ვახტანგ შამუგია
28.02.2015

 2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა აჰმედი" დღეს სირიაში იმყოფება. იქ იგი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის და ჩრდილო კავკასიელ მოხალისეთა ერთ-ერთ შენაერთს, "იარმუკს" მეთაურობს. მას მოიხსენიებენ როგორც ამირ ახმად შიშანს (არაბ. - ჩეჩენი).

მისი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, სადაც იგი ჩვენს რეგიონზეც საუბრობს.

"მინდა სალამი გადავცე დაღესტნის ვილაიეთში მებრძოლ ჩვენს მოჯაჰედ ძმებს, რომლებმაც ერთგულების ფიცი დადეს. სალამი და ალაჰის წყალობა მათ მეთაურს, აბუ მუჰამედ კუდარელს. ამ ამბავმა ჩვენ ძლიერ გაგვახარა. მე მოვუწოდებ ჩვენს დანარჩენ ძმებს - შემოგვიერთდით, გავზარდოთ ხალიფატის ტერიტორია და ისლამის რელიგია. დავდგეთ ერთი დროშის ქვეშ", - ნათქვამია ახმედ ჩატაევის სამწუთიან ვიდეომიმართვაში.

ახმედ ჩატაევი ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი. ის ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის მსვლელობისას შეიარაღებულ პირებთან ერთად იმყოფებოდა და ჯგუფის ლიკვიდაციისას ქართველ სამართალდამცავებთან შეტაკებაში დაიჭრა. იგი სამხედროებს ათი დღის განმავლობაში ემალებოდა და ბოლოს ქართველ მესაზღვრეებს ჩაბარდა. გართულებული ჭრილობის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტალში ფეხი მოაჭრეს.

დაპატიმრებულ ახმედ ჩატაევს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, აგრეთვე შეიარაღებული დაჯგუფების წევრობას ედავებოდა. თუმცა 2013 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო და 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

"მე უდანაშაულო ვარ და, ალაჰის ნებით, მე დღეს თავისუფალი ვარ. დიდი მადლობა თქვენ, ჟურნალისტებს, რადგანაც ჩემი სიმართლის დამტკიცებაში თქვენც დიდი როლი ითამაშეთ. ქართველებისა და საქართველოს წინააღმდეგ არანაირი წყენა არ მაქვს. ეს ყველაფერი, რაც მოხდა, ღმერთის ნება იყო. თუმცა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, ის ძალიან ცუდად მოიქცა", - თქვა ჩატაევმა სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ლოპოტას ხეობაში იგი ქართველი ძალოვანების თხოვნით იყო ჩასული, რათა შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა და იარაღის დაყრაზე დაეთანხმებინა. შესაბამისად, იმ ბრალდებებს, რომელსაც მას უყენებდნენ, იგი დაუსაბუთებლად მიიჩნევდა.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის ახმედ ჩატაევი ავსტრიის მოქალაქეა. 1990-იან წლებში ჩეჩნეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მისი ოჯახი საქართველოში, პანკისის ხეობაში გადმოვიდა საცხოვრებლად. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში.

2000 წელს დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. დაკითხვისას ძალოვანებმა იგი აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს.

ჩატაევი ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი ლიდერის, ახმედ ზაკაევის ნდობით აღჭურვილი პირია. ის ზაკაევის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო ავსტრიაში.

ჩატაევი დუისში 2010 წლიდან ცხოვრობდა. მას რუსეთისგან ავსტრიის ხელისუფლების მიერ 2003 წელს მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი იცავდა. საგულისხმოა ისიც, რომ 2007 წლის მარტში ჩატაევი იარაღის ტარების ბრალდებით შვედეთში დააკავეს და 2009 წლის იანვარში გაათავისუფლეს. იქ ის დევიდ მაიერის სახელით ცხოვრობდა.

2010 წლის იანვარში ჩატაევი უკრაინაში დააპატიმრეს. მოსკოვი ჩატაევის ექსტრადირებას კატეგორიულად ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩარევით ეს არ მოხდა. მას აქაც ლტოლვილის სტატუსმა უშველა. 2010 წლის მარტში უკრაინამ ჩატაევი თბილისს გადასცა. ჩეჩენს დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ აღმოუჩინა.

ახმედ ჩატაევის სირიაში გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასათვის. იგი იმ საზოგადოებრივი კომისიის წევრი იყო, რომელიც სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ინიციატივით შეიქმნა და იძიებდა ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს.

"ახმედ ჩატაევი, ისევე როგორც ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული სხვა ოთხი პირი, სირიაში წავიდნენ საბრძოლველად. ერთ-ერთი მათგანი, ეთნიკურად ჩეჩენი ამირ ნაიბი, ქალაქ ალეპოსთან წარმოებულ ბრძოლებში დაიღუპა.

"ჩატაევი სათავეში უდგას საკმაოდ ბრძოლისუნარიან სპეცდანიშნულების რაზმ "იარმუკს", რომელიც ჩრდილოკავკასიელი ჯიჰადისტებით არის დაკომპლექტებული.

"საქართველოში პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ჩატაევი ავსტრიაში წავიდა და სირიაშიც ალბათ იქიდან მოხვდა. რამდენადაც ვიცი, იქ 2013 წლიდან იმყოფება", - თქვა მაისაიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

იგი მიიჩნევს, რომ "ცალხელა ახმედის" ის მოწოდება, რომელიც ვიდეომიმართვაში გაიჟღერა ჩრდილოეთკავკასიელი მოჯაჰედების მისამართით, თავის გავლენას აუცილებლად იქონიებს.

"ჩატაევი ავტორიტეტული პიროვნებაა კავკასიაში. ამასთან, "ისლამურ სახელმწიფოს როგორც სამხრეთ, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი ე.წ. "შეფიცული" ჰყავს. ისინი ბრძანების შემთხვევაში მზად არიან, იმოქმედონ და, ასე ვთქვათ, დღის სინათლეზე გამოვიდნენ", - თქვა მაისაიამ.

მისივე თქმით, "ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოშიც ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს. ექსპერტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სირიაში საქართველოს 300-400 მოქალაქე იბრძვის და მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. იგი მიიჩნევს, რომ კავკასიელთა ასეთი მაღალი აქტივობა იმ სწორი იდეოლოგიური სამუშაოთია განპირობებული, რომელსაც ისლამისტი პროპაგანდისტები ეწევიან.

ამასთან, არსებობს სერიოზული სოციალური ინტერესიც, კერძოდ, ამ ტერორისტულ ორგანიზაციას დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს, რაც დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

"სამხრეთ კავკასიაში ისლამი კლასიკური სახით აქამდე ნაკლებად იყო გავრცელებული. ის ათეიზმთან უფრო ახლოს იყო, არც ტრადიციებს მისდევდნენ მაინცდამაინც. დღესდღეობით კი რადიკალური ისლამის გამოჩენამ, რომელიც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მკვიდრდება ჩვენს რეგიონში, ბევრზე მოახდინა ზეგავლენა.

"თავისი როლი ითამაშა პროპაგანდამაც და დღეს ბევრს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, ჭეშმარიტი ისლამი და ამ რელიგიის ღირებულებების დაცვა სწორედ ის იდეები მიაჩნიათ, რასაც რადიკალური ისლამი ქადაგებს", - თქვა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×