
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა 20 მილიარდ ლარს დახარჯავს და ამ თანხის დიდი ნაწილი მესტიისა და სვანეთისკენ იქნება მიმართული.
„ბოლო წლების განმავლობაში სვანეთის ინფრასტრუქტურაში ჩაიდო დაახლოებით 150 მლნ-ზე მეტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს 20 მილიარდ ლარს, მინიმუმ და ამ თანხის დიდი ნაწილი იქნება მიმართული მესტიისა და სვანეთისკენ და საერთოდ, მთის მიმართულებით. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რაც ახლა ვნახეთ ლაღამის უბანში, ისევე როგორც უშგულის თემში, ეს პროექტები გპირდებით, რომ დაიწყება 2021 წლის პირველი ნახევრიდან. ისევე როგორც, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება მესტიის ასე თუ ისე წესრიგში იყო მოყვანილი, იქ სტიქიაც დაემატა, წყალი აღარ გვყოფნის, უახლოეს პერიოდში, 2021 წლიდან 24-საათიანი წყლის მომარაგების საკითხიც დაიწყება და დასრულდება, ისევე როგორც ლენტეხის დამაკავშირებელი გზაც აუცილებლად დაიწყება და დასრულდება, ისევე როგორც ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა, რომელსაც აშკარად რეაბილიტირება სჭირდება 2021 წლიდან ამ გზის რეაბილიტაცია დაიწყება და ამისთვის დაახლოებით 20 მლნ ლარი დაიხარჯება"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.