
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნების" პარტიის წევრს სავალან მირზოევს „ლელოს"აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ საკითხზე „ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც კახიანმა განაცხადა, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, მირზოევის პარტიულ კუთვნილებას უკავშირდება. მისი შესაფებით, ფაქტის ამსახველი ვიდეო, რომელიც „ფეისბუქზე" გავრცელდა, „მძიმე და შეურაცხმყოფელია".
გიორგი კახიანის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. გუშინ მოქალაქე რაშად მუსაევის მიერ, რომელიც არის პოლიტიკური პარტია "ლელოს" აქტივისტი, პირად გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც იგი „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული პირი, როგორც უკვე აღვნიშნე არის პარტია „ლელოს" აქტივისტი და აქტიურად არის ჩართული „ლელოს" წინასაარჩევნო კამპანიაში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტთაც დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. როგორც ჩანს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების გამო იმდენად სასოწარკვეთილები და გამწარებულები არიან, რომ სამწუხაროდ, მსგავს სიბინძურეებს, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც კი კადრულობენ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.