"მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან 2015 წლის ბიუჯეტის ორი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
"მინისტრებს მოგიწოდებთ გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ და შეგახსენებთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე, იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა შევასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, რომელიც გაწერილია ბიუჯეტის მიხედვით. ასე რომ, ეს იქნება გამგებელი, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს.
"ეს გეხებათ თქვენ, მინისტრებსაც, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი განრიგი. ზოგადად, რაც მე მესმის, ეს არის ის, რომ გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან, იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ და ხალხის მიმართ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ. "აუცილებლად მოხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მე მინდა ყველამ გაითვალისწინოთ ეს - მინისტრებმა, მერებმა, გამგებლებმა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დარჩეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თქვენი აზრით, პრემიერ-მინისტრი "პასუხისმგებლობის აღებაში" რას შეიძლება გულისხმობდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): მინისტრს პასუხისმგებლობა აღებული აქვს. ეს არის პოლიტიკური თანამდებობა, ამიტომ მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ქმედებებზე, რომელიც მის სფეროში მიმდინარეობს. ეს პასუხისმგებლობა თუ არ აქვს აღებული, საერთოდ მინისტრის ადგილი რატომ უნდა ეკავოს? არ ვიცი.
ამიტომ მე აბსოლუტურად ვეთანხმები ღარიბაშვილის განცხადებას, რომ თუ მინისტრი არ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალებას და მზად არ არის თავისი სფერო მართოს, მისი დათხოვნის, ან გაშვების საკითხი უნდა დადგეს.
ვიზიარებ ღარიბაშვილის ამ განცხადებას. ვფიქრობ, ეს განცხადება არის ძალიან დროული. ღარიბაშვილმა აუცილებელი საკადრო ცვლილებები უნდა განახორციელოს. გაუშვას ზერელე მინისტრები და პროფესიონალები მოიყვანოს. მთავრობას საკადრო ცვლილებები ესაჭიროება.
ღარიბაშვილი ამას თუ ვერ გააკეთებს, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი): ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ძალიან კარგია, რომ პრემიერი საკუთარ მინისტრებს აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას სთხოვს. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნოდ ძალიან ბევრი დაპირება გასცა. თავიდან დაანონსებული იყო ძალიან ბევრი კეთილი საქმის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრმა საქმემ ფინალამდე ვერ მიაღწია, შუა გზაზე გაჩერდა.
კარგია, რომ ამაზე აქცენტირება კეთდება, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ხოლმე საქმე სხვისი არგაკეთებულ საქმის დამალვასთან. ფსევდო გუნდური პრინციპი კი ვიცით, ქვეყანას როგორ აზიანებს, როგორც ეს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მოხდა. ეს ყველაფერი კი ძალიან ბევრი რამისგანაა გამოწვეული.
ძალიან ბევრმა სამინისტრომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. იმისათვის, რომ სახელმწიფო მყარი იყოს, მთავრობას პასუხისმგებლობა აღებული უნდა ჰქონდეს.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება დაგვიანებულიცაა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი ხალხის მიერ დაქირავებულები არიან. ხალხმა "ქართულ ოცნებას" ხმა იმიტომ მისცა, რომ დაპირებების შესრულების სჯეროდათ.
რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება ვერ შესრულდეს, მაგრამ რა დაპირებებიც იყო, იმის ნახევარზე მეტი მაინც უნდა შესრულდეს. ამის პასუხისმგებლობას გრძნობს პრემიერი და ამიტომ აცხადებს. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ განცხადებაში იგულისხმება, საკუთარ სავარძელს დაემშვიდობება.
გიგლა გობეჩია (ჟურნალ "ფენომენის" რედაქტორი, ასოცირებული პროფესორი): ხელისუფლება რასაც მოსახლეობას დაჰპირდა, აუცილებლად უნდა შესრულდეს. მაგრამ თუ ეს დაპირებები არ სრულდება, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
მიმაჩნია, რომ პრემიერმა ეს განცხადება, შესაძლოა, გვიან გააკეთა, მაგრამ კარგია, რომ გააკეთა. თუ ამ განცხადებას შემდეგ მინისტრების მიმართ სანქციებიც მოჰყვება, ძალიან კარგი იქნება. მე პირადად მივესალმები... იგივე ეკონომიკურმა გუნდმა ლართან დაკავშირებით აბსოლუტური უპასუხისმგებლობა გამოიჩინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე