
აჭარის რეგიონში ეპიდვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება, რასაც დაინფიცირების ახალი შემთხვევები მეტყველებს, გვაქვს თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა ყოველდღიური რაოდენობა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, არის იმის საშუალება, რომ დღის წესრიგში დადგეს ამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა.
„მინდა გითხრათ, რომ აჭარის რეგიონში ეპიდვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება, რასაც დაინფიცირების ახალი შემთხვევები მეტყველებს, გვაქვს თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა ყოველდღიური რაოდენობა.
დღეს რეგიონში უკვე 250 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და ჯამში 3000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო ვირუსის დამარცხება.
ბოლო 2 დღის განმავლობაში აჭარაში 2,000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24-საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე კონკრეტულ მოქალაქეზე პასუხის მიწოდების. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის რისკ ჯგუფები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში იყო გამოვლენილი, ეს რისკ ჯგუფები არის იდენტიფიცირებული და მათ მიმართ განხორციელდა შესაბამისი მკურნალობა.
ჩვენ მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა, რაც მობილობის მაქსიმალურად შემცირებას ითვალისწინებდა, განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში, უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო.
იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, ზოგადად ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახრხებთ, რომ გვქონდეს 100-ზე მეტი თავისუფალი საწოლფონდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დღის წესრიგში დადგეს ამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, რომელსაც უფრო დეტალურად შემდეგ კვირაში წარმოგიდგენთ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.