მარიკა ხორავა
10.10.2020

ორშაბათს კორონავირუსთან ბრძოლოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ახალი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ინფიცირებულთაო რაოდენობის ზრდის ტემპების გამო „წერტილოვანი შეზღუდვების" დაწესება პრაქტიკულად გარდაუვალია. ინფექციონისტები კი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებენ, რომ თბილისის მასშტაბით ეს გულისხმოს შეზღუდვების დაწესებას კონკრეტულ უბნებში ან კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსებში.

შაბათს საქართველოში ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 137 თბილისში.

რადიკალური შეზღუდვები არ არის საჭირო საქართველოს მასშტაბით, თუმცა მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტმა ალექსანდრე გაგონავამ. მისი თქმით, რადიკალურ შეზღუდვებზე საუბარი ნაადრევია.

„არ ვიცი რა შეზღუდვები შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, 137 ინფიცირებული არ არის ისეთი მაღალი რაოდენობა, რომ სერიოზული შეზღუდვები დაწესდეს. რა თქმა უნდა, კონტროლი უნდა გამკაცრდეს და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები იძლევიან. მაგრამ რადიკალურ შეზღუდვებზე საუბარი ნაადრევია.

„ზუსტად არ ვიცი რა იგულისხმება წერტილოვან შეზღუდვებში. ალბათ საუბარია იმ ეპიდკერებზე, სადაც იქნება აფეთქება და იქ უნდა მოხდეს შეზღუდვების გატარება. არ მგონია, რომ მთელი ქვეყნის ან ქალაქის მასშტაბით სერიოზული შეზღუდვები ამ ეტაპზე იყოს საჭირო. რა თქმა უნდა, დინამიკაში დაკვირვება უნდა მოხდეს", - განაცხადა გოგინავამ.

მისივე თქმით, ამა თუ იმ სკოლაში ონლაინ სწავლაზე გადასვლა მხოლოდ, მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც კორონავირუსის ერთზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება.

„იზოლირების პრეცედენტი არსებობს. როდესაც სხვადასხვა ლოკაციაზე იყო ეპიდაფეთქება, თუნდაც სხვადასხვა სოფლებში, კონკრეტულად ტარდებოდა ღრმა ეპიდ კვლევები. შესაძლოა თბილისის მასშტაბითაც გარკვეულ უბნებში მოხდეს უფრო ღრმა კვლევების ჩატარება. სადაც ეპიდაფეთქებაა და კონკრეტულად იმ ლოკაციაზე მოხდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ამის საშუალება არის, თუ საჭირო გახდა.

„სკოლაში კორონავირუსის ერთ შემთხვევაზე ონლაინ გადასვლა არ არის საჭირო. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი შემთხვევა გამოვლინდება და კონტაქტების რაოდენობაზეც. ვთქვათ, თუ სხვა შემთხვევა არ დაფიქსირდა, ეს ნიშნავს, რომ ონლაინ სწავლაზე გადასვლა საჭირო არ არის. ეს დამოკიდებულია, თუ რამდენი კონტაქტი იქნება გამოკვლეული, რამდენ ახლო კონტაქტს დაუდასტურედება კორონავირუსი. ამის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სხვა შემთხვევების შესწავლის შემდეგ", - განაცხადა გოგინავამ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით კი, თბილისში შაბათს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა პარასკევთან შედარებით შემცირებულია.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ დაფიქსირდა 519 ახალი შემთხვევა და ამჟამად კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობა გახლავთ 11 271, აქედან 50%-ზე მეტი - 6119 პაციენტი გახლავთ გამოჯანმრთელებული, გუშინ 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევა გახლავთ 5152, რომლებიც მკურნალობენ კოვიდცენტრებში, ნაწილი ბინაზე და ასევე სასტუმროებში.

„რაც შეეხება მძიმე, კრიტიკულ პაციენტებს, ასეთი 57-ია, აქედან 56 მართვით სუნთქვაზე გახლავთ. 8 აფხაზეთიდან გადმოყვანილია. ერთი შემთხვევა ცხინვალიდანაა. განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო - 190, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრი არ არის. თბილისში ცოტა შემცირდა - 137-ია, გუშინ 179 ახალი შემთხვევა იყო. იმერეთში 99-ია, დაახლოებით იგივეა, რაც გუშინ იყო. ქვემო ქართლში გახლავთ - 31 ახალი შემთხვევა, გურიასა და მცხეთა მთიანეთში - 10 - 10, შიდა ქართლში - 7 შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, კახეთშია - 3 შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის ერთი და იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ - 4", - განაცხადა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×