მოსაზრება
11.03.2015

რამაზ გახოკიძე

პროფესორი, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი

ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ საკმარისად არა აქვს შეგნებული მიწათმოქმედების გადაჭარბებული ქიმიზაციის საშიშროება. მაღალპროდუქტიულ სავარგულზე ზრუნვა, პირველ რიგში, ბიოსფეროს გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. შხამქიმიკატებისა და სასუქების ხელაღებით გამოყენებამ შესამჩნევად შეამცირა მიწის ნაყოფიერება (გაზარდა მიწის ეროზია და შეამცირა ჰუმუსის წარმოქმნა), გააუარესა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვისებები. შხამქიმიკატების გამოყენებით მთელი საზოგადოება ზარალობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხოლო ადამიანთა ჯანმრთელობა უარესდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფრო ძვირი ჯდება საერთო ჯამში. ცალკეული უწყებები კი ხანმოკლე მოგებას იღებენ.

სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია დღეს პროდუქციის მაღალი ხარისხისა და მისი უვნებლობის გარანტიას არ იძლევა. მინერალური სასუქებიდან აქტიური ნივთიერების შეთვისების კოეფიციენტი ძალიან დაბალია - აზოტისთვის იგი შეადგენს 35-50%-ს, ფოსფორისთვის - 20%-ს, ხოლო კალიუმისთვის - 25-60%-ს. ყველა დანარჩენი კი, სამწუხაროდ, გარემოს აბინძურებს.

თეორიულად შესაძლებელი მაქსიმალური მოსავლის მიღება (სიმინდის შემთხვევაში 220 ც/ჰა) დამოკიდებულია ზრდისა და გენერაციული განვითარების პირობების შექმნაზე, რომლის დროს ყველაზე სრულად ვლინდება მცენარის ბიოლოგიური შესაძლებლობანი.

ცნობილია, რომ ნიადაგი შეიცავს 150 მილიარდ ტონა აზოტს. ერთ-ერთი უღარიბესი კორდიან-ეწერიანი ნიადაგი კი 20-სანტიმეტრიან სახნავ ფენაში შეიცავს 2-4 ტონა აზოტს თითოეულ ჰექტარზე. ხორბალი საშუალო მოსავლიანობის შემთხვევაში ერთი ჰექტრიდან ითვისებს მხოლოდ 70 კილოგრამამდე აზოტს, რაც არაშავმიწა ნიადაგში მას 50-60 წელიწადს ყოფნის. შავმიწა ნიადაგის ყოველ ჰექტარზე დაგროვილია 20-30 ტონა და უფრო მეტი აზოტი. ეს კი 300-400 წლის მარაგია. ამიტომ დღეს პრობლემას წარმოადგენს მცენარის მიერ აზოტისა და მიკროელემენტების შეთვისების გააქტიურება.

ერთ-ერთ ალტერნატიულ მიმართულებას სოფლის მეურნეობაში წარმოადგენს ორგანული მიწათმოქმედება. ორგანული სოფლის მეურნეობის ფუძემდებელია ჯ. როდეილი, რომელმაც 1950 წელს შემოიღო ტერმინი "ორგანული". თავად იგი ვარაუდობდა ას წლამდე ეცოცხლა, თუმცა 72 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის შეტევით.

ორგანული მიწათმოქმედების არსი მდგომარეობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანაში მინერალური სასუქების, მავნებლებთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალების გამოყენების გარეშე. ამ ტიპის მიწათმოქმედების ძირითადი პრინციპები საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში, მიწა კი არ უნდა იხვნებოდეს, არამედ უნდა ფხვიერდებოდეს არა უღრმეს 5 სმ-ისა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გადაბარვა და ღრმა ხვნა თრგუნავს მიკროორგანიზმების და ჭიების აქტიურობას, შლის ნიადაგის სტრუქტურას, რითაც აქვეითებს მის ნაყოფიერებას. ამ დროს ხდება ჟანგბადით ნიადაგის გაჯერება და ნიადაგის ბაქტერიები იწყებენ ჰუმუსის გარდაქმნას მცენარეებისთვის ხელმისაწვდომ მინერალურ სასუქებად, რაც უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალ მოსავლიანობას მოხნულ მიწებზე, მაგრამ მხოლოდ 2-3 წლის განმავლობაში! შემდეგ ჰუმუსის რაოდენობა მნიშვნელოვნად ეცემა, მოსავლიანობა იკლებს, მცენარეთა იმუნიტეტი სუსტდება, ვრცელდება დაავადებები და მავნებლები. მაშინ კი აუცილებელია სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენება.

ორგანული მიწათმოქმედების მეორე პრინციპია "მულჩირება". "მულჩა" არის ყოველივე ის, რითაც დაფარულია ნიადაგი: ჩალა, თივა, ფოთლები, ნახერხი, მოცელილი სარეველები. "მულჩა" იცავს მიწას, მიკროორგანიზმებს და ჭიებს უქმნის ხელსაყრელ პირობებს.

ორგანულმა პროდუქტებმა მაღაზიათა თაროებზე გამოჩენისთანავე დაიმკვიდრა ადგილი მომხმარებლის სასურსათო კალათაში. ტრადიციულად მოყვანილი ბოსტნეული და ხილი, ჩვეულებრივ, ნაკლები ღირს, მაგრამ არის კი მათი ძვირადღირებული ორგანული ვარიანტები უფრო უსაფრთხო და ნოყიერი? მყიდველი დადგა დილემის წინაშე.

სიტყვა "ორგანული" ნიშნავს ხერხს, რითაც ფერმერებს მოჰყავთ და ამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. გლეხები, რომელთაც მოჰყავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, არ იყენებენ ტრადიციულ სასუქებსა და პესტიციდებს და იყენებენ თესლბრუნვას, ბუნებრივ სასუქებს (ნაკელი, კომპოსტი), ხოლო მავნებლების გასანადგურებლად - სასარგებლო მწერებსა და ჩიტებს, ნაცვლად სინთეზური პესტიციდებისა.

აშშ სოფლის მეურნეობის სამინისტროს (გთვფ) თანახმად, პროდუქტი ორგანულია, თუ იგი არანაკლებ 95% ორგანული ინგრედიენტებისგან შედგება. ტერმინები "ორგანული" და "ნატურალური" ურთიერთშენაცვლებადი ტერმინები არ არის. "ორგანული" არ ნიშნავს "ნატურალურს", ანუ "ბუნებურს" (ილია ჭავჭავაძის ტერმინი).

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული, ორგანულ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მსოფლიო ბაზრები ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. მაგალითად, აშშ-ში ორგანულ მეურნეობათა ბაზრის მოცულობამ იმ პერიოდში შეადგინა 1 მილიარდი დოლარი, 2003 წელს - 13 მილიარდი. ამჟამად აშშ-ის მოსახლეობის ერთი მესამედი სულ უფრო და უფრო ხშირად ყიდულობს ბიოსაქონელს და ბიოპროდუქციაზე ხარჯავს დაახლოებით 22 მილიარდ დოლარს წელიწადში.

ორგანული მიწათმოქმედება განსაკუთრებით განვითარებულია ევროპაში. 120 ათასზე მეტი ფერმერული მეურნეობაა დაკავებული ორგანული მიწათმოქმედებით და მეცხოველეობით. მაგალითად, ჰოლანდიაში, შვედეთში და გერმანიაში სასოფლო-სამეურნეო მიწების 20% ბიომეურნეობებს უჭირავს, განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ბავშვთა ბიოპროდუქტების ბაზარი, რომელსაც ორგანული პროდუქტების საერთო მოცულობის 50%-მდე უკავია.

ორგანულ მიწათმოქმედებას მრავალი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც ეყრდნობიან შემდეგ მოსაზრებებს: ორგანული პროდუქტები 50-60%-ით ძვირია ტრადიციულთან შედარებით. ეს იმით არის განპირობებული, რომ ორგანულ მეურნეობაში მოსავლიანობა შედარებით დაბალია და იგი მოითხოვს ხელით შრომის ფართოდ გამოყენებას, ბუნებრივ სასუქს, ნატურალურ საკვებს ცხოველებისათვის და გამორიცხავს აგროქიმიკატების გამოყენებას. ეს ფაქტორი კი განაპირობებს ფასის ფორმირებას.

ორგანული მეურნეობა იყენებს სასუქების, ჰერბიციდების, პესტიციდების შეზღუდულ რაოდენობას, რომელთაგან უმრავლესობა არაეფექტურია. მაგალითად, ორგანული მეთოდით მომუშავე ფერმები იყენებენ შაბიამანს, რომელიც ბევრად უფრო ტოქსიკურია, ვიდრე ჩვეულებრივ მეურნეობებში გამოყენებული პრეპარატები.

ებრაული უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის მეცნიერები რეკომენდაციას არ აძლევენ "ორგანული" სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ორგანულ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული "ბუნებრივი" პესტიციდები არანაკლებ შხამიანია, ვიდრე "ხელოვნური". სხვაგვარად ისინი უბრალოდ ვერ შეასრულებდნენ თავიანთ ფუნქციას მავნებლებთან საბრძოლველად. ისრაელის მოსახლეობის 98% ჩვეულებრივ არ იკვებება "ორგანული" სოფლის მეურნეობის პროდუქტით. მიუხედავად ამისა, ისრაელში სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

ორგანული სოფლის მეურნეობის შემთხვევაში ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება და მოსავლის მიერ გამოტანილი საკვები ელემენტების დაბრუნება მიიღწევა ნაკელის საშუალებით. ორგანული მეურნეობა ყველგან რომ გავრცელდეს, მაშინ სავარგულებად გამოყენებული ფართობების მნიშვნელოვანი წილი საძოვრებად უნდა იქცეს, 30%-ით უნდა შემცირდეს მარცვლეული კულტურებით დაკავებული ფართობი და 70%-ით კარტოფილით დაკავებული ფართობი. მსოფლიოში გამოყენებული ყველა აზოტიანი სასუქის ნაკელით შესაცვლელად საჭიროა დაახლოებით 6 მილიარდი ძროხა.

როგორც მინესოტის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, სალმონელოზით დასენიანების ალბათობა ორგანულ მეურნეობაში მოყვანილი ბოსტნეულით 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ბოსტნეულით, რადგან ორგანულ მეურნეობებში გამოყენებული ნაკელი წარმოადგენს ხელსაყრელ გარემოს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გასამრავლებლად.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ "ორგანული" პროდუქტები, რომლებიც მოყვანილია მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებათა გამოყენების გარეშე, ხშირად დაავადებულია საშიში სოკოთი ასპერგილუსით - შავი ობით, რომელიც წარმოადგენს ტოქსინს (ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენი) და იწვევს ღვიძლის კიბოს. ნაკელი და სხვა ორგანული ნარჩენები, რითაც ანოყიერებენ ფერმერები მინდვრებს, ძლიერად აბინძურებს გრუნტის წყლებს.

"ორგანული" მიწათმოქმედება ზრდის ბაქტერიული ინფექციის შანსს. ბაქტერიