
ბოლო სამი კვირაა ლარის გაუფასურება შეუქცევადია და ვერაფრით აჩერებენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ლარს 3,40-იანი ნიშნულისკენ გაეხსნა გზა და ეს მაჩვენებელი მალე დაფიქსირდება. ხოლო წლის ბოლომდე შიძლება 4,0-იან ნიშნულსაც მიაღწიოს. ცალკე საკითხია ის პრობლემები, რაც შეიძლება უკონტროლო გაუფასურებას მოჰყვეს. როგორც ბიზნესი, ასევე მთელი ქვეყნის მოსახლეობა სავალუტო პროცესების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
იმ ფონზე, როცა წინასაარჩევნოდ ასეთი მდგომარეობაა, ადვილად წარმოსადგენია, რა მოხდება არჩევნების შემდეგ, როცა პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს და ლარის გაუფასურებასთან ქვეყანას იძულებითი შეგუება მოგვიწევს.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ლარის ასეთი მასშტაბური გაუფასურებით მოსახლეობის მასობრივი გაკოტრება დაიწყება და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.
,,გვქონდა პროგნოზი მაის-ივნისში და შემდგომ პერიოდშიც, რომ სექტემბრიდან დაიწყებოდა ლარის დიდი გაუფასურება. 3,20-3,25-ის ფარგლებში გვქონდა სავარაუდო მაჩვენებელი. ვფიქრობდი უფრო მეტ ვარდნასაც, მაგრამ აქამდე მაინც ვერ ვუშვებდი გონებაში, მეგონა, რომ რატომღაც ეროვნული ბანკი ამას ყველანაირად წინ აღუდგებოდა. ახლა რაც ხდება, ყოვლად გამაოგნებელია. სავალუტო ჯიხურებში 3,33-იანი კურსი უჭირავთ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კურსი 3,28 არის, ამ ფასად ლარს ნამდვილად ვერ შეიძენთ.
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის ეს დიდი დარტყმა იქნება. გაკოტრება დაწყებულია და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. ინვესტიციები, ახალი იდეები და ახალი ბიზნესები ვერ შემოდის, ვერაფერი არეგულირებს კურსს, ძალიან ცუდად არის საქმე“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ,,რეზონანსთან“.
ამ დროისთვის ლარს უკვე გახსნილი აქვს გზა 3,40-იანი ნიშნულისკენ, თუმცა ხვალიდან კორექცია შეიძლება მოხდეს და მომდევნო დღეებში 3,25-მდე დაუშვან კურსი, მაგრამ ამ ნიშნულს დიდხანს ვერ დაიჭერენ.
,,ასე თუ გაგრძელდება, არჩევნების დასრულებისთანავე ლარმა შეიძლება 3,50-იან ნიშნულს თავისუფლად მიაღწიოს, წლის ბოლომდე, 4,0-იანსაც, თუკი პროცესი ვერ გააჩერეს. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის ინტერვენციებით კურსის გამყარება თუ არა, არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება შესაძლებელი იყო, თუმცა სებ-ი რატომღაც ინარჩუნებს მაღალ კურსს, რაც ძალიან მალე ფასების ზრდის საბაბად იქცევა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ შემოაბრუნონ სიტუაცია, ლარის ასეთი გაუფასურება საარჩევნოდ წამგებიანია", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
სპეციალისტებს განსაკუთრებით ის ფაქტი აფიქრებთ, რომ ლარი ინტერვენციების მეშვეობითაც ვერ მყარდება და ეს მეთოდი უკვე საერთოდ ვეღარ ამართლებს.
ფინანსური ბაზრის მკველვარი ვახტანგ ხომიზურაშვილი ვარადობს, რომ კურსი სავარაუდოდ, ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება ან მცირედით კიდევ გაუფასურდება, მაგრამ 3,40-იან ნიშნულამდე არ მიუშვებენ, თუნდაც არჩევნების გამო.
,,ლარის გაუფასურების პიკზე საუბარი რთულია. ოქტომბრიდან ლარზე მოთხოვნა გაჩნდება, არჩევნებიდან გამომდინარე და ამან გაუფასურება შეიძლება შეარბილოს. სებ-ის პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ, ვვარაუდობ, რომ ინტერვენციებს კიდევ მიმართავენ, რაც საბოლოოდ დოლარის მოცულობას ცოტათი გაზრდის. ალბათ, რაღაც დონეზე დაიჭერენ კურსს, სხვა გამოსავალი არ აქვთ. ჩემი აზრით, ამ ბოლო თვეებში 3,30-3,33 -ის ფარგლებში იქნება ლარი. საარჩევნო პერიოდი რომ არ იყოს, მეტად ვიფიქრებდი ლარის გაუფასურებაზე, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ზომებს მიიღებენ და ამაზე მეტად არ გაუშვებენ კურსს“, - განაცხადა ხომიზურაშვილმა.
მას უკვე გარკვეული ეჭვი უჩნდება ინტერვენციებთან დაკავშირებითაც, რადგან საამისოდ სებ-ს ნაკლებად აქვს მიზეზი.
,,ახლა ისეთი მოცემულობაა, როცა ბანკებს დაკრედიტებისთვის ლარი უფრო სჭირდებათ. შეიძლება, რაღაც ლიკვიდობის მომენტი ჰქონდეთ. მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე მაშინ იზრდება ხოლმე, როცა ბანკებს დოლარის დეპოზიტებთან დაკავშირებით უჩნდებათ ლიკვიდობის გარკვეული პრობლემა. საქართველოში ბანკების დეპოზიტების 80% , ძირითადად, დოლარშია, 20% კი ლარშია განთავასებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხდება დეპოზიტებიდან დოლარის გადინება და ბანკები ლიკვიდობის მომენტს ამ შეძენილი დოლარით ამაგრებენ, სადეპოზიტო ვალდებულებების შესასრულებლად", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა ,,რეზონანსთან“.
ექსპერტები ეროვნულ ბანკს არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებენ ბრალს. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგია არანორნალური დევალვაცია. სებ-ი კი წლის ბოლომდე იგი, სავარაუდოდ, 200 მილიონზე მეტი დოლარის გაყიდვას გეგმავს.