არავითარი ლიმიტი არ არსებობს. 5 კილოგრამიდან მოყოლებული ნებისმიერი ოდენობის ვაშლის მოტანა შეუძლიათ ფერმერებს საწარმოებში
ნინა გარდაფხაძე
29.09.2020

საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარია გამოყოფილი. მან წარმატებული სტარტი აიღო და უკვე გადამუშავებულია 7 400 ტონაზე მეტი  არასტანდარტული ვაშლი. რაც ყველაზე მთავარია, მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილნი არიან როგორც ფერმერები, ასევე გადამამუშავებელი საწარმოები.

იმისათვის, რომ ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია და არ შეიქმნას მოსავლის რეალიზაციის პრობლემა, შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტი.  ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. საწარმოებში ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.

ცვლილებები შევიდა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენის მიზნობრიობით. ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ  იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან 2020 წლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით  შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.

ქვეკომპონენტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 1 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა განისაზღვრება 12 თვით და სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის შტაბის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში უკვე 11 საწარმოა ჩართული და გადამუშავებულია 7 400 ტონაზე მეტი ვაშლი. 

„სახელმწიფომ  უზრუნველყო 10-თეთრიანი სუბსიდია საწარმოებისათვის, რომლებიც 22 თეთრად შეისყიდიან არასტანდარტულ ვაშლს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მისაღები ფასი ფერმერებისთვის. მოსახლეობასთან შეხვედრებისას ძალიან დიდია მათი კმაყოფილება. მარტივად რომ ვთქვათ, ფერმერს მიაქვს არასტანდარტული ვაშლი საწარმოში, რომლებიც აწარმოებენ ხილის წვენს ან სხვა ტიპის პროდუქტს. იმ შემთხვევაში თუ ამ ვაშლში 22 თეთრს გადაიხდის საწარმო, სახლემწიფო ურიცხავს  10 თეთრს სუბსიდიის სახით. შედეგად, მოგებაშია როგორც ფერმერი, ასევე კერძო ბიზნესიც. ამ ეტაპისათვის, პროგრამაში ჩართულია 11 საწარმო შიდა ქართლსა და კახეთში და მათი რაოდენობა მზარიდია. 

მერწმუნეთ, მოსახლეობა  კმაყოფილია. არასტანდარტული ვაშლი ეს არის პროდუქტი  რომლის რეალიზაცია ვერ ხერხდება.  ამ ეტაპისათვის, აღნიშნული პროგრამით გადამუშავებულია 7,400 ტონაზე მეტი და შემოსავალი აღწევს 1 200 000 ლარს და მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი გრძელდება. მოსავლიანობას სრულად არასტანდარტულ ვაშლის მიმართლებით ველოდებით 35-40 ათას ტონის ფარგლებში. 

არავითარი ლიმიტი არ არსებობს. 5 კილოგრამიდან მოყოლებული ნებისმიერი ოდენობის  ვაშლის მოტანა შეუძლიათ ფერმერებს საწარმოებში“ - განუცხადა ლაშა შალამბერიძემ ,,რეზონანსს“. 

მისივე თქმით, მაღალია მოთხოვნა სასურსათო სტანდარტულ ვაშლზეც და ასევე გაზრდილია ექსპორტიც 2020 წლის განმავლობაში.

 გორის საკონსერვო ქარხნის „კულას“ დირექტორი ივანე გოგლიძე მთავრობის მიერ ვაშლის სუბსიდირების მიღებულ  გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მსოფლიოში ვაშლის უხვმოსავლიანობის გამო პროდუქტზე შემცირებული ფასის გათვალისწინებით, ვაშლის ჩაბარების პროცესის ხელშეწყობის გადაწყვეტილება დროული იყო. 2019 წელს საკმაოდ მცირე მოსავალი იყო, საიდანაც კომპანიამ 3 000 ტონა სტანდარტული ვაშლი გადაამუშავა, წელს კი ეს მაჩვენებელი 7-ჯერ მეტი იქნება.

„მოსავლიანობის მხრივ უხვი წელია, შარშანდელთან შედარებით 7-ჯერ მეტ ვაშლის მოსავალს ველოდებით. 2019 წელს თუ ჯამში 5 000 – 6 000 ტონა ვაშლი იყო, წელს ველოდებით რომ გადამუშავდება 30 000 ტონა პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ წელს ვაშლის ფასი ევროპაში, ბელარუსსა და უკრაინაში დავარდნილია, რადგან იქაც დიდი მოსავალია. აქედან გამომდინარე, მთავრობის მხრიდან გლეხების მხარდაჭერა დროული იყო. აქ საუბარია არასტანდარტულ ვაშლზე, თუმცა მისი გაყიდვა გლეხს იმ დანახარჯებს უფარავს, რაც ვაშლის მოვლაზე გასწია“, - აღნიშნა ივანე გოგლიძე.

