ელზა პაპოშვილი
10.10.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პროპორციული სიები უკვე წარდგინა და საზოგადოებისთვის ცნობილია ვინ რა შემადგენლობით გადის არჩევნებზე. აქვე მნიშვნელოვანია ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს, როგორ და რა პრინციპით მოხდა სიების დაკომპლექტება და კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ პარტიები. 

„რეზონანსი“ გთავაზობთ რამდენიმე შედარებით რეიტინგული პარტიის საარჩევნო სიების პირველი ოცეულების განხილვასას, სადაც მათი შედარება რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა: სიაში შემავალთა ასაკი, ახალი სახეების წილი პარტიული სიების პირველ 20-ეულებში და მათი პროფესიები. 

ყველაზე „ახალგაზრდული“ და ყველაზე „ხანდაზმული“ ოცეულები

მმართველი პარტიის, „ქართული ცონების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში მყოფთა ასაკი 30-დან 50 წლამდეა. 

სია ასე გამოიყურება: გიორგი გახარია; არჩილ თალაკვაძე; ირაკლი კობახიძე; თეა წულუკიანი; მამუკა მდინარაძე; კახა კუჭავა; გიორგი კახიანი; მარიამ ქვრივიშვილი; მიხეილ სარჯველაძე; მაია ბითაძე; მიხეილ დაოშვილი; გიორგი ამილახვარი; ვიქტორ სანიკიძე; მაკა ბოჭორიშვილი; შალვა პაპუაშვილი; დავით კაჭარავა; ნიკოლოზ სამხარაძე; გიორგი ხელაშვილი; მარიამ ლაშხი; ბექა დავითულიანი. 

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, „ოცნებასთან“ შედარებით მათ პარტიულ სიაში საშალო ასაკი მნიშვნელოვნად მაღალია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სიის პირველ ნომრად 82 წლის ბუბა კიკაბიძეა დასახელებული, თუმცა, ამს გარდა, „ნაცმოძრაობის“ სიის პირველ ოცეულში 4ო წელზე ახალგაზრდა არავინაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია ასე გამოიყურება: ბუბა კიკაბიძე; გრიგოლ ვაშაძე; ნიკა მელია; ხატია დეკანოიძე; კობა ნაყოფია; დევი ჭანკოტაძე; ლევან ვარშალომიძე; სალომე სამადაშვილი; ზალიკო უდუმაშვილი; ხათუნა სამნიძე; რომან გოცირიძე; თემურ ჯანაშია; ნატო ჩხეიძე; რამაზ ნიკოლაიშვილი; კახაბერ ოქრიაშვილი; გუბაზ სანიკიძე; აბდულა ისმაილოვი; ცეზარი ჩოჩელი; თამარ კორძაია; სულხან სიბაშვილი; 

„ევროპულ საქართველოს“ სიის ირველ ოცეულშიც „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მდგომარეობაა დეპუტატობის კანდიდატთა ასაკი 39-დან 65 წლამდე მერყეობს. 

„ევროპული საქართველოს“ პირველი ოცეული ასეთია: გიგი უგულავა, ტარიელ ლონდარიძე, ლევან თარხნიშვილი, გოჩა გურგუჩიანი, არსენ კარაპეტიანი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ირინე აფხაზავა, აჰმედ იმამკულიევი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, მაია კაციტაძე, ელენე ოზაშვილი, სერგო რატიანი, ირაკლი კიკნაველიძე, მალხაზ პატარაია, ოთარ კახიძე, მარიამ რამინაშვილი, ლელა ქებურია, ირაკლი აბესაძე. 

რაც შეეხება „ლელოს“, უნდა ითქვას, რომ სამივე პარტიისგან განსხვავებით ყველაზე ახალგაზრა საარჩევნო სია აქვთ. პარტიის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის და მამუკა კაციტაძის გარდა, თითქმის ყველას ასაკი 30-დან 40 წლამდე მერყებობს. ჯამში კი „ლელოს“ პირველ ოცეულში მყოფთა ასაკი 30-59 წელია 

„ლელოს“ პირველი ოცეული ასეთია: მამუკა ხაზარაძე; ბადრი ჯაფარიძე; დავით უსუფაშვილი; ანა ნაცვლიშვილი; ირაკლი კუპრაძე; ფიქრია ჩიხრაძე; კახა კოჟორიძე; გრიგოლ გეგელია; ლევანი კობერიძე; საბა ბუაძე; გიგლა მიქაუტაძე; ლანა გალდავა; თამაზ დათუნაშვილი; ლევან სამუშია; გიორგი მორდეხაშვილი; მედეა მეტრეველი; მამუკა კაციტაძე; მალხაზ ვახტანგაშვილი; სოფიო შამანიდი; გიორგი სიორიძე; 

ახალი სახეები წილი

„ქართულმა ოცნებამ“ თვისი სიის პირრველი ოცეულის ზუსტად ნახევარი ახალ სახეებს დაუთმო. თუმცა, სიის ამ 10 წევრიდან ზოგიერთი საჯარო სამსახურში მოღვაწეობდა და მათ საზოგადოება მეტ-ნაკლებად მაინც იცნობს. მაგალითად, საზოგადოებისთვის ალბათ ახალ სახეებად მიჩნეულები იქნებიან: მიხეილ დაოშვილი; გიორგი ამილახვარი; ვიქტორ სანიკიძე; მაკა ბოჭორიშვილი; შალვა პაპუაშვილი; დავით კაჭარავა; ნიკოლოზ სამხარაძე; გიორგი ხელაშვილი; მარიამ ლაშხი; ბექა დავითულიანი. რაც შეეხება დანარჩენს წევრებს ყველა თითქმის ძველი სახეა ან საჯარო სამსახურში მოღვაწეობდნენ. 

შევხედოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სიას, სადაც თუ ბუბა კიკაბიძეს პოლიტიკაში ახალ სახედ ჩავთვლით, მაშინ პარტიის პირველ 20-ში ახალი სახე მხოლოდ ის და სულხან სიბაშვილია, რომელსაც საზოგადოება მეტ-ნაკლეებად იცნობს. დანარჩენი საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი პოლიტიკოსები არიან თავისი წარსული ბიოგრაფიებით. უფრო მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა სხვა პარტიაში და სხვა საარჩევნო სიებში ყოფნაც მოასწრო.

„ევროპულ საქართველოზე“ შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალების“ მსგავსად ახალი სახეების მხრივ მათაც მსგავსი სიტუაცია აქვთ, თუ ოცეულის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ წევრს არ ჩავთვლით, რომლებიც ისევ პარტიის წევრები არიან. მაგალითად გოჩა გურგუჩიანი, ზურაბ ჩილაგაშვილი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია. 

რაც შეეხება „ლელოს“, რადგანაც ეს ისედაც ახლად შექმნილი პარტიაა, ფაქტობრდივად მათი სიის ძირითადი ნაწილი ახალი სახეებით და ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ზოგიერთ მათგანს საზოგადოება, როგორც ახალ პოლიტიკურ თაობას, ისე იცნობს. 

პოლიტიკაში, თავისთავად ცხადია, ახლები თავად ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც არიან. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მათ როგორც ბანკირებს ისე იცნობს. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს და მამუკა კაციტაძეს, ალბათ ამ პარტიაში ყველაზე გამოცდილი და ძველი სახეები პოლიტიკური მოღვაწეობის თვალსაზრისით ისინი არიან. 

დეპუტატობის კანდიდატთა პროფესიები

„ქართულ ოცნებას“ უნდა ითქვს, რომ ამ მხრივ ყველაზე მრავალფეროვანი სია აქვს. პირველ 20-ეულში არიან წარმოდგენილები როგორც იურისტები, ასევე ეკონომისტები, სპორტსმენები, დიპლომატები და ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანები. 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჰყავთ, ერთი ხელოვნი ბუბა კიკაბიძე, საკმაოდ ბევრი იურისტი, ჟურნალისტი, გენერალი, ეკონომისტი, ბიზნესმენი, დიპლომატი, ფინანსისტი, ისტორიკოსი. თუმცა მათი უმრავლესობა, „ოცნების“ სიის წევრებისგან განსხვავებით, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. 

„ევროპულ საქართველოში“ ძირითადად იურისტები სჭარბობენ და აქაც ყველა თითქმის პარტიული კადრი და გამოცდილი პოლიტიკოსია. 

რაც შეეხება „ლელოს“, იურისტები აქაც ჭარბობს, თუმცა დიპლომატები, ისტორიკოსები, ეკონომისტები და ფინანსისტები აქაც არიან. შესაძლოა ითქვას, რომ სპორტიდან პოლიტიკაში გადმოსული კადრები ფაქტიურად მხოლოდ „ოცნებას“ ჰყავს. 

