ვახტანგ შამუგია
02.03.2015

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საერთო ჯამში 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. სამთავრობო ჯარებისა და აჯანყებულთა რიგებში ათობით უცხო ქვეყნის ათასზე მეტი მოქალაქე იბრძოდა, მათ შორის არაერთი ქართველი. ამ ეტაპზე ქვეყნის მეამბოხე რეგიონებში სიმშვიდეა. მხარეები მინსკში 12 თებერვალს დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს ასრულებენ და პოზიციებიდან მძიმე ტექნიკა გაჰყავთ. კონფლიქტის ზონის დატოვება უცხოელი მოხალისეების ნაწილმაც დაიწყო.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე მოხალისეთა დიდი ნაწილი საკუთარ ვინაობას არ მალავს. ისინი ხშირად პოზირებენ ტელეკამერებთან, იძლევიან ვრცელ ინტერვიუებს და სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე გამომწერებს უზიარებენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადაღებულ თავიანთ ფოტომასალასა თუ ვიდეორგოლებს.

აღსანიშნავია, რომ მოხალისეები არიან არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა, არამედ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდანაც კი.

რატომ ჩადიან მოხალისეები კონფლიქტურ ზონებში და რატომ ცვლიან მშვიდობიან ცხოვრებას ომის ხიფათიან ყოფაზე - ამ კითხვაზე ორივე მხარეზე მყოფებს თავიანთი პასუხები აქვთ. სამთავრობო ჯარებში ძირითადად დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეები იბრძვიან. ისინი იქ კონფლიქტის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, 2014 წლის მაის-ივნისში გამოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე სეპარატისტებთან ბრძოლას 28 უცხოელი მოხალისის სიცოცხლე შეეწირა. ორი მათგანი - ალექსანდრე გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

სეპარატისტების რიგებში მებრძოლთა შორის ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა, მათ შორის გვხვდებიან დასავლეთ ევროპული ქვეყნების, მაგალითად, ესპანეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები, რომლებიც დონბასში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჩავიდნენ.

განსაკუთრებული აქტიურობით სერბები გამოირჩევიან, რომლებიც თავიანთ პრორუსულ ორიენტაციას არასდროს მალავდნენ. სერბი მოხალისეების ე.წ. შტაბ-ბინა მოსკოვშია. მას "პატრიოტი" ჰქვია და ძირითადად მეამბოხეთა მხარდამჭერ თანამემამულეთა დონბასში მოხვედრას უზრუნველყოფს. არაოფიციალური მონაცემებით, სეპარატისტთა მხარეს მებრძოლ სერბთა რაოდენობა 200-ს აღწევს.

არის მხოლოდ სერბებით დაკომპლექტებული შენაერთებიც. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხვოვანი და ბრძოლისუნარიანია "სერბი ჰუსარები". ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ დონეცკის აეროპორტისათვის მიმდინარე ბრძოლაში.

 "ჩვენ აქ ერთმორწმუნე სლავი ძმების დასაცავად და დასახმარებლად ჩამოვედით. დღეს აქ ისინი დასავლეთისა და ნატო-ს ბნელ, პროფაშისტურ ძალებს ებრძვიან. მე ძალიან კარგად მახსოვს ის ბოროტება, რაც ნატომ ჩაიდინა სერბეთში. ჩვენ არაფერი დაგვვიწყებია", - ამბობს საგაზეთო ინტერვიუში სერბი მოხალისე, სერბული არმიის ყოფილი ოფიცერი დეიან ბრიჩი, რომელიც "დუკა"-ს ფსევდონიმით იბრძვის. ის სნაიპერია.

მეამბოხე დონბასელთა მხარეს იბრძვიან ფრანგი მოხალისეებიც. მათ შორის არიან საფრანგეთის არმიის ყოფილი ოფიცრები და "უცხოური ლეგიონის" წევრები. ამ მოხალისეებს არაერთი ცხელი წერტილი აქვთ გამოვლილი და საკმაოდ გამოცდილ მებრძოლებად ითვლებიან.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ მადრიდის პოლიციამ აეროპორტშივე დააკავა ესპანეთის ის რვა მოქალაქე, რომლებიც უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. მათ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რადგანაც ადგილობრივი კანონით, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ბანდფორმირების წევრობა დასჯადია.

სეპარატისტთა მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებიც იბრძვიან. 2014 წლის ივლისის ბოლოს უკრაინელმა ძალოვნებმა დონბასში ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, ვინმე ტამერლან ენდალიევი დააკავეს.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში ე.წ. "დაქირავებული ბოევიკების" ყოფნა საეჭვოდ მიაჩნია სამხედრო მიმომხილველ გიორგი ინაურს. მისი აზრით, მხარეთა მწირი ეკონომიკური შესაძლებლობები ამას ნაკლებ სავარაუდოს ხდის.

"ზოგადად, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტში ადამიანი საბრძოლველად მიდის ან მატერიალური ინტერესის გამო, ან იმის გამო, რომ დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ღირებულებები და ინტერესები მისას ემთხვევა და ამისათვის ის მზადაა, თავიც კი გაწიროს. ეს უკანასკნელნი მაღალი საბრძოლო შემართებით გამოირჩევიან", - თქვა გიორგი ინაურმა "მთელ კვირასთან" საუბრისას.

მისივე თქმით, უკრაინელების მხარეს მებრძოლი ადამიანები, მათ შორის ქართველები, ძირითადად იმ ქვეყნებიდან არიან, რომლებსაც რუსული აგრესია თავის თავზე აქვთ გამოცდილი. შესაბამისად, უკრაინაში მათი მოხალისედ წასვლა სოლიდარობის გრძნობით აიხსნება. მისივე თქმით, იგივეა ფრონტის მეორე მხარესაც.

"სეპარატისტების მხარეს ძირითადად მემარცხენე იდეების ერთგული ადამიანები იბრძვიან. თანამედროვე ევროპაში ბევრი ადამიანი ემხრობა ამ იდეოლოგიას და როგორც წესი, ისინი პრო-რუსულად მოაზროვნე ადამიანებად ითვლებიან.

"რაც შეეხება სერბებს, მათ სლავური სოლიდარობის გრძნობა ამოძრავებთ. სხვათაშორის, 1990-იან წლებში, ბალკანური ომებისას სერბების მხარეს არაერთი რუსი მოხალისე იბრძოდა", - აღნიშნავს ინაური.

მისივე თქმით, რუსეთის ბევრი მოქალაქე, რომელიც დღეს დონბასში იბრძვის, მოხალისეა, რადგანაც მათი ნაწილი წარმოშობით სწორედ ამ რეგიონიდანაა, ნაწილზე რუსულმა პროპაგანდამ იმოქმედა, რომლის მიხედვითაც უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება პროფაშისტური იდეოლოგიის მატარებელია.

ინტერნეტსივრცეში იმის არაერთი დამადასტურებელი ცნობა გავრცელდა, რომ დონბასში მოხალისეებთან ერთად რუსული არმიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის ახალწვეულებიც იბრძვიან. ნებაყოფლობითია თუ არა მათი იქ ყოფნა, რთული სათქმელია, თუმცა, მათი მშობლების ვიდეომიმართვები, რომლებსაც თავიანთ შვილებთან ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონით აქვთ, საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

სეპარატისტთა მხარეს აქტიურად იბრძვიან ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეებიც, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის პირადი გვარდიის წევრები.

საერთაშორისო მედიაში ეუთოს დამკვირვებლებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, საბრძოლო მოქმედებების ინტენსიობის კლებასთან ერთად, იკლო შეიარაღებულ პირთა რაოდენობამაც. მათ შორის კონფლიქტის ზონა ბევრმა უცხოელმა მოხალისემაც დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×