
როგორ მოხდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების ჩართვა 31 ოქტომბრის არჩევნებში და როგორ შეძლებენ ისინი ხმის მიცემას - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც ეპიდემიოლოგებს ზუსტი პასუხი არ აქვთ.
ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე „რეზონანსი" ორ ინფექციონისტს, ალექსანდრე გოგოინავასა და მარინა ენდელაძეს ესაუბრა. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ. მარინა ენდელაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და სახელმწიფო მაქსიმალურად უსაფრთხრო ზომებს მიიღებს, ალექსანდრე გოგინავასთვის კი დაუშვებელია დაინფიცირებული ადამიანის საარჩევნო უბანზე მისვლის საკითხი.
„ვერც წარმომიდგენია დაინფიცირებული ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლა. ჩემი აზრით, ნამდვილად არ იქნება მიზანშეწონილი. სამწუხაროდ, არ ვიცი განიხილავენ თუ არა ალტერნატივას - როგორ მისცემენ ხმას ვირუსით დაავადებული ადამიანები.
"შეიძლება შესაბამისი ორგანოებისგან იგეგმება რეგულაციები ამ მიმართულებით, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრი, რომ ვისაც არჩევნების დროს დაავადება დაუდგინდება, ყველანაირი თავშეყრის ადგილისგან უნდა შეიკავოს თავი, მათ შორის ისეთი მასშტაბურისგან, როგორიც საარჩევნო უბნებია, რადგან ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცვას. რაიმე სხვა ფორმატით თუ იგეგმება ამ ადამიანების მონაწილეობა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი," - ალექსადრე გოგინავა.
მარინა ენდელაძე კი საკითხზე - როგორ მოხდება საარჩევნო უბნებზე დაინფიცირებული ადამიანების ჩართვა ამბობს, რომ ამ საქმეს პროფესიონალები მიხედავენ.
„მე გეტყვით ერთ რამეს - იმდენად კომპეტენტური ხელმძღვანებელი ჰყავს ამ საქმეს, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და დანარჩენი ეპიდემიოლოგ-ინფექციონისტები, რომ არ გაატარებენ ისეთ რეგულაციებს, რომელიც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას. მთავარია ჩვენ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეტყვიან.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების საკითხიც სრული სიზუსტით მოგვარდება. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რეგიონების მიხედვით დაწესდეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, ან არც ეს გახდეს საჭირო. როგორ მისცემენ არჩევნებში ხმას დაინიფიცრებული ადამიანები ეს მე არ ვიცი. 31- მდე ჯერ კიდევ დროა..." - ამბობს მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას.