
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სიუნიქის ოლქის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ოფიციალური ბაქო ამ ბრალდებას უარყოფს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან ტერტერისა და აღდამის მიმართულებით სროლა გრძელდება, რასაც ოფიციალური ერევანი უარყოფს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.