
,,სილქნეტმა” პანდემიის მეორე ტალღის წინ 50-მდე დასაქმებული გაათავისუფლა. მიზეზი - თანამშრომელთა მხრიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მატების მოთხოვნა იყო. კომპანიაში დეტალებზე არ საუბრობენ, გათავისუფლებულები კი გაუსაძლის პირობებზე და სამსახურიდან გაშვების შემდეგ ხელმძღვანელთა მხრიდან შეურახყოფაზე ჰყვებიან.
6 სექტემბერს კომპანია „სილქნეტის“ ტექნიკურ "ქოლცენტრში" დასაქმებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 30%-ით გაზრდას მოითხოვდა. დასაქმებულები წერილში მიუთითებდნენ, რომ მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 14 სექტემბერს, 5 საათიდან გაფიცვას გეგმავდნენ. კომპანიისგან თანამშრომლებს ოფიციალური პასუხი არ მიუღია. დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად სამუშაო პროცესი შეწყვიტეს. მოგვიანებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას გამოეთიშა, 30-მდე დასაქმებული კი კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.
როგორც „ბიზნეს-რეზონანსთან“ კომპანიის თანამშრომლები ჰყვებიან, კომპანიაში წლების განმავლობაში დასაქმებულების დატვირთვა, სამუშაოს მოცულობა იზრდება, მაგრამ ანაზღაურება და სამუშაო პირობები არ იცვლება. ისინი ამბობენ, რომ კომპანიაში მუდმივად შიში და მუქარაა, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში ყველას სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
კომპანიის ტექნიკური ქოლცენტრის ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი, ვასო თედიაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ყვება, რომ თანამშრომლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას გაუგზავნეს წერილი, სადაც დარიცხული ხელფასის 30%-ით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ამავე წერილში ისინი კომპანიას აფრთხილებდნენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში 14 სექტემბერს 5 საათიდან შეწყვეტდნენ სამუშაო პროცესს და დაიწყებდნენ გაფიცვას. წერილს ახლდა ტექნიკური განყოფილების 83 თანამშრომლის ხელმოწერა, საიდანაც 50 უკვე განთავისუფლებულია.
„წერილის შემდეგ დაიწყო ჩამორეკვა სათითაოდ ყველა თანამშრომელთან. პირდაპირ გვეუბნებოდნენ - ან რჩები ამ სამუშაო პირობებში და ხმას არ იღებ ამ თემაზე (ხელფასის ზრდა საერთოდ არ განიხილებოდა), ან ახლავე დგები და მიდიხარო. მერე "ფეისბუქზე" გვქონდა, ცვლაში ვინც ვიყავით, 10-კაციანი ჯგუფები. იქ ცვლის უფროსები გვეუბნებოდნენ, ვინც ვიღებდით მონაწილეობას და ვეთანხმებოდით გაფიცვას, პლუსი დაგვეწერა. რაოდენობის გარკვევა უნდოდათ. მივაწოდეთ ეს ინფორმაციაც. ორშაბათს, 14 სექტემბერს, 5 საათზე კი შევწყვიტეთ სამუშაო პროცესი, რადგან არავინ შეგვხმიანებია. თანამშრომლებს ცალ-ცალკე სწერდნენ, რომ თქვენ არაფრის ღირსები არ ყოფილხართ, თურმე თავზე მათრახით უნდა დაგდგომოდით, როცა მუშაობდითო. გვწერდნენ, რომ სხვა დონის ხალხი ვეგონეთ და უტვინო ბავშვები გამოვდექით. ამ მიმოწერის სქრინებიც გვაქვს შენახული“, – აღნიშნა ვასო თედიაშვილმა.
,,სილქნეტის“ უკვე განთავისუფლებული თანამშრომელი ,,ბიზნეს-რეზონასთან“ ამბობს, რომ იმ პერიოდში გაფიცვის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, თუმცა კომპანია ამას უარყოფდა და თანამშრომლებზე მუქარას აძლიერებდა. ამ პერიოდში რამდენიმე თანამშრომელი გამოეთიშა გაფიცვას და იძულებით დაუბრუნდა სამუშაო პროცესს. დანარჩენები კი პროტესტს აგრძელებდნენ.
კომპანია „სილქნეტში“ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა მზეკო საძაგლიშვილიც, რომელიც ახლა გათავისუფლებულთა შორისაა. ის სამუშაო პირობების შესახებ უფრო მეტ დეტალს იხსენებს და ცახს უსვამს, რომ თანამშრომელთა მოთხოვნაზე პასუხი ყოველთვის უცვლელი იყო – კომპანიას რესურსი არ აქვს.
