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა მიეცა. მთავრობის შეფასებით, წელს არის კიდევ ერთი ყველაზე ორგანიზებული და წარმატებული სეზონი, რამაც მევენეხეობის რეგიონებს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა. მანამდე კი ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის გარეშე წარმატებით ტარდებოდა.

24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  157 ათასი ტონა ყურძენი:   115 ათასი ტონა რქაწითელი,  35 ათასი ტონა საფერავი, 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა კახეთის რეგიონში 160 მლნ ლარს მიაღწია.

სააგენტოს თავმჯდომარის და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განმარტებით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 13 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 80-მდე ღვინის საწარმო. 

როგორც ლევან მუხუზლა აღნიშნავს, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანის მუნიციპალიტეტში -  48 ათას ტონამდე, შემდეგ მოდის ყვარელი, სადაც 32 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა, თელავში - 21,5 ათასი ტონა,  სიღნაღში - 19 ათასი ტონა, ლაგოდეხში 10,7 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 6 ათასი ტონა, ახმეტაში - ათასი ტონა 6,1, ხოლო საგარეჯო დაკრეფილი მოსავლის რაოდენობა 2 ათასი ტონას შეადგენს.

ამჟამად მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რაც შეეხება ქარხნებს და უშუალოდ ყურძნის ჩაბარების პროცესს, ღვინის ეროვნული სააგენტოს  თავმჯდომარის ინფორმაციით, პრობლემა არც ამ მიმართულებით შეიმჩნევა.

,,რთველის პიკურ პერიოდში, თანმდევი პროცესია რიგები. კიდევ ერთი კვირა ყველაზე აქტიური პერიოდი გვექნება.  ყოველდღიურად, სავარაუდოდ,  10-13 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება მოხდება, რასაც  საკმაოდ დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. წელს რთველში ასამდე კომპანიაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პროცესების გამო, ყურძნის ჩასაბარებლად მანქანებს რამდენიმე საათი დაყოვნება უწევთ,  თუმცა მანქანების ის  ნაკადი, რომელიც საღამოს ღვინის ქარხნებთაანაა, მეორე დილამდე უკვე დაცლილია. 

ჩვენ გვახსოვს, წლების წინ,  რთველის დროს სამი-ოთხი დღის განმავლობაში იდგნენ მევენახეები რიგში და ისიც არ იცოდნენ  საერთოდ ჩააბარებდნენ და  მიიღებდნენ თუ არა თავისი შრომის ანაზღაურებას. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის, კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული. დღე-ღამეში ასეთი ოდენობის ყურძნის გადამუშავება ნიშნავს რამდენიმე ათასი დატვირთული სატვირთო მანქანის მიღებას. 

ეს საკმაოდ მასშტაბური პროცესია, რომელსაც სჭირდება კარგი კოორდინაცია და კონტროლი, რისთვისაც სამინისტროს ყველა შესაბამისი რგოლი, რთველის საკოორდინაციო შტაბი და რეგიონის ხელმძღვანელობა მობილიზებულია. რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე ჩაივლის  და ყველა მევენახეს  ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ექნება“, - განუცხადა "რეზონანსს" ლევან მუხუზლამ.

წლევანდელი სეზონის წარმატებაზე მეტყველებს ისიც, რომ არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შექმნია. ხასგასასმელია, რომ ამ მიმართულებითაც  სახელმწიფომ ძალიან კარგად იმუშავა და მევენახეებს პროდუქტის შეუზღუდავად გაყიდვის შესაძლებლობა მისცა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის სექტორს დაუდგა პანდემიის პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რათა მევენახეებმა ყურძენი უპრობლემოდ ჩააბარონ და მიიღონ ანაზღაურება. 

 ,,ჩვენთვის მთავარია, მევენახე ფერმერებს წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ და იმავდროულად, შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ.  ამისთვის, საჭიროა ყველა რგოლის კონსოლიდაცია, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც პანდემიამ შექმნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. 

სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი, რომ რთველმა წელსაც წარმატებით ჩაიაროს. რაც შეეხება სუბსიდიას.  იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და ღვინის ინდუსტრია დაზარალდა, მთავრობა სუბსიდიის მექანიზმს დაუბრუნდა. კერძოდ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, დაახლოებით 20 ათასამდე მევენახეს ყურძნის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ ათეულობით კომპანიას ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობა მიეცემა“, - განაცხადა ლევან მუხუზლამ.

მიმდინარე წელს, კოვიდ-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად,  რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან,  შესყიდულ 1 კგ ყურძენში  ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

რაც შეეხება რთველის პროცესში ჩართული კომპანიების რაოდენობას, როგორც ლევან მუხუზლა აღნიშნავს, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 300-მდე კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 100-ზე მეტი ღვინის საწარმო. დანარჩენი ღვინის კომპანიები რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. 

თამამად შეიძლება თქმა, რომ წლევანდელი გამოწვევების მიუხედავად, რთველის პროცესით ფერმერები კმაყოფილნი არიან. როგორც მათ ,,რეზონანსს“ განუცხადეს, მოთხოვნა მაღალია, რაც ფასზე და ხარისხზე დადებითად აისახება. მეწარმეები საუბრობენ იმაზეც, რომ სუბსიდიამ ხალხს მეტი შესაძლებლობა მისცა, რომ პრობლემას გამკლავებოდა, რაც წლევანდელ სეზონს აშკარად დაეტყო.

წინანდალელი ფერმერი ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც საფერავისა და რქაწითელის ჯიშების ყურძენს აწარმოებს, წლევანდელი შედეგით კმაყოფილია. მისი თქმით, გაუყიდავი პროდუქტი არ დარჩენილა, რაც გლეხებისათვის დიდი შვებაა დღესდღეობით შექმნილ ვითარებაში.

,,რთული სიტუაცია შეიქმნა პანდემიის გამო, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის.  უკმაყოფილო ვერ ვიქნები; ჩემი მხრიდან ეს დიდი უმადურობა იქნება. 5 თეთრითაც რომ დაგვეხმარონ, მთავრობის საჩუქარია და უნდა დავაფასოთ. მით უმეტეს, სუბსიდია ცოტა ნამდვილად არ არის. ეპიდემიის გამო  მთავრობა მიწის მოხვნის სამუშაოებზეც დაგვეხმარა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ალბათ, გაგვიჭირდებოდა. ხალხსაც მეტი მოტივაცია აქვს, რომ მეტი და მეტი მოსავალი მოიწიოს. 

თავის დროზე, როცა სუბსიდია მოიხსნა, მე პირადად გაგებით მოვეკიდე, რადგან აშკარა იყო დარგს დახმარება აღარ სჭირდებოდა. ახლა კი რეალობა შეიცვალა და ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვანია, რომ პრობლემას გავუმკლავდეთ. დასეტყვილი ყურძენიც კი ჩავაბარეთ, არავის პრობლემა არ შექმნია, ქარხნებმა ყველა ხარისხის მოსავალი მიიღეს", - განაცხადა კახელმა ფერმერმა.

ახმეტელი მევენახის, ვანო ქადაგიშვილის თქმით, ეპიდემიის გამო შეიძლება მოსავლის რეალიზაციის პრობლემა შექმნილიყო, თუმცა მთავრობამ ყველა საჭირო ზომა მიიღო, რომ გლეხებს პრობლემა არ გასჩნოდა და ასეთმა მიდგომამ საბოლოოდ გაამართლა კიდეც. მისი თქმით, რეგიონში წლევანდელი რთველით უკმაყოფილო არავინ ყოფილა.

,,სუბსიდიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ გაუყიდავი პროდუქტი არ დარჩეს. სხვა შემთხვევაში პრობლემის მოგვარებას ალბათ, ვერ შევძლებდი. ვფიქრობ, წელს ძალიან ორგანიზებული რთველია, ბიზნესიც კმაყოფილია და ჩვენც ვერავის დავემდურებით, რაც შეეძლოთ, გააკეთეს.  

ეპიდემია დიდი პრობლემაა, მისი გავლენა ყველა ოჯახს დაეტყო. დახმარებას ველოდი, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ მთავრობა სუბსიდიის მექანიზმს დაუბრუნდებოდა. ცხადია, კმაყოფილი ვარ, მთავრობის მხრიდან ეს დიდი სტიმულია და ვერ დავუკარგავთ. როგორც არ უნდა იყოს, ხალხს სტიქიისგან მირებული დანაკარგის დიდი ნაწილი აუნაზღაურდა, დასეტყვილი ყურძენიც ჩავაბარეთ, რაც პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი შეღავათი და დახმარებაა", - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ საუბრისას ვანო ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×