ვანო მაჭავარიანი
საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის დოქტორი
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის პოლიტიკა საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან მიმართებაში, კითხვის ქვეშ აყენებს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ზოგადად ევროპაში "ცივი ომის" შემდეგ ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობას. რუსეთს დეკლარირებული აქვს საგარეო პოლიტიკა და მისივე გეოპოლიტიკური მიზნები: იგი ცალსახად მოიცავს სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას და ამით ე.წ. პრივილიგირებული გავლენის სფეროს ჩამოყალიბებას. ამას რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.
ცხადია, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ხელშეკრულებების გაფორმება, რომელიც მოკავშირეობასა და შემდგომ ინტეგრაციას გულისხმობს, სწორედაც რომ ამ მიზნებს ემსახურება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. მეტიც, ეს ნაბიჯები ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციას ქმნის საიმისოდ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა - საქართველოსა და მის ძირითად მოკავშირეებს, ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში სისუსტე დაინახა, გეგმას - საქართველოს თავის გეოპოლიტიკურ ინტერესში მოაქციოს წარმატებით განახორციელებს.
შესაბამისად, საქართველოს დღვანდელმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს აქტიური დიალოგი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებთან ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე - თუ რა შეიძლება დავუპირისპიროს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ რუსეთის დღევანდელ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას.
ასეთი მასშტაბური გამოწვევების ფონზე ცხადია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მეტწილად დამოკიდებულია არამარტო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ სტაბილურობაზე, არამედ ასევე ჩვენს ძლიერ საერთაშორისო პოზიციებზე, რაც განპირობებულია საქართველოს აშშ-თან, ევროპის და ჩვენი რეგიონის წამყვან პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების ხარისხზე.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ მისი საქმიანობის პირველივე ეტაპზე გადადგა არადამაჯერებელი და ხშირად არასწორი ნაბიჯები ამ მიმართულებით და საგრძნობლად შეასუსტა საქართველოს საერთაშორისო პოზიციები და მხარდაჭერა.
კერძოდ, ქვეყნის მმართველმა ძალამ მიიღო ცალსახა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად თავიდან აერიდებინა ნებისმიერი პარალელის გავლება უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიასა და საქართველოში 2008 წელს მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომს შორის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ღიად საუბრობდნენ საერთაშორისო ვიზიტების დროს. ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ არ დამდგარიყო კითხვის ქვეშ მთავრობის მიერ რუსეთთან დეკლარირებული რაციონალური დიალოგის და ურთიერთობის ე.წ. დალაგების პროცესი.
ცხადია, ამან არ იმუშავა. ეს ბოლო პერიოდში გამოჩნდა, როცა პროცესებმა აფხაზეთში ის ხასიათი მიიღო, რომელიც მაისის თვეში დაიწყო, რასაც ანქვაბის გადადგომა, ხაჯიმბას არჩევა და აფხაზეთთან ხელშეკრულების ხელმოწერა მოჰყვა. მოსკოვის ეს ნაბიჯი რუსეთის ფედერაციაში ჯერ აფხაზეთის და ახლა უკვე ცხინვალის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სივრცეში ინტეგრაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ.
რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები კი, იმ წერტილშია გაყინული, რომელშიც უფრო მეტად რუსული ინტერესი იკვეთება, ვიდრე ქართული. ვინაიდან, იგი უკავშირდება რუსეთის მიერ ქართული ინფრასტრუქტურის მიმართ კარგა ხნის წინ დეკლარირებულ ინტერესის პრაქტიკულ რეალიზაციას, რაზეც როგორც ჩანს, კარასინ-აბაშიძე პრაღის ფორმატში ინტენსიურად საუბრობენ. ამ ფორმატის შედეგად, რუსეთმა ზურაბ აბაშიძის სახით მიიღო კარგი კომუნიკატორი იმ იდეებისა, რომელიც რუსეთმა საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ და ბიზნესს წრეებს ქართულად და რბილად უნდა მიაწოდოს.
რუსეთი საქართველოსთან გაცილებით მომგებიან მდგომარეობაშია და შეუძლებელია პრემიერის ერთმა წარმომადგენელმა ქართული პოლიტიკური წრეების და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერის გარეშე, რუსული ზეწოლის გაძლება შეძლოს და მარტო შეძლოს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა.
ასევე პრობლემურად და ბუნდოვანი რჩება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში, რომელიც ფაქტობრივად ჩაშლის პირასა და უფრო მეტ კითხვას აჩენს ვიდრე პასუხებს.
დღევანდელ ვითარებაში, როცა რუსეთს მიაჩნია, რომ ყველა ბრძოლა მოიგო პოსტსაბჭოთა სივრცეში, საკმაოდ რთულად წარმოსადგენია, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე იყოს წამსვლელი, როგორც მრავალმხრივ საერთაშრისო ფორმატში, ახევე ორმხრივ "არაფორმალურ" დიალოგში.
მთავრობამ ეს საბოლოოდ აღიარა და რუსეთის მიმართ ხელისუფლების მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ ამ მიდგომამ ვერ იმუშავა. ეს პოლიტიკა საჭიროებს კორექტირებას და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას.
ბოლო ვიზიტის დროს პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრიუსელში ღიად ისაუბრა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც რუსეთთან არსებობს და პირველად, რამოდენიმე თვის დაგვიანების შემდეგ ერთგვარად გამოეხმაურა პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გავლებულ პარალელებს უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და ჩვენთან 2008 წელს მომხდარს შორის და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად ემუშავა ამ მიმართულებითაც.
პრემიერმა პოზიციის დეკლარირება კი მოახდინა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას ახასიათებს ერთის თქმა და მეორეს კეთება, ახლა მთავარია, რა ნაბიჯებს გადადგამს იგი ამ მიმართულებით.
მხედველობაში მაქვს ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ აშშ-სა და ჩვენი სხვა ძირითადი ევროპელი მოკავშირეების მიმართულებით უნდა გადადგას, რათა ჩვენ რეალურად ვიგრძნოთ, რომ დასავლეთი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ინტეგრაციის გეგმებს, მსგავსად უკრაინისა პოსტსაბჭოთა სივრცის და ზოგადად ევროპის მშვიდობის და უსაფრთოხების რეალურ საფრთხედ განიხილავს.
ცხადია, რომ საქართველოს მთავრობას ევროპასთან და აშშ-თან ამ გზავნილის ეფექტური კომუნიკაციის და მათი დარწმუნების პრობლემა აქვს. არ ჩანს, რომ დასავლეთისთვის რუსეთის ქმედებები საქართველოს ორი რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ისეთივე აქტუალურია, როგორც კრემლის მსგავის ქმედებები უკრაინაში.
აუცილებელია ჩვენ საერთაშორისი პარტნიორებთან ერთად აქტიური პოლიტიკის ხედვის ჩამოყალიბება, დაგეგმვა და მისი ეფექტური განხორციელება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში.
ამ მიმართულებით, ჩვენი მთავარი მოკავშირე იყო და რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ეს საქართველოს დამოუკიდებობის ბოლო ოცმა წელმა ნათლად გვაჩვენა.
სამწუხაროდ, სახეზეა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარკვეული დეგრადირება. როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციურ დონეზე. რეალურად, ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც რეგიონული თუ გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე კლებულობს. ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მიუხედავათ, საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვნად ახალ საფეხურზე აყვანა.
პრობლემა კიდევ უფრო გაღმავდა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ. იგი აშშ-თან და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ურთიერთობებში წამყვანი ფიგურა გახლდათ. იგი ვაშინგტონში, ბრიუსელში და ევროპის სხვა დედაქალაქებში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა და იქ კარგად ესმოდათ, რომ მას ჰქონდა რუსეთის პოლიტიკის, საქართველოს დასავლეთთან დაახლოვების და ატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების არა მარტო ხედვები, არამედ ჩამოყალიბებული პოლიტიკა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, რასაც "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიციის დატოვება მოჰყვა, პოლიტიკურ ოპოზიაციათან გაუთავაებელი კინკლაობისა და საქართველოს პრეზიდენტთან ღია პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გაუჩნდათ განცდა, რომ საქართველოს აშშ-სთან და ნატოსთან დაახლოების პოლიტიკური დღის წესრიგი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არ ემთხვევა კოალიცია "ქართული ოცნების" ზოგადად და მისი არაფორმალური ლიდერის, ივანიშვილის პოზიციებსა და დღის წესრიგს და გააჩინა კითხვები მთავრობის მიერ ფორმალურად დეკლარირებული და რეალურად წარმოებული საგარეო პოლიტიკის თავსებადობის შესახებ.
სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის თუ ცალკეული მინისტრების ნატოსთან, ევროკავშირთან თუ რუსეთთან მიმართებაში გაკეთებულმა განცხადებებმა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში ეს ეჭვი მხოლოდ გაამყარა.
შესაბამისად, დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდა შესათავაზოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ხედვა, განსაზღვროს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა და მათთან აქტიური კომუნიკაციით და მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყოს მისი პრაქტიკული განხორციელება.
არსებობს თუ არა მთავრობაში ამის ინტელექტუალური რესურსი თუ პოლიტიკური ან ინსტიტუციური მზაობა, "ქართული ოცნების" უმაღლესი თანამდებობის პირების - პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და მთავრობის მეთაურის ერთიანი პოზიცია და დღევანდელი მმართველი ძალის არაფორმალური ლიდერის, ივანიშვილის პოლიტიკური ნება, ამას უახლოესი დრო აჩვენებს.