საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოწვევის მიუხედავად, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
"შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით 5 მარტს.
"სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, წარმოდგენილ იქნეს სავლუტო სტაბილიზაციის გეგმა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
თქვენი აზრით, რატომ არ წარუდგინეს მთავრობის წევრებმა პრეზიდენტს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა დათქმულ ვადაში - იმიტომ, რომ ასეთი გეგმა შემუშავებული არ აქვთ, თუ არ თვლინ თავს ანგარიშვალდებულად პრეზიდენტის წინაშე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
ლია მუხაშავრია (ადვოკატი):"ვფიქრობ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეს გეგმა ჯერ მზად არ აქვს და ამიტომაც პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კონკრეტულ დროში ვერ წარადგინეს. თორემ ალბათ წარადგენდნენ, რადგანაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ეს პასუხისმგებლობა მათ გაცნობიერებული აქვთ."
გია მურღულია (ფილოლოგი, პედაგოგი): "მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ შიდა რეგულაციების საკითხია და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ჯერ ვერ მოახერხა ამ გეგმის დასრულება და სამუშაო პროცესში იმყოფებიან."
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "რადგანაც ქვეყანა უკვე გადადის საპარლამენტო მმართველობაზე და პრემიერ-მინისტრს ენიჭება უფრო მეტი უფლებები, ამიტომაც მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა საჭიროდ არ ჩათვალა, პრეზიდენტისთვის ეს გეგმა წარედგინა. ჩვენი პრეზიდენტი სუსტი ძალაუფლების მქონეა და ის მთავრობას კატეგორიულად ვერაფრეს ვერ მოსთხოვს. შესაბამისად, არც იმის ძალა არ გააჩნია, რომ მათ საწინააღმდეგოდ რაიმე სახის სადამსჯელო ზომებს მიმართოს."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):"პრეზიდენტი არის ხალხის მიერ არჩეული პირი, ამიტომ ვფიქრობ, კანონში რომც არ ეწეროს, რომ მას ამის მოთხოვნის უფლება არ აქვს, მათ მაინც უნდა ჩათვალონ თავი ანგარიშვალდებულად მისი მოთხოვნის შესასრულებლად. საერთოდ მთავრობამ პასუხის გაცემა უნდა ისწავლოს, როგორც პრეზიდენტის ასევე ხალხის მიმართ. მგონია, მათ ეს შეგნებულად გააკეთეს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე