მარიკა ხორავა
06.10.2020

სამშაბათს ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სოლოდარობის ნიშნად მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად" გამართეს. გროვდება თანხა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში დაშავებულებისთვის და სომეხი სამხედროების დასახმარებლად გაიგზავნება.

„ჩვენ ვმართავთ მშვიდობიან აქციას ცენტრალურ სტადიონზე, სადაც სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამემამულეებს. ვკრიბავთ თანხას და სხვადასხვა დახმარებას. ამის დემონსტრაციისთვის გვსურს, სტადიონზე აქციის გამართვა. არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს. უბრალოდ გვსურს ჩვენ სომხებს ვუთხრათ, რომ მარტო არ არიან", - განაცხადა ტელეკომპანია „პირველთან" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„მთიანი ყარაბაღი სომხებისაა - ეს ისტორიული ფაქტია. აზერბაიჯანს კი მხოლოდ 102-წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ ტერიტორიებს არ დავთმობთ. ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც კარგად იცის. ყარაბაღი ჩვენია, ჩვენი ახლობლები იბრძვიან ომში. 2 უკვე გარდაიცვალა", - აცხადებს „პირველთან" სოფელ განძაში მცხოვრები ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, ქალაქის სტადიონზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორებს სურდათ შეეჯამებინათ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯავახეთში ყარაბაღის დასახმარებლად შეგროვილი მატერიალური დახმარება.

მოგვიანებით, ისინი სომხეთისა და საქართველოს დროშებით, ასევე, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ჯავახი ჯარისკაცების ფოტოებით სურბ ხაჩის ეკლესიისკენ გაემართნენ, სადაც საერთო ლოცვას დაესწრნენ.

აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ საქართველომ ჰუმანიტარული ტვირთები გაატაროს.

მოგვიანებით სომხეთის საელჩო საქართველოში განცხადება გაავრცელა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საწვავის ან ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს,"- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.

„საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, საკითხის სწრაფი გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს", - ნათვამია განცხადებაში.

სომხეთის საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მასშტაბური საბძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან ასეულებით, და შეიძლება ათასობითაც კი იზომებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×