„დღეს ლარის მკვეთრ გამყარებას, რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ“
გვანცა წულაია
29.09.2020

ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელად გამყარება დაიწყო. დიდი გაუფასურების შემდეგ, უკვე მეორე დღეა, რაც ქართული ფული სწრაფად მყარდება. დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე, სადაც დღე ლარმა 3.2550-იანი ნიშნულით დაასრულა. 

ქართული ვალუტა, რომელიც მორიგი ანტირეკორდისკენ მიიწევდა, უკვე ორი დღეა, მყარდება. ოფიცილური გაცვლითი კურსის მიხედვით, დოლარი 3.2878 ლარი ღირს, ევრო კი – 3.8415 ლარი. ახლა გასარკვევია მიზეზი, რის გამოც ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელად გამყარება დაიწყო. 

დღევანდელ დაძაბულ პერიოდში ლარის გამყარება ნამდვილად პოზიტიურია, თანაც, თუ ეს ხდება დიდი დევალვაციის შემდეგ. ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლარმა ორდღიანი პოზიტიური შედეგი შეინარჩუნოს და გამყარება განაგრძოს. თანაც, „ბლუმბერგზე" სისტემაში „ბიმეიჩ" პლატფორმა ამოქმედდება, რამაც შესაძლოა, მომავალში ლარს გამყარებაში ხელი კიდევ უფრო შეუწყოს. ახალი პლატფორმა უფრო მასშტაბური და კონკურენტული იქნება. სავაჭრო ბირჟაზე ვაჭრობა ბევრ კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და კომპანიას შეეძლებათ. 

აღსანიშნავია, რომ „ბიმეიჩ" პლატფორმაში, რომელიც სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მარტიდან მოქმედებს, უკვე ვაჭრობენ ქართული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კომპანიები. მათგან „ბაზისბანკი" პირველია, რომელმაც ახალი სერვისის მიიღებაზე თანხმობა განაცხადა.

ფინანსისტები ბოლოდროინდელ გამყარებას, ჯერჯერობით, ახალი პლატფორმის ამოქმედებას არ უკავშირებენ. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში 3.20-3.25-იანი ნიშნული უნდა შენარჩუნდეს.

„ახალი პლატფორმის ჩაშვება ლარის გამყარებასთან დაკავშირებული არ არის. ჩვენ ვთქვით, რომ ლარი შევიდა გაუფასურების ისეთ სტადიაში, რომ უკვე კორექციის დროა. ზოგადად, სავალუტო ბაზარს ახასიათებს ასეთი რამ, როდესაც ფული უფასურდება, შემდეგ ხდება გარკვეული კორექციები. ახლაც ასეა, ლარის კურსი შესულია კორექციის ფაზაში და ვვარაუდობ, რომ, ჯერჯერობით, 3.20-3.25 უნდა დაბალანსდეს. 

რაც შეეხება ახალ პლატფორმას, როდესაც სისტემაზე წვდომა ექნება უცხოურ რეზიდენტებს, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული სახის სპეკულაციები დაიწყოს და ეს უფრო ღია და შესამჩნევი გახდეს. 

დღემდე თუ დახურული იყო ბაზარი, ახლა უკვე „ბიმეიჩ" სისტემაში შეუძლია ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოური, გაიაროს რეგისტრაცია და ივაჭროს. აქ სპეკულაციები ოფიციალურად დაშვებული იქნება, კანონით აკრძალული არ არის, ლარის მერყეობა კი შეიძლება, უფრო შესამჩნევი გახდეს”, - უთხრა „რეზონანსს” ნიკა შენგელიამ. 

რადგანაც ლარის ახლანდელი გამაყრება ახალ პლატფორმათან არ არის დაკავშირებული, გასარკვევია, რა მოქმედებს ლარის გამყარებაზე. თანაც, ქართული ვალუტა დევალვაციიდან ეროვნული ბანკის გაყიდულმა რეზერვებმაც კი ვერ იხსნა. პირიქით, ლარი ყოველდღიურად უფასურდებოდა, ახლა კი ეროვნული ვალუტა მოულოდნელად მყარდება. 

ეკონომიკის დოქტორი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ლარის მკვეთრი გამყარება ამ პერიოდში მოსალოდნელი არ არის.

„როდესაც ფსიქოლიგიური ფაქტორები მოქმედებს, ლარი უფასურდება, შემდეგ კი ხდება კორექცია, მაგრამ, ჯამში, ფუნდამენტური ფაქტორები დღეს, პრაქტიკულად, ლარის კურსის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. ეს არის მიმდინარე ბალანსის დეფიციტი, რომელიც გაიზარდა, დაახლოებით, 10%-მდე, ეკონომიკური ზრდის ვარდნა და სხვა ფაქტორები, ამიტომაც ლარის ძლიერ გამყარებას არ უნდა ველოდოთ. 

„ბიმეიჩ" პლატფორმა მომავალშიც ვერ დაეხმარება ლარს გამაყარებაში. ახალი სისტემა არაფერ შუაში არ არის. იგი ვერაფერს ვერ შეცვლის, ის, უბრალოდ, მდგომარეობას გვაჩვენებს. იქ, კომერციული ბანკების გარდა, სხვებსაც ექნებათ საშუალება, რომ ივაჭრონ. გარკვეულწილად, კონკურენტულობა მართლაც გაიზრდება, მაგრამ თვითონ ლარის კურსი პლატფორმაზე არ არის დამოკიდებული. კურსზე მოქმედებს ფუნდამენტური და მოკლევადიანი ფაქტორები. ეს არის განწყობა, ნდობა მთვარობისა და ეროვნული ბანკის მიმართ”, - განუცხადა გოჩა თუთბერიძემ „რეზონანსს”.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით კი, ლარის კურსის სტაბილიზაციის ობიექტური მიზეზი, უბრალოდ, არ არსებობს. ხელისუფლების ამოცანა დღეს არა ლარის სტაბილიზაცია ან ეკონომიკის გაჯანსაღება, არამედ არჩევნების წინა პერიოდის გადაგორებაა.

„ჩაასხეს ფული... ობიექტური მიზეზი ლარის კურსის სტაბილიზაციისა, უბრალოდ, არ არსებობს. ერთადერთი ობიექტური ფაქტორია იმპორტ-ექსპორტის ნულოვანი სალდო, სხვა ყველაფერი კი - ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები, ქეშის შემოდინება ემიგრანტებისგან, არის სუბიექტური მიზეზები, რომლებიც შეიძლება, იყოს, შეიძლება, არ იყოს. მათ შორის იმან, რომ ტურიზმიდან სავალუტო შემოსავალი არ გვქონდა, გამოიწვია დეფიციტი სავალუტო ბაზარზე. 

გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელი ქვეყანა ვართ, სუბიექტურ ფაქტორებს - ტურიზმს და ა.შ. როგორც კი ექმნება პრობლემა, მაშინვე იწყება დეფიციტი, მოთხოვნა ბევრად აჭარბებს მიწოდებას და შესაბამისი პროცესი მიდის. ხელისუფლების ამოცანა დღეს არ არის არც ლარის სტაბილიზაცია და არც ეკონომიკის გაჯანსაღება. მათი ერთადერთი ამოცანაა - როგორმე არჩევნებამდე მიაგორონ და მერე ან ვირი მოკვდება, ან _ ვირის პატრონი“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში" ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×