„თავიდან ვიყავით ნუცუბიძეზე ერთ-ერთ ოფისში, შემდეგ სხვა განყოფილების ხალხი გადმოიყვანეს და ჩვენ სამზარეულოშიც აღარ გვქონდა შესვლის უფლება. სადაც ვმუშაობდით და ზარებს ვიღებდით, იქვე ვჭამდით საჭმელს. ვერ ვეტეოდით. სასწრაფოდ გაარემონტეს ვითომ ქერჩის ქუჩაზე შენობა და იქ გადაგვიყვანეს. რამდენიმე თვეში ჭერი ჩამოგვენგრა. ძლივს გამოასწრეს თანამშრომლებმა. ფოტოს თუ ნახავთ, მიხვდებით, ისეა ჩამონგრეული ჭერი, ადამიანი სერიოზულად დაშავდებოდა.
პანდემიის პერიოდში კომპანია ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ სამუშაო ადგილზე დისტანცია ყოფილიყო დაცული. სადენზინფექციო ხსნარიც რომ მოგვიტანეს ორ დღეში დაიცალა და ერთი კვირა ჯერ დაცლილი იდო, მერე აღარც ეს ხსნარი გვქონია. დაცული საერთოდ არ იყო ამ მხრივ გარემო. რაც შეეხება დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას, გვითხრეს, ვისაც კომპიუტერი გაქვთ, სახლიდან იმუშავეთ, ვისაც არ გაქვთ, ოფისში იარეთო. რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს ოჯახი, ბავშვები და არავის უნდოდა მათთვის საფრთხის შექმნა. ამიტომ დავიწყეთ ზრუნვა, რომ კომპიუტერი გვქონოდა. მეც ვთხოვე პირადად ჩემს უფროსს კომპიუტერი. პასუხი იყო უარი, რომ კომპანია ვერ გაგვატანდა კომპიუტერებს. მერე ჩემი მეგობრისგან ვიყიდე კონკრეტული ნაწილი, რომ ჩემი კომპიუტერი გამემართა და სახლიდან მემუშავა. ბევრმა თანამშრომელმა სესხი გააკეთა და კომპიუტერი გამოიტანა“, – ჰყვება მზეკო საძაგლიშვილი.
გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს იმასაც, რომ გაფიცვის დაწყების პირველ ეტაპზე მზად იყვნენ, ესაუბრათ კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მათი მხრდინაც ჩანდა ამის სურვილი, თუმცა შემდეგ შემოუთვალეს, რომ გაბრაზებულები არიან და პირდაპირ გათავიუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
"სოლიდარობის ქსელი" „სილქნეტის“ თანამშრომლებს შორის მიმოწერა გაავრცელა, სადაც კომპანიის მმართველი რგოლის წარმომადგენელი „შეცდომას“ აღიარებს და წერს, რომ თანამშრომლებთან მათრახი უნდა გამოყენებინა. პროფკავშირის წარმომადგენელს ,,ბიზნეს-რეზონანსი“ ესაუბრა:
"ჩვენ მოვუწოდებთ დამსაქმებელს, აწარმოოს დასაქმებულებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები მათ მიერ გაჟღერებული პრობლემების მოგვარების მიზნით. სწორედ ამას ცდილობს ახლა ჩვენი იურისტიც, რომელიც სამსახურიდან გამოშვებულ ადამიანებს იცავს. ასევე, ვცდილობთ ეს მოხდეს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვით. ჯერჯერობით ამ მიმართულებით არ არსბეობს არც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც მეტწილად კომპანიის ხისტი პოზიციითა განპირობებული. ეს ნათლად ჩანდა თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ გაგზავნილ შეტყობინებებშიც“, - განაცხადა "სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენელმა რეზი თელია-კარანაძემ.
,,ბიზნეს-რეზონანსი“ აქტიურად მიადევნებს თვალს ,,სილქნეტის“ დასაქმებულების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და მოგაწვდით დეტალებს.
"სილნეტში" შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოგვიანებით მცირე განცხადება გააკეთეს:
„თანამშრომლებს მიეცათ შენიშვნა, გაფრთხილება, ვადა და ა. შ. მაგრამ ისინი არ გამოცხადდნენ სამსახურში და გათავისუფლების მიზეზიც ეს არის. გაფიცვასთან დაკავშირებით დეტალები ჩვენთვის უცნობია. ამბავი რომ მოვიკითხეთ, მიზეზად სამსახურში გამოუცხადებლობა დაასახელეს. უმეტესი ნაწილი სამსახურში დაბრუნდა და ვინც არ გამოვიდა, მათ მიეცათ შენიშვნა, რაც გათვალისწინებულია კოდექსით და ამის შემდეგ გათავისუფლდნენ“, – განაცხადეს "სილქნეტში".