სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო მოთხოვნა გაიზარდა
ირაკლი ლომიძე
28.09.2020

მიმდინარე წელს დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიაა, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები საკმაოდ აქტიურად ჩატარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ დიზელის საწვავის ზრდა ძირითადად ამ ფაქტორით არის გამოწვეული. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 50,6 ათასი ტონით, ანუ 15,4%-ით გაიზარდა, ხოლო ბენზინის იმპორტი 11,3 ათასი ტონით, ანუ 3,2%-ით შემცირდა.

ჯამში, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 39,3 ათასი ტონით, ანუ 5,8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, 2020 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორციელდა. იმპორტმა ამ მიმართულებით 32,8% შეადგინა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 20,5%; რუმინეთის შემთხვევაში, იმპორტის მაჩვენებელი 18,8%; თურქმენეთიდან საწვავის იმპორტმა 8,7% ; ბულგარეთიდან - 8,6%; ხოლო საბერძნეთიდან იმპორტმა  4,1% შეადგინა.

უფრო ვრცლად, საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებსა და დიზელის კონკრეტულად, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდის განაპირობებელ ფაქტორებზე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა:

 „დიზელის საწვავის იმპორტის გაზრდა უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამას, დიდი მოცულობის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და საქართველოს გავლით ტრანზიტით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდას. 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე ეს მაჩვენებელი 13,3%-ით გაიზარდა“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება წელს ბენზინის იმპორტის შემცირებას 3,2%-ით, მთვრალაშვილის თქმით, ეს უკავშირდება პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს, მათ შორის სატრანსპორტო მიმოსვლის შემცირებას დისტანციური მუშაობისა და სწავლის გამო, ასევე ტურისტების რიცხვის მნიშვნელოვან შემცირებას.

,,ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა უდაოდ დადებითი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს ნავთობპროდუქტებიდან საბიუჯეტო შემოსავლები არ შემცირდება

(გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა აღურიცხავი საწვავის შემოდინება ქვეყანაში საქართველოზე ტრანზიტად გამავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, თუმცა მიმდინარე წლის 6 აპრილს გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება №92, რომლის ამოქმედების შემდეგაც მკვეთრად შეიზღუდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მიერ ავზებით საწვავის შემოტანა და ზოგადად, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა აღურიცხავი პროდუქციის ბაზარზე განთავსება.

რაც შეეხება მიმდინარე წელს ბენზინის იმპორტის შემცირებას, ის ფაქტიურად დაკავშირებულია COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებთან, მათ შორის კერძო ავტომფლობელებისათვის, დისტანციური სამუშაოსა და სასწავლო პროცესებიდან გამომდინარე სატრანსპორტო მიმოსვლის კლებასთან, ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვან შემცირებასთან“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვანო მთვრალაშვილმა.

საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასს მთლიანობაში განსაზღვრავს ორი მთავარი ფაქტორი - ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი "პლატცის" მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ, რადგან ნავთობპროდუქტების შესყიდვა დოლარში ხდება.

„შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში, თუ საწვავის ფასების კორექტირება მოხდება, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსზე, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად გაუფასურდა და საწვავის ფასზე სერიოზულ ნეგატიურ ზეწოლას ახდენს. შესაბამისად ჩვენი მოლოდინი არ არის ოპტიმისტური. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გარკვეული დოზით ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით მოხდება“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×