
ომი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას გასცდა. შესაძლოა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საპასუხო დარტყმები ქვეყნის დედაქალაქებზე - ბაქოსა და ერევანზე განხორციელდეს.
ორ ქვეყანას შორის დაწყებული ომი კრიტიკულ მდგომარეობაში შედის, არსებობს საფრთხე, რომ ე.წ სარაკეტო თავდასხმები აქტიურ ფაზაში გადავა.
რა მიმართულებით მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, როგორ შეიძლება შეეხოს ომი საქართველოს და რატომ არ აქტიურობს ომში რუსეთი - ამ საკითხებზე სამხედრო ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი „რეზონანასთან" თავის პროგნოზს აკეთებს.
მისი აზრით დღეს დილით აზერბაიჯანის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტის გაშვებით, შეიძლება საპასუხო თავდასხმები დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის დედაქალაქებზე განახორციელონ.
„ომის კრიტიკულ ფაზაში გადასვლის მაგალითი დღეს დილით უკვე მოხდა, როდესაც „სკაპის" ტიპის 300 კმ. რადიუსის მქონე ორი ბალისტიკური რაკეტა იქნა გაშვებულიაზერბაიჯანის ორი ქალაქის - ხიზისა და ბაქოს მიმდებარე ტერიტორიებში.
"სომხეთმა, კერძოდ ოფიციალურმა ერევანმა განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიიდან არ მომხდარა ამ რაკეტების გაშვება. შეიძლება ეს რაკეტები მართლაც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაუშვეს, თუმცა მათ შეიარაღებაში ასეთი სერიოზული იარაღი არ ჰქონიათ.
"სამაგიეროდ სომხეთს აქვს. ამის ბევრი ვიდეო-კადრი არსებობს და ბევრი თვითმხილველიც. ერევანში სამხედრო აღლუმის დროს არაერთხელ უჩვენებიათ სამხედრო ტექნიკა, შესაბამისად სომხეთის არმიის კუთვნილებაა ეს რაკეტები.
„ფაქტი, რომ მინგეჩაურის წყალსაცავთან ჩამოვარდა „სმერჩის" ტიპის 3 რაკეტა, აქედან ორი აფექთდა და 5 ადამიანი დაიჭრა - ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სარაკეტო ომი იწყება ქალაქებს შორის.
"სომხეთის პოზიცია დაახლოებით გასაგებია, რადგან, როცა აზერბაიჯანი ასევე სარაკეტო დარტყმებს აყენებს სტეპანაკერტს, ეს ერთგვარი სამაგიეროს გადახდაა, თუმცა, ეს უკვე ხდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და მოსალოდნელია აზერბაიჯანისგან საპასუხო სარაკეტო დარტყმები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელდეს.
"ჯერ კიდევ ზაფხულში ისინი ერთმანეთს დაემუქრნენ, რომ თუ მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურთან წყალსაცავს დაგვიბომბავთ ჩვენ სამაგიეროდ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს დაგიბომბავთ სომხეთშიო. ვითარების ამ სცენარით განვითარება ძალიან დაძაბავს ყველაფერს.
„მხარეები შეიძლება სარაკეტო თავდასხმებზე გადავიდნენ, მათ აქვთ ამის ტექნიკური შესაძლებლობა, ორივე ქვეყნის არსენალშია ასეთი ტიპის რაკეტები. რამდენად ეფექტურია ასეთი საბრძოლო მოქმედება, ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობა ზიანდება.
"სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება დიდი მნიშნელობა არ ჰქონდეს ამას, თუმცა აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა და ძალიან ძაბავს ვითარებას, რადგან არაა გამორიცხული ასეთმა რაკეტებმა ტექნიკური გაუმართაობის გამო გეზი შეიცვალონ და სულ სხვა ადგილას ჩამოვარდნენ.
"ისტორიაში იყო ასეთი ფაქტი 1999 წელს, როდესაც ნატო ბომბავდა სერბეთს, მაშინ ერთ-ერთმა ამერიკულმა ფროთასნმა რაკეტამ შეიცვალა გეზი და სერბეთის ნაცვლად ბულგარეთის ქალაქში შენობაზე აფეთქდა, ამიტომ საქართველოც ერთგვარ საფრთხეშია ამ მხრივ და იგივე რა დაბომბვაც განხორციელდა განჯაში, ამ ტერიტორიიდან საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრამდე სულ რაღაც 38 კილომეტრია," - ამბობს ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
სამხედრო ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ომის მიმდინარეობის ფარგლებში რუსეთის პოზიციაზეც საუბრობს. მისი ვარაუდით რუსეთის პასიურობა, შეიძლება სომხეთსა და რუსეთს შორის პირადი უთანხმოებისა და საერთო ინტერესების არ ქონის გამო მიმდინარეობდეს.
„ეს ძალიანს სერიოზული საკითხია. შეიძლება ვარაუდის სახით ითქვას, რომ ვითარება რუსეთ-სომხეთს შორის მას შემდეგ შეიცვალა, როცა სომხეთის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად ფაშინიანი მოვიდა. ვინაიდან ფაშინიანი ხალხმა აირჩია და მან გაყარა ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად იყო პუტინის კლანი, ამის შემდეგ შეიძლება პუტინსა და ფაშინიანს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მეტიც, გაუმჯობესდა პუტინსა და ალიევს შორის.
„არ არის გამორიცხული,რომ პუტინისა და კრემლის გადაწყვეტილებაა - არ ჩაერიოს ომში და სომხეთს შეექმნას გარკვეული სახის პრობლემები.
"არ არის გამორიცხული, რომ პრობლემების ფონზე საზოგადოებამ მოითხოვოს ფაშინიანის გადადგომა და სომხეთის სათავეში მოვიდნენ ის პოლიტიკოსები, ვინც პუტინის კლანის წევრები არიან.
"იგივე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი, რომელიც ციხეში იჯდა და ახლა თავისუფალია, იმყოფება არაღიარებულ მთიან ყარაბაღში და ერთგვარად პოლიტიკურ ქულებს იწერს იქ.
"ერთ-ერთი ვერსია სწორედ ესაა და შეიძლება ამით იყოს ახსნილი რუსეთის პასიურობა ამ ომში, თორემ კრემლი არასდროს ყოფილა ინერტული, პირიქით აქტიურობდა ბოლო წლებში," - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.