მისი აზრით, უხმოსავლიანობის ფონზე 22 თეთრი არასტანდარტულ ვაშლზე მაღალი ფასია. 

„შარშან საერთოდ არ იყო ვაშლის მოსავალი და არასტანდარტული ვაშლის ფასი მერყეობდა 25-26 თეთრს შორის, ხოლო 2018 წელს როდესაც დიდი მოსავალი იყო, ამ ტიპის ვაშლის ჩაბარების ღირებულება 8-12 თეთრს არ აღემატებოდა.

გასულ წელთან შედარებით ეს არ არის მაღალი ფასი, მაგრამ 2018 წელთან შედარებით კი, და უხვმოსავლიანობის გათვალისწინებითაც, საკმაოდ კარგი ფასია. სახელმწიფომ თვითონ განსაზღვრა რა შემთხვევაში მოახდენს სუბსდირებას“, - აღნიშნა ივანე გოგლიძემ და დასძინა, რომ თუ წარმოებას ობიექტური ფაქტორები (როგორიც არის ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა) ხელს არ შეუშლის, კომპანია ნებისმიერი მოცულობის ვაშლის გადამუშავებისთვის მზად არის.

„კულა“ ვაშლიდან ამზადებს როგორც წვენებს, ასევე ჯემებსა და ხილფაფებს, თუმცა წელს შესაძლოა, კომპოტებიც აწარმოოს. ვაშლის ნაწარმის მთავარი საექსპორტო ბაზრები კი გერმანია, პოლონეთი, უკრაინა და რუსეთია.

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას დადებითად აფასებენ ფერმერები. ისინი, ვინც მთავრობის ინიციატივის მთავარი ადრესატია. ტარიელ მუნჯიშვილი, რომელსაც როგორც არსტანდარტული, ასევე მაღალი ხარისხის ქართული ჯიშების ვაშლის ბაღები აქვს, ამბობს, რომ წინა წლებში საბაზრო ფასი თვითღირებულებაზე ნაკლები იყო, ამიტომ ეს ინიციატივა საჭირო და აუცილებელიც კი იყო. 

,,საწყისი ფასი 22 თეთრი ძალიან მისაღებია. სუბსიდირება სასურველია რომ გაგრძელდეს მომავალშიც, რადგან გასულ წლებს რომ გადავხედოთ, ჩვენ არ გვქონდა საშუალება არასტანდარტულ ვაშლზე თვითღირებულების თანხაც კი ამოგვეღო იმდენად დაბალი იყო სარეალიზაციო ფასი, ის 7-12 თეთრს არასდროს სცილდებოდა,  სტანდარტულად კი 8 თეთრს შეადგენდა ღირებულება. ეს მუშის და ტრანსპორტირების ფულსაც კი ვერ ფარავდა. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან კარგი წამოწყებაა. 

ახლა მთავრია ხარისხიანი ვაშლის რეალიზაცია. მოსავალი ძალიან კარგია და ყველა ფერმერისთვის მნიშვნელოვანია რა იქნება მისი საბაზრო ღირებულება“, - განუცხადა ფერმერმა ტარიელ მუნჯიშვილმა ,,რეზონანსს“. 

პროგრამა მოსწონს და მასში ჩართულია შიდა ქართლში, სოფელ სკრაში მდებარე ხილის ბაღების მეპატრონე მირიან ოქროშიაშივილიც. ფერმერი სუბსიდიის სხვა სიკეთეებზეც საუბრობს, გარდა მათთვის მისაღები ფასისა.  სახელმწიფო ახლა მაქსიმუმს აკეთებს:

,,სუბსიდირება, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია ამ ტიპის ვაშლზე. 8-10 თეთრთან შედარებით 22 თეთრი რომ მნიშვნელოვანი შეღავათია, ამას ყველა გეტყვით და განხილვა არ სჭირდება. პროგრამა, მეორე საქმესაც უწყობს ხელს, რომ ბაზარზე აღარ მოხვდება უხარისხო ვაშლი, რადგან ფერმერებს გვეძლევა საშუალება ადეკვატურ ფასად საწარმეობს ჩავაბაროთ პროდუქტი. ასე რომ, ეს საქმე ძალიან სასიკეთოა. კარგი იქნება სამომავლოდ გავრცელდეს სხვა პროდუქციაზეც, მაგრამ ფერმერებს გვესმის, რომ ახლა სახელმწიფოს, რაც შეუძლია, მაქსიმუმს აკეთებს და ამას ვაფასებთ“, - აღნიშნა ფერმერმა.

ცნობისათსვის, არასტანდარტული ვაშლის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 3 სექტემბერს პრემიერმა გამოაცხადა და  იგი 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×