ლიკა ამირაშვილი
05.03.2015

ბიუჯეტში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ფული დღესაც დევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

"წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს შეწყვეტილი ჰქონდა იმ ობიექტების პრივატიზაცია, რაზეც დავა მიმდინარეობდა. ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღესაც დევს ბიუჯეტში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ფული. თავისთავად ცხადია, იმის მიხედვით, რა თანხაზე იქნება საუბარი, დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შევთავაზებთ," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

თქვენი აზრით, გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა დაზარალებულებს უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას რომ დააბრუნებს ან მის ღირებულებას აუნაზღაურებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): თქვენ წარმოიდგინეთ, მჯერა, ვინაიდან ასეთი განცხადება შედეგის გარეშე ვერ დარჩება. ვალის გასტუმრების იდეა ჰაერში ვერ ჩამოეკიდება. სხვა საკითხია, რამდენად სრულად მოხდება და პრიორიტეტს ვის მიანიჭებენ. რამდენადაც მე ვიცი, ზოგიერთი აქტივი სახელწიფომ დაიბრუნა, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია იმ კერძო პირებს ჩამოერთვათ ქონება, რომელსაც ის ღირსეულად არ მოუპოვებია. ეს არის სამართლიანობის აღდგენის დაგვიანებული, მაგრამ საჭირო ზომა.

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  ჩემი აზრით, მთავრობა გააკეთებს იმიტომ, რომ აუცილებელიცაა. ფაქტობრივად, წინა ხელისუფლებამ საქართველოში ეკონომიკა გაანადგურა და მოსპო. ბიუჯეტი ტერორით შეავსო. აქედან გამომდინარე, მთავრობას უნდა თუ არა, მაინც უნდა გააკეთოს. უბრალოდ, ეს იქნება არა იმ დოზით, რამდენადაც ეს ხალხია დაზარალებული, არამედ იმით, რისი გადახდაც შეეძლებათ.

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  მჯერა, რადგან როგორც იქნა მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც აბსოლუტურად მიუკერძებელი კადრებითაა დაკომპლექტებული. ვიცით, რომ ამ დეპარტამენტის მუშაობა ძალიან დატვირთული იქნება, ვინაიდან როგორც ცნობილია, 600-ზე მეტი განცხადებაა, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევას უკავშირდება. ქონების უკანონოდ ჩამორთმევის დამტკიცების შემთხვევაში, სახემწიფო ვალდებულია, მათ აუნაზღაუროს.

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ძალიან მინდა დავიჯერო. როდესაც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, იმედი ჰქონდათ, რომ წართემულ ქონებას დაიბრუნებდნენ. ჩემი აზრით, სამართლიანობის აღდგენა სწორედ ამით უნდა დაწყებულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირება შეასრულონ. როგორც ჩანს, ნამუშევარიც აქვთ და ალტერნატიული გზაც მოიფიქრეს, სასურველია, რომ გაკეთდეს და წარმატებებს ვუსურვებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×