მარიკა ხორავა
09.10.2020

კორონავირუსის აფეთქების მორიგი კერა თბილისი შეიძლება გახდეს. აჭარის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა თბილისშია. ინფექციონისტების განცხადებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა მთავარია რეგულაციები დავიცვათ. ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი პირბადის სწორად ტარებაა. ინფექციონისტები ამბობენ, რომ ამ წესების დაცვა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაზაფზულზე იყო.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, აჭარაში სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა საყურადღებოა თბილისი.

„ბოლო 24 საათში დაფიქსირდა 527 დადასტურებული შემთხვევა. კრიტიკულად მძიმეა 63 პაციენტი. მიღებული ზომების გათვალისწინებით, საბედნიეროდ აჭარაში შემცირდა რაოდენობა - 190 პაციენტია, თუმცა, სამწუხაროდ თბილისში მოიმატა - 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდა ამისა, იმერეთში - 91, ქვემო ქართლში - 28 შიდა ქართლში - 10, კახეთში - 11, მცხეთა-მთიანეთში - 3, გურიაში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1 შემთხვევა.

თბილისში რეგულაციების არდაცვისა და გაუფრთხილებლობის გამო იმატა ინფიცირებულთა შემთხვევებმა. მოსახლეობის რაოდენობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე საშიში და ყველაზე მეტი საფრთხე თბილისშია", - განაცხადა ენდელაძემ.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის თქმით, თბილისში მატება მოსალოდნელი იყო.

„ასე ცალკე ვერ დარჩებოდა იგივე ციფრებით. ჩვენ ვნახეთ, როგორ არის აჭარაში. საერთოდ აგვისტოს ბოლოდან უკვე შეინიშნება შემთხვევათა ზრდის ტენდენცია. თბილისშიც შემთვევათა ზრდა გვექნება, ეს გაგრძელდება რაღაც პერიოდის განმავლობაში სავარაუდოდ, მერე სტაბილიზაცია მოხდება და შემდეგ უკვე შემცირება.

„მკაცრი რეგულაციები რეკომენდირებული არ არის. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ უკვე გამოიარა ეს გზა, როდესაც მკაცრი კარანტინი ჰქონდათ. შემდეგ დარწმუნდნენ, რომ მკაცრი რეგულაციების შემდეგ, როდესაც სუსტდება ვირუსი და იხსნება რეგულაციები, ისევ თავიდან იწყება შემთხვევების მატება.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას ისე როგორც არასდროს დაიცვან ფიზიკური დისტანცირება და პირბადეები სწორად გამოიყენონ. ეს არის გადამწყვეტი. გაზაფხულზე ნამდვილად არ იყო ისეთი აქტუალური ამ წესების დაცვა, როგორც ახლაა. უკვე უამრავი ადამიანი ჩვენს გარშემო კორონავირუსით ინფიცირებულია", - განაცხადა ბუწაშვილმა.

ცნობისთვის, 8 ოქტობრის მონაცემებით საქართველოსი კორონავირუსისგან 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 10752-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×