თამთა ჩაჩანიძე
04.10.2020

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოგრაფიული არეალი უფრო და უფრო ფართოვდება, შაბათს და კვირას შეტაკებებმა განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. დაიბომბა საქართველოს სიახლოვეს მდებარე აზერბაიჯანის სიდიდით მესამე ქალაქი განჯა. ასევე ინტენსიურად დაიბომბა ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი. ქართველი ექსპერტების აზრით, განჯის დაბომბვა იმას ნიშნავს, რომ ომი უფრო ფართომასშტაბიანი გახდა და საბრძოლო მოქმედებები მნიშვნელოვნად გაცდა ყარაბაღის ტერიტორიას.

აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ განჯის დაბომბვა არა ყარაბაღის, არამედ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიიდან მოხდა. ამას სომხური მხარე გადაჭრით უარყოფს. მათი ცნობით, განჯაზე იერიშის ბრძანება უშუალოდ თვითგამოცხადებული ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა გასცა და ეს დარტყმა მხოლოდ ყარაბაღის თავდაცვის ძალებით გამხორციელდა.

ამ დეტალს შესაძლოა პრინციპული მნიშნელობა ჰქონდეს, რადგანაც თუ აზერბაიჯანის შიდა ტერიტორია სომხეთის (და არა თვითგამოცხადებული ყარაბაღის) ტერიტორიიდან იბომბება, ფორმალურად ეს ნიშნავს, რომ ომში სომხეთი ჩაერთო, რასაც სამხდერო და პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა ვითარების კიდევ უფრო გამწვავება მოყვეს. ჯერჯერობით კი ეს კონფლიქტი განიხილება, როგორც შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანსა და თვითგამოცხადებულ ყარაბაღს შორის.

კონფლიქტის გაფართოების პირველი პრეცედენტი

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ განჯის დაბომბვა განსაკუთრებით შემაშფოთებელი ფაქტია, რადგან კონფლიქტის გეოგრაფიული არეალიდან შორსაა.

„განჯა ნამდვილად დაბომბილია და ეს საკითხი განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამას აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს, ამის კადრებიც და სურათებიც გავრცელდა. იმიტომაა შემაშფოთებელი, რომ კონფლიქტის ზონიდან საკმაოდ შორს მდებარეობს. ეს ამ კონფლიქტის გეოგრაფიის შესაძლო გაფართოების პრეცენდენტია, რაც ძალიან საშიშია.

„განჯა ჩვენს საზღვართან ძალიან ახლოსაა. ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის მიღწევა ყველას ინტერესში უნდა იყოს. აქ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია. ნათელია, რომ განჯაზე დარტყმა რუსეთის ჩარევის გარეშე არ განხორციელდებოდა, ასეთი რამ გამორიცხულია და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს მხოლოდ ყარაბაღის ძალებმა გააკეთეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო ფორმატების ამოქმედება დროზე მოხდეს, იმიტომ, რომ ეს ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს და თუ ასე გაგრძელდა, არსებობს იმის საშიშროება, რომ კონფლიქტის გეოგრაფია გაფართოვდეს და ასეთ შემთხვევაში კი საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდოს. აქ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩაერთოს, ამისთვის საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენც უნდა მოვუწოდოთ", - განაცხადა ფხალაძემ.

ვითარება თანდათან უკონტროლო ხდება

კვირას ასევე ინტენსიურად დაიბომბა თვითაღიარებული ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი. სომხური მხარე მნიშვნელოვანი ნგრევისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ იუწყება თვითაღიარებული ყარაბაღის დე ფაქტო ომბუდსმენი არტაკ ბეგლარიანი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა სარაკეტო იერიში, რაც სამხედრო დანაშაულია.

ამის პაერალელურად აზერბაიჯანულმა მხარემაც ოფიციალურად განაცხადა, რომ სბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანულმ არმიამ კიდევ რამდენიმე სოფელი დაიკავა - ტერტერის რაიონის სოფელი თალიში, ჯაბრაილის რაიონის სოფლები მეჰდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, შეიბეი და ქუიკარი, აგრეთვე ფიზულის რაიონის სოფელი აშაგი აბდურაჰმანლი.

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, იმის გამო, რომ უკვე შიდა ტერიტორიების დაბომბვა ხდება, მხარეები ფართომასშტაბიან ომზე გადადიან და თუ შეტაკებები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, ვითარება უკონტროლო გახდება.

„მგონია, რომ ფართომასშტაბიან ომზე გადადიან, უკვე შიდა ტერიტორიებს ბომბავენ. თუ განჯა მართლაც დაბომბეს, ეს სერიოზული ამბავია. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები თუ ერთი კვირა კიდევ გაგრძელდა და მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდაზე ვერ დასხდნენ, შესაძლოა სიტუაცია ყოველგვარი კონტროლიდან გამოვიდეს და ძალიან ცუდი სცენარი განვითარდეს. ამის მერე როგორ განვითარდება მოვლენები - ამას ვერავინ იტყვის.

„არცერთი მხარე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას არ აპირებს. ეს პრინცპში გასაგებიცაა, აზერბაიჯანი სანამ ოკუპიურებულ ტერიტორიას არ დაიბრუნებს, ხუთიდან ოთხს მაინც, ის საბრძოლო მოქმედებებს არ შეაჩერებს. თუ ალიევმა საბრძოლო მოქმედებები ახლა შეაჩერა, შესაძლოა მის ხელისუფლებასაც სერიოზული პრობლემა შეექმნას.

„ასევე სომხურ მხარესაც საკმაოდ დილემური თემა აქვს. თუ პაშინიანმა სიტუაციის აღდგენა ვერ შეძლო, შესაძლოა ისიც გადააყენონ. ისედაც პაშინიანის წინააღმდეგ სერიოზული გადატრიალება მზადდება იმიტომ, რომ კოჩარიანი და მისი მოწინააღმდეგე სამხედროები ჩამოვიდნენ. მართალია, სომხეთს ამისთვის არ სცხელა, მაგრამ, თუ სიტუაცია გართულდა, პაშინიანის გადაყენებაც კი არაა გამორიცხული.

„თუ საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ზეწოლა არ მოხდა, სიტუაცია საკმაოდ გართულდება. აშშ-ს პრინციპში ახლა ამისთვის არ სცხელა, არჩევნებია და ტრამპს კორონავირუსი აქვს, მას წინასაარჩევნმო კამპანია აქვს. პოლონეთში ვიმყოფები და აქ უკვე ევროკავშირში არსებული შიდა პრობლემები შეიგრძნობა.

„სიტუაცია საკმაოს სერიოზულია. ფაქტიურად, რუსეთი და თურქეთიღა რჩება. რუსეთი არ ჩქარობს და ცილობს სიტუაცია დაძაბოს, რათა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს, თურქეთი კი აზერბაიჯანს კონფლიქტში წისქვილზე წყალს უსხამს. იარაღი ორივე მხარეს იმდენად კარგად აქვთ მომარაგებული, რომ რამდენიმე თვიანი ბრძოლებისა და საომარი მოქმედებების წარმოებისათვის ეყოფათ", - განაცხადა მაისაიამ.

შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტაზე „რაღაც გადაწყვეტილება" მიღებულია და მხარეებმა სიჩქარით რაღაცეების დაკავება დაიწყეს

განსხვავებულ სცენარზე საუბრობს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. იგი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მხარეებს საკმაოდ ძვირადღირებული სამხედრო რესურსები ამოეწურათ და კონფლიქტი აუცილებლად ჩაცხრება.

„კონფლიქტი აუცილებლად ჩაცხრება. მხარეებს რესურსები შეზღუდული აქვთ. მათ საკმაოდ ძვირადღირებული იარაღი აქვთ და ამას ერთმანეთს უნადგურებენ, უთავდებათ. აღარ ვლაპარაკობ ხალხის დაღუპვას, საშინელებაა, როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან.

„ამ კონფლიქტის გაკონტროლება მაინც თურქეთს და რუსეთს შეუძლიათ. თურქეთი მკაფიოდ და ცალსახად აზერბაიჯანის მხარესაა და ვალდებულებების მხრივ თავისუფალია, ხოლო რუსეთი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, მას არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის დაკარგვა არ უნდა, ორივე და განსაკუთრებით სომხური მხარე რუსეთისგან მეტ მხარდაჭერას ელოდება და როცა რუსეთი ამას პირდაპირ ვერ ამბობს, სომხურ საზოგადოებაში იმედგაცრუება ხდება.

„ამიტომ რუსეთს ურჩევნია, რომ ეს კონფლიქტი სწრაფად დამთავრდეს, რათა ეს უკმაყოფილება არ გაიზარდოს. იგივეა აზერბაიჯანულ მხარესაც, უკმაყოფილება მაინცაა, რომ ვითომ რუსეთი სომხეთს ფარულად ეხმარება. აქედან გამომდინარე მგონია, რომ კონფლიქტი მალე უნდა ჩაცხრეს.

„რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ძალიან დიდი დიპლომატიური მოლაპარაკებები მიდის. მგონია, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო ღამის ესკალაცია მკაფიოდ გამოიკვეთა.

„მგონია, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც ელოდებოდნენ, თუ პროცესი საით წავიდოდა. როგორც ჩანს, მათ რაღაც გადაწყვეტილება შეატყობინეს, ამიტომაც სიჩქარით რაღაცეების დაკავება დაიწყეს. აზერბაიჯანს, როგორც 2016 წელს, ახლაც უნდა, რომ რამოდენიმე სოფელი, რეგიონი, ან რაღაც სტრატეგიული სიმაღლე დაიკავოს და მერე ეს შერჩეს.

„როგორც მოგეხსენებათ, ყარაბაღის კონფლიქტის ზონა ორი ნაწილისგან შედგება - თვით ყარაბაღისა და მის გარშემო კიდევ შვიდი რაიონისგან. მგონია, რომ ამ შვიდი რაიონიდან აზერბაიჯანი რაღაც ნაწილს დაიკავებს და შეირჩენს. რუსეთი მოსთხოვს სომხეთსაც, რომ ეს რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, ჩაყლაპოს. მე პროცესებს აქეთკენ ვხედავ, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიან ტერიტორიულ მონაპოვრებში არ გადაიზრდება.

„ყარაბაღის მთლიანად დაპყრობა, ან აზერბაიჯანული ჯარების მთლიანად განდევნა არ მოხდება. აზერბაიჯანი რაღაც გარკვეული წარმატებით დაკმაყოფილდება - თუ 2016 წელს 2-3 სოფელი იყო, ახლა შეიძლება მეტი იყოს. ამ ეტაპზე კონფლიქტი ვფიქრობ, რომ გაჩერდება, ბუნებრივია არ მოგვარდება. ახლაც წლები გავა და მხარეების მიერ სამხედრო პოტენციალის აღდგენის შემთხვევაში, დაახლოებით 5-6 წელიწადში, ამ ტიპის ესკალაციას კიდევ უნდა ველოდოთ. ირანი კი ამ შემთხვევაში ჩრდილშია და ამ ყველაფერს უყურებს, ეს სამი სახელმწიფოა, განსაკუთრებით კი თურქეთი და რუსეთი ამ პროცესებს მართავენ.

„რაც შეეხება საქართველოს კონტექსტს, რეგიონის წევრია და ერთის მხრივ მისი ნეიტრალობა და მეორეს მხრივ აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასევე რეალობის ნაწილია და ჩვენც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნეიტრალურობა, რომელიც ხელს სტაბილურობას უწყობს და მეორე მხრივ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა არ დავკარგოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×