ლიკა ამირაშვილი
09.03.2015

მთავრობის ეკონომიკურ გუნდს 5 მარტს პრეზიდენტისათვის ლარის კურსის სტაბილიზაციის გეგმა უნდა წარედგინა, რაც არ გააკეთა. ამის გამო პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციის თხოვნის საფუძველზე პარლამენტის საგანგებო სხდომას დანიშნავს, სადაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები უნდა მივიდნენ და სავალუტო სტაბილიზაციის გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტს ანგარიში უნდა ჩააბარონ.

საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო სხდომის მოწვევის წინააღმდეგია.

თქვენი აზრით, უნდა დანიშნოს თუ არა პრეზიდენტმა პარლამენტის საგანგებო სხდომა და რა შემთხვევაში? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვახტანგ ძაბირაძე  (პოლიტოლოგი): "პრეზიდენტის ადგილას მე უფრო სხვაგვარად მოვიქცეოდი - პარლამენტის საგანგებო სხდომას კი არ დავნიშნავდი, არამედ მთავრობის სხდომას. პრეზიდენტს უფლება აქვს, მთავრობის სხდომა სპეციალურად მოიწვიოს. საქართველოში ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელებდნენ.

"პრეზიდენტის გამოსვლა ამ თვეში იგეგმება და ამ გამოსვლის წინ მთავრობის ასეთი სხდომის ჩატარება პრეზიდენტის მხრიდან ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იქნებოდა. საპარლამენტო რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებდი."

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): "ჩემი აზრით, საქმე იქამდე მიდის, რომ ვერავითარი საგანგებო სხდომები და შეკრებები ლარის კურსს ვერ გააჩერებს. როდესაც ადამიანთა ჯგუფი იკრიბება, მათ თავიანთი სამშობლო ხომ უნდა უყვარდეთ? ტყუილად ხომ არ უნდა შეიკრიბონ? ამათ არც ერთს საქართველო არ უყვართ. მათ მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ. იმ ხალხის შეკრებას კი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და სამშობლო არ აინტერესებს, აზრი არ აქვს. სჯობს, ცალ-ცალკე იყვნენ, საკუთარ თავებს უფრო არ გამოამჟღავნებენ."

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის"  სამხატვრო ხელმძღვანელი): "ვფიქრობ, რიგგარეშე სხდომებით ზედმეტი ხმაური იქნება. მიმაჩნია, რომ შექმნილ მდგომარეობაში სჯობს, სიწყნარეში იმუშაონ და ისე გამოასწორონ, ვიდრე სხდომები მართონ. ეს ჩემი, არაკომპეტენტური კაცის აზრია."

 

 

 

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "მე, მაგალითად, ძალიან მიკვირს, რომ იმ პრეზიდენტის მერე ამ პრეზიდენტს თითქოს არც პატივს არ სცემენ, არც ეშინიათ და არც უყვართ. საერთოდ, წინა პრეზიდენტმა შიშსა და კანონის მორჩილებას მიგვაჩვია. ახლანდელ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ გადასარევი ადამიანი და მშვენიერი, განათლებული კაცია, ძალიან შეკვეცილი უფლებები აქვს. მისი აბსოლუტურად არ ეშინიათ, ალბათ ხშირად ავიწდებათ კიდეც, რომ პრეზიდენტია.

"მიმაჩნია, რომ პირველმა პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს ყველანაირი სხდომები და მან უნდა დატუქსოს ყველა. პური გაძვირდა და პურის გაძვირების შემდეგ ხალხი აჯანყდება. ხალხი თუ აჯანყდა, ვერანაირი უმცირესობა და უმრავლესობა ვერ უშველის ქვეყანას.

"პრეზიდენტი ძალიან ხშირად უნდა გამოვიდეს და ხალხი დაამშვიდოს. ქვეყანაში პირველი ადამიანი და პრეზიდენტია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×