
მთიან ყარაბაღში ომი დღითი დღე მწვავდება. სამშაბათს საღამოს გავრცელდა ინფორმცია იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობა იყო, ეს აზერბაიჯანის პროკურატურამაც დაადასტურა, თუმცა სომხეთი ბრალდებას უარყოფს.
ამის პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ლოკალურ სამხედრო შეტაკებებში ბრალს ისევ აზერბაიჯანს სდებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბრის დეტალებს იხსენებს. ასევე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებდა და ახლაც შეასრულებს.
„ყოველთვის შესაძლებელია ფართომასშტაბიანი ომის დროს გაზსადენისა და ნავთობსადენის დაზიანება", - ამის შესახებ „რეზონანსთან" ისაუბრეს საერთაშორისო ექსპერტებმა. ისინი არ გამოვრიცხავენ, რომ იარაღის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ რუსეთი და სომხეთი.
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, შესაძლებელია გაზსადენისა და ნავთობსადენის დაზიანება საბრძოლო მოქმედებების დროს.
„როდესაც საბრძოლო მოქმედებები იმ რაიონთან სიახლოვეს მიმდინარეობს, სადაც ნავთობსადენი და გაზსადენი გადის, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების დროს შემთხვევით ან წინასწარ განზრახულად მისი დაზიანება. აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ წინასწარ განზარახულად იყო სომხეთის მხრიდან მისი დაბომბვის საფრთხე, თუმცა სომხეთი ამას უარყოფს", - განაცხადა ალადაშვილმა.
საერთაშორისო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ფართომასშტაბიან ომში ყველა საშუალება მისაღებია.
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ენერგოპროექტების განხორციელებას სერიოზული საფრთხე შეექმნას. ლოკალური ომი, ეს არის ფართომასშტაბიანი ომი, სამწუხარო რეალობა, თუმცა ამ დროს ყველა საშუალება არის მისაღები. მაღალი ალბათობაა, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მოხდეს ანალოგიური თავდასხმები, არა მარტო საარტილერიო, არამედ დივერსიული ჯფუფების მხრიდანაც", - განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პროკურატურა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ იუწყება.
უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმები, დაახლოებით, 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის.
„ნავთობსადენი იკავებს განსაკუთრებულ ადგილს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, წარმოადგენს რეგიონის ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტს. ჩვენი არმიის გადამწყვეტი ზომების შედეგად, ტერორის ეს მცდელობა აღიკვეთა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისი კომენტარი „ფეისბუკის" გვერდზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრულ ოვანისიანმა გააკეთა.
„აზერბაიჯანის განცხადება, რომ სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელებას, უტიფარი ტყუილია. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენს ჩვენს სამიზნეს", - წერს ოვანისიანი.
ირაკლი ალადაშვილის თქმით, სომხეთის ინტერესებში შედის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეჩერება.
„რა თქმა უნდა, არ იტყვიან, რაზე ისაუბრეს, თუმცა ეტყობა, სომხეთის მხარის მცდელობაა, რომ რუსეთი რაღაცნაირად ჩაერთოს და მან მიიღოს გადაწყვეტილება, შეჩერდეს ცეცხლი მთიან ყარაბაღში.
"ეს არ არის აზერბაიჯანის ინტერესში, რადგან მას დასახული აქვს თავისი სამხედრო ოპერაციები და ცდილობს, განახორციელოს. საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს სომხეთის ტერიტორიაზე. ის მიმდინარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელსაც სომხეთი აკონტროლებს.
მათი განცხადებით, რუსეთი არ ჩაერევა, თუ ეს არ გასცდა მის საზღვრებს", - განაცხადა ალადაშვილმა.
ვახტანგ მაისაიას განცხადებით, შესაძლებელია, პუტინი და ფაშინიანი იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.
„შეიძლება, გამოიყენოს კოალიციური რუსულ-სომხური არმია, დაჯგუფება, რომელიც მოიცავს 5-დან 7000-მდე ადამიანს. აგრეთვე, შესაძლებელია, ძირითადი დასაყრდენი ძალა არის გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა. შეიძლება, რუსეთისგან გარანტია მიიღო, რომ, კონფლიქტში თურქეთის ჩარევის შემთხვევაში, სომხეთი გამოიყენებს კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის მეოთხე მუხლს - აამოქმედებს თავდასხმის პრინციპს. არ გამოვრიცხავ, რომ იარაღის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ მხარეები. შესაძლებელია აგრეთვე, ფაშინიანმა გააფრთხილა თურქეთი თუ თქვენ ჩაერევით, რუსეთიც ჩაერევა დასახმარებლადო", - განაცხადა მაისაიამ.
რაც შეეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა, ვინაიდან მისი მოსახლეობის 80 პროცენტი ყოველთვის სომხები იყვნენ.
„აზერბაიჯანს არ სურს, რომ სომხები მთიან ყარაბაღში ცხოვრობდნენ და ამიტომ ტერორისტების დახმარებით თავს დაესხა ყარაბაღს. რას გვთავაზობენ? მთიანი ყარაბაღის სომხებმა უნდა თქვან, კარგი, რადგან ტერორისტები ხართ, უარს ვიტყვით ჩვენს ფესვებზეო? ეს არასდროს მოხდება", - განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში ფაშინიანმა.
კითხვაზე, გასულ კვირას, ვლადიმერ პუტინთან საუბრის დროს, დაადასტურა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, სომხეთი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა:
„ამ კითხვაზე პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ გიპასუხებთ, თუმცა გეტყვით: რუსეთმა დაგვარწმუნა, რომ ამ შემთხვევაში ის შეასრულებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს", - განაცხადა ფაშინიანმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (CSTO) ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული.
მისივე თქმით, რუსეთი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებდა და შეასრულებს.
„რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული. ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით, ვასრულებთ და შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს.
სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ის სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს", - განაცხადა პუტინმა.