
არის თუ არა განსხვავება 2016 და 2018 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის? ამ საკითხზე „რეზონანსთან" პოლიტოლიგები გია აბაშიძე და გია ხუხაშვილი სუაბრობენ. ისინი რადიკალურ განსხვავებებს ვერ ხედავენ, თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები აქვთ: გია აბაშიძის თქმით, ძალადობრივი ფაქტები ძირითადად ოპოზიციის მიერ არის გამოწვეული და მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით უფრო მაღალ დონეზე დგას, ხოლო გიგა ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებებს როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციური პატრიებიც იწვევენ.
„საარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს. განხეთქილებას „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იწვევენ. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტკამპანია განსხვავდება მმართველი ხელისუფლების კამპანიისგან, თუმცა მათი პროვოკაციების მიუხედავად, ევროპელი ელჩები ობიექტურ სინამდვილეს ხედავენ.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ცალკეული ძალადობის ფაქტების ფონზე და პირველ ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ მოსალოდნელია საპროტესტო აქციები იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამას უგულველყოფს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ჩატარებული კვლევები და შესაბამისი დასკვნები.
„2016-2018 წლების წინასაარჩევნო კამპანიებსა და წლევანდელ კამპანიებს შორის ვხედავთ გარკვეული სახის განსხვავებებს, თუმცა არა რადიკალურს, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება „ქართული ოცნების" პოლიტიკური კულტურის დონე ოპოზიციური პატრიების პოლიტიკური კულტურის დონისგან," - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
გია ხუხაშვილის კი აცხადებს, რომ 2020 წლის წინასაარჩევნო და 2016-2018 წლის კამპანიებს შორის რადიკალურ განსხვავებებს ვერ ხედავს.
„არაფერი ამ ქვეყანაში არ იცვლება და პირადად მე სისტემურ განსხვავებას ვერ ვხედავ. რა ცემა-ტყეპაც ხდებოდა მაშინ, ზუსტად იგივე ხდება ახლაც. სისტემა ზუსტად ისეთივე მანკიერია და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც მიდის პროვოკაციებზე, ხოლო ნაწილი თამაშგარე რჩება. საბოლოო ჯამში კი არაფერი იცვლება,"- ამბობს გია ხუხაშვილი.