ტატა შოშიაშვილი
04.10.2020

„როგორც ჩანს, მოსკოვმა გადაწყიტა, რომ დაელოდოს აზერბაიჯანული არმიის წინსვლას, რათა აიძულოს სომხეთის ხელისუფლება, რომ რუსეთს უპირობო დახმარება სთხოვოს. სიმართლე გითხრათ, რუსეთს სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება გულზე არ ეხატება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შესაძლო შეყვანაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

3 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ალ ჯაზირასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხის განხილვას. მისი თქმით, ეს ეუთოს მინსკს ჯგუფის ფარგლებშია შესაძლებელი.

ამის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღის ტერიტორიაზე მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში შევლენ.

„რეზონანსი" შეეცადა იმის გარკვევას თუ რამდენად რეალურია რუსული „სამშვიდობო ძალების" შესვლა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და კონფლიქტის რომელ მხარეს აძლევს ხელს მსგავსი გადაწყვეტილება.

კორნელი კაკაჩიას განმარტებით, ყარაბაღში განვითარებული მოვლენებისა და ფაშინიანის განცხადების მიუხედავად, რუსი „სამშვიდობოების" ჩართვა საომარ ვითარებაში არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს არ აძლევს ხელს:

„ჩემი აზრით, ზოგადად და სტრატეგიულად არცერთ მათგანს არ აწყობს რუსეთის „სამშვიდობოების" შესვლა. იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ფრონტის ხაზზე ვითარდება, ამ ვითარებაში გამარჯვებული გამოდის რუსეთი.

„როგორც ჩანს, მოსკოვმა გადაწყიტა დაელოდოს აზერბაიჯანული არმიის წინსვლას, რათა აიძულოს სომხეთის ხელისუფლება, რომ რუსეთს უპირობო დახმარება სთხოვოს. სიმართლე გითხრათ, რუსეთს სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება გულზე არ ეხატება.

„ამით რუსეთს, ფაქტობრივად, უნდა, რომ სომხეთს ყველანაირი პროევროპული მისწრაფება გაუქროს და საბოლოოდ გახადოს თავისი მოკავშირე. მოსკოვი მოვლენების სწორედ ასეთი სიუჟეტით განვითარებას ელოდება", - აღნიშნა ექსპერტმა.

კაკაჩია მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში ოფიციალურად იმ შემთვევაში ჩაერევა, თუ გენოციდის საფრთხე რეალურად დადგება. ამჟამად კი მაყურებლის ამპლუაში ელოდება მოვლენების განვითარებას:

„თუ აზერბაიჯანმა ღრმად „შეტოპა" და სხვა ქვეყნის ტერიტორიას შეუტია, მაშინ შეიძლება, რომ რუსეთი ჩაერიოს ამ კონფლიქტში.

„მაგრამ, იმ შემთვევაში, თუ აზერბაიჯანმა გაათავისუფლა ყარაბაღის მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიები, მაშინ შესაძლოა რუსეთმა თავად მოითხოვოს კონფლიქტში ჩართვა და რუსეთის „სამშვიდობოების" შესვლა ყარაბაღში, რათა არ დაუშვას იქ ეთნიკური წმენდა.

„მთლიანობაში ამ სიტუაციით იგებს რუსეთი, რადგან მოვნელების ასეთი განვითარების შემთხვევაში ორივე ქვეყანაში მოახერხებს საკუთარი ჯარების განლაგებას", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×