ლიკა ამირაშვილი
09.03.2015

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტისა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

"თავისუფალი დემოკრატები" მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაგვთანხმდა, რათა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა შედგეს. ჩვენ გავიზიარეთ პრეზიდენტის ის პოზიციაც, რომ ამ სხდომაზე აუცილებლად უნდა იყვნენ მოწვეული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენებს. "რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის გამართვის თარიღს, რეგლამენტისა და პროცედურის მიხედვით, ეს იქნება მიმდინარე კვირას", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

თქვენი აზრით, საპარლამენტო რიგგარეშე სხდომის მოწვევას რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): საპარლამენტო რიგგარეშე სხდომის ჩატარებას აზრი არ აქვს. პარლამენტმა რა უნდა გადაწვიტოს? ის, ვინც ამ სხდომის მოწვევას დაჟინებით ითხოვს, პარლამენტის მნიშვნელობაც არ იცის. სიტყვა პარლამენტი ფრანგული სიტყვაა და ქართულად სალაპარაკო ადგილს ნიშნავს. ლარის ასეთი მცოცავი კურსი, უპირველ ყოვლისა, გარეგან პროცესებზეა დამოკიდებული, ამიტომ ეს სხდომა რას უშველის, არ ვიცი.

ლარი ისეთი ფულადი ერთეულია, რომელიც ყოველ წუთს და ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს. ეს საქართველოს მთავრობაზე არ არის დამოკიდებული, ამას გარეგანი პროცესები მართავს.

აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ დაჯდებიან და ილაპარაკებენ. მეტი ამას არავითარი დანიშნულება არ ექნება. ვინც ამ სხდომის მოწვევას ითხოვს, საკუთარი თავისთვის პიარს იკეთებს, მეტი ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

 ქეთა გაბიანი  (კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის"): იმედი მაქვს, რომ მთავრობა იძულებული გახდება, ადეკვატური გეგმა შეიმუშაოს და იძულებული გახდება რჩევები გაითვალისწინოს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ასე არ შეიძლება ცხოვრება.

ეს მოგონილი არ არის, წამლები რომ გაძვირდა. მხოლოდ წამლები ხომ არ არის, ბავშვებს ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ. იმედია, გაითვალისწინებენ. ასე ხომ არ შეიძლება, არავის არ მოუსმინონ და არავის გამოცდილება არ გაითვალისწინონ.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  ამასთან დაკავშირებით მე უკვე ჩემი აზრი ჩამომიყალიბდა. ის, რომ ლარი კარგად და ჯანმრთელადაა, ჩემთვის გაუგებარია. როგორ არის ჯანმრთელად, როცა სხდომას ვიწვევთ.

საერთოდ მგონია, რომ მთავრობაში დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს. საკადრო ცვლილებებია სასწრაფოდ საჭირო. როგორც ჩანს, ეკონომიკურ მდგომარეობას ვიღაც ვერ ერევა. შესაბამისად ცვლილებებია საჭიროა. კონკრეტულად პარლამენტის სხდომის მოწვევა ამას თუ უშველის, რაღაც ეჭვი მეპარება. ის ეკონომიკური ხელმძღვანელი, ვინც საქმეს ვერ აკეთებს, უნდა გამოიცვალოს.

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  ვფიქრობ, ეს სხდომა იმ პროცესს, რაც ლარს დაემართა, ვერ უშველის. პარლამენტის სხდომა რას უშველის, როდესაც ფაქტობრივად ეკონომიკური და ფინანსური გუნდი პროცესებს ვერანაირად ვერ მართავს. პესიმისტურად ვარ განწყობილი, ვერაფერს ვერ უშველის, თუმცა მაინც კარგია, თუ ეს სხდომა დაინიშნება.

 

 

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების  მართვის სპეციალისტი): პრეზიდენტისგან ეს გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ საგანგებო სხდომის ფუნქცია არის ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციას ტრიბუნა მივცეთ. ამ წუთისათვის, ის მიზეზი, რისთვისაც საგანგებო სხდომის ვიწვევთ, შედარებით დასტაბილურდა.

მეორე მხრივ, თუ საპარლამენტო სხდომა შედგება, რა თქმა უნდა, გამოდის, რომ პრეზიდენტი სიმპათიას ან პოლიტიკურ თანაერთიანობას გამოხატავს "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტი მარგველაშვილი საკუთარ თავს პარტიის პრეზიდენტად ავლენს. ამ მხრივ მის გადაწყვეტილებას დაფიქრებულსა და კეთილსინდისიერს ვერ ვუწოდებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×