რა გავლენას ახდენს ეს ამომრჩეველზე

რამდენად ითვალისწინებს ამომრჩეველი ხმის მიცემის დროს აღნიშნულ კრიტერიუმებს და და საბოლოოდ, რა გავლენას ახდენს ეს არჩევნების შედეგებზე? - ამ კითხვით „რეზონანსმა“ ანალიტიკოსებს მიმართა. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეე აცხადებს, რომ ქართველი ამომჩეველი არჩევანის გაკეთების დროს მთავარ ყურადღებას პარტიის ლიდერებს აქცევს. მისთვის გადამწყვეტი მნიშვენლობა არ აქვს ვინ არის სიაში, რა ასაკის და რა პროფესიისა. მთავარია იქ იყოს ის ლიდერი, რომელიც მისთვის მისაღებია. 

ძაბირაძე ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიას საერთოდ არ ეცნობა და მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობენ, მაინც ამბობენ, რომ ხმას ან მიშას ან ბიძინას აძლევენ. შესაბამისადაც, პარტიების უმრავლესობა სიისთვის ახალი სახეების მოძიებაზე თავს დიდად არ იწუხებს. 

„ამის ნათელ მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდგება. შევხედოთ მათ სიას - ისევ ძველი სახეები და ისევ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს წამყავან თანამდებობეს იაკვებდნენ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიას წამყვანი ბირთვი ახლა უკვე „ევროპელების“ სახით გამოეყო, მაინც ქვეყანაში პირველი ოპოზიციური პარტიაა. 

„რატომ? - იმიტომ, რომ მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია და ხალხი ხმას არა პარტიას და საარჩეევნო სიას, არამედ სააკაშვილს აძლევს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ „ოცნებაზეც“. გამოეყო მასაც ახალგაზრდების დიდი გუნდი, რომელიც ივანიშვილმა 2016 წელს მოიყვანა, მაგრამ არ დაშლილა. იგივე ხდება აქაც - ივანიშვილს აძლევეს ხალხი ისევ ხმას და არა „ოცნებას“. ამიტომ პარტიების დიდი ნაწილი განახლებაზე თავსაც არ იწუხებს. პარტიებში დემოკარტია არაა, იქ ისევ ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტს ლიდერი და წერს სიას.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მძიმე პრობლემა. „ლეიბორისტების“ ლიდერი ნათელაშვილი 30 წელია უცვლელია. აბა, ხალხს ჰკითხეთ ქუჩაში - მის გარდა თუ იცნობს ამ პარტიიდან სხვა ვინმეს. ცოტა თუ გიპასუხებთ. ამიტომაც სიებს და იქ მოცემულ ადამიანთა გვარებს საქართველოში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“,-აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

იგივეს ფიქრობს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც, რომელიც „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკაში ბელადომანიაა. ამიტომაც ხალხი არჩევნებზე ხმას სწორედ პარტიის ლიდერის მიხედვით აძლევს. ჩიტაძე აცხადებს, რომ თუკი ვინმე „ოცნებას“ ან „ნაციონალებს“ ხმას აღარ მისცემს, ეს არ იქნება იმის გამო, რომ პარტიის სიაში მოცემული ადამიანების ან ასაკი და ან კიდევ პროფესია არ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ მათი ლიდერების მიმართ მიუღებლობა აქვთ. 

„საქართველოში სიას და მის წევრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს საკმაოდ სავალალო სიტუაცია ვნახეთ, როდესაც მოსახლეობის მოსყიდვა პროდუქტებით ხდებოდა. ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში სია და იქ მოცემული კრიტერიუმები მეორეხარისხოვანია. 

„შესაძლოა პარტიას ძალიან კარგი სია ჰქონდეს, მაგრამ მისი ლიდერი იყოს ბევრისთვის მიუღებელი. მაგალითად, „ლელოს“ საკამოდ კარგი სია აქვს, მაგრამ ბევრისგან გამიგია, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის გამო ხმას არ მისცემენ. ასევე გამიგია, რომ სააკაშვილი იმ ხელისუფლებაში პრეზიდენტი კი იყო, მაგრამ სხვები ატყუებდნენ და ბევრი არაფერი იცოდა, ამიტომაც მას თავისი ამომრჩეველი ხმას მაინც მისცემს. 

„შესაბამისად, საქართველოში სიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ივანიშვილს სულ ახალი სახეები რომ დაეყენებინა, მაინც ის რეიტინგი ექნებოდა, რაც ახლა აქვს. აქ გადამწყვეტი მაინც ლიდერებია. თანაც ყველა პარტიას თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×