ელზა პაპოშვილი
05.10.2020

გაგვექცა  თუ არა კორონავირუსის მართვა - ყოველდღიურად ქვეყანა  მოსახლეობის დაინფიცირების რეკორდულ ნიშნულს აღწევს და მიუხედავად ამისა, ხელისუფლება გვამშვიდებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, როდემდე გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას  და გაივლის თუ არა საქართველო ყველა ევროპული ქვეყნების გზას, რომლებმაც ეს პირველი ტალღის დროს უკვე გამოსცადეს. 

ჯანდაცვის ექსპერტები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ქვეყანამ ვირუსის მართვის კუთხით რეფორმირება საკმაოდ დააგვიანა და მართვის სადავეები ხელიდან ამიტომაც გაგვექცა. ხოლო ზამთარში ვირუსების სეზონზე სიტუაცია შესაძლოა კიდეევ უფრო დამძიმდეს. არ არის გამორიცხული, რომ დღეში 1000-მდე შემთხვევაზეც ავიდეთ. მითუმეტეს, არჩევნები უკვე კარს მოგვადგა და მისი გადადება არც განიხილება. 

ბოლო სტატისტიკა კი ასეთია - კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, განახლებული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე StopCov განთავსდა.

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც - ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 375 ადამიანი განიკურნა.  

ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, რომ დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს.

„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, რომ დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს. მეორეს მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, სხვანაირად ეს ყველაფერი უკიდურესად რთული სამართავი იქნება ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი შეუზღუდავია.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექცია და თანამშრომლების კონტროლი, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით 8 თვე გავიდა, ფაქტია, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შესთავაზა მოსახლეობას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში - ისევ პირბადე, დისტანცია, დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები.  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი  დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი. 

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხელისუფლებას კორონავირუსის მართვა სადავეები  გაექცა. სურგულაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ჩაკეტილი ქვეყნისა,  სიტუაცია უკონტროლო გახდა. 

ექპერტის აზრით, არ ხდებოდა საინფორმაცია კომპანიის წარმართვა. ჩავვარდით იმის ხიბლში, რომ ვითომ ვირუსის მართვა  შევძლით და ყურადღების მოდუნებისთანავე,  საკურორტო რეგიონებიდან კორონავირუსმა ისევ იფეთქა. სურგულაძე აცხადებს, რომ ჯერ ზამთარი და გრიპის სეზონი წინ გვაქვს, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა დღეში 1000-მდეც კი მიაღწიოს. 

„როგორც კი ყურადღების მოდუნება მოხდა, დიწყო ისევ რიგები, არანაირი დისტანციის დაცვა. ალბათ ყველა კარგად ვხედავდით საკურორტო ადგილებში როგორი უკონტროლო სიტუაცია იყო. აჭარაში საქართველოს მოსახლეობის მესამედი ჩავიდა და არანაირ კონტორლის მექანიზმები არ იყო. პრაქტიკულად მილიონამდე ადამიანი ჩავიდა. 

“გამყრელიძე ახლა აცხადებს, რომ პილოტური პროგრამა დავიწყეთ და ვახდენთ გადამზადებას ოჯახის ექიმმა როგორ უნდა მოუაროს მსუბუქი დ უსიპტომო პაციენტებსო. კი მარა ამდენი ხანი  რას აკეთებდნენ? მთელი ამ ხნის განმავლობაში ამაზე არ ვსაუბრობდით? ეს ივლისში და აგვისტოში უნდა დაგვეწყო. 

“ახლა ესპანეთსა დ საფრანგეთს რომ ედრებიან, იქ საზღვრები გახსნილი ჰქონდათ ჩვენგან განსხვავებით და ტურისტები ჩადიოდნენ. ამიტომაც ჩაკეტილ ქვეყანაში ზრდა რომ გვაქვს, საგანგაშო ეგ არის“, - ამბობს ვატო სურგულაძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, 540 საწოლის ქონა იმას არ ნიშნავს, რომ იქ მხოლოდ პაციენტი უნდა დააწვინო და მორჩა. ექიმი და ექთანი მომზადებული უნდა იყოს. ასევე პირადი თავდაცვის საშუალებები უნდა იყოს. უამრავი აღჭურვილობაა საჭირო იმისთვის, რომ დაავადებულ პაციენტებს მოვუაროთ. მასე საწოლები სახლში ყველა აქვს. 

სურგულაძე აცხადებს, რომ წესები და კონტროლი ისევ უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ეს ქვეყნის ჩაკეტვის გარეშე. ექსპერტი ფიქრობს, რომ მიდგომა „დარჩი სახლში“ ქვეყანას სამუდამოდ დაღუპავს. ასევე, მოახლოვდა უკვე არჩევნებიც და ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ არჩევნების შემდეგ ზრდა კიდევ  უფრო გვექნება. ამიტომაც პანიკას თავი უნდა დავანებოთ და ვირუსის სწრაფ მართვაზე უნდა გადავიდეთ.  

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კორონავირუსის პირველი პიკი მდორედ მიმდინარეობდა, რეალურად კი საქართველო ახლა შევიდა პანდემიის აღმავლობის ფაზაში. მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფექციის აღმავლობა ცუდ დროს დაიწყო, ვინაიდან ის რესპირატორულ ინფექციებს ემთხვევა.ინფექციონისტი ფიქრობს, რომ პირველი პიკი ძალიან მდორედ, ერთეული შემთხვევებით მიმდინარეობდა.

„პანდემიის აღმავლობის ფაზაში რეალურად ახლა შევედით. სხვა ქვეყნებში ვნახეთ, რომ ასეთი პიკური მიმდინარეობით სწრაფი აღმავლობისას მოსალოდნელია სტაბილიზაცია, უბრალოდ ეს აღმავლობა ჩვენთან ცუდ დროს დაემთხვა. სეზონია ისეთი, რომ სხვა რესპირატორული ინფექციები, მათ შორის გრიპი წამოგვეწევა და გაართულებს სიტუაციას იმ მხრივ, რომ ბევრი სიმპტომური პაციენტი იქნება სხვა ინფექციებითაც, რაც გამოიწვევს გარკვეულ პანიკას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას“, - განაცხადა ბუწაშვილმა.  

მისვე თქმით, კარგია, რომ ქვეყანაში  დიდი ორი ცვლილება გვაქვს, რაც ვირუსიის მართვის კუთხით ძალიან კარგია. ამაში კი ბუწაშვილი ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემოკლებას, ბინაზე მოვლას და პისიარ ტესტირების განახლებულ ალგორითმს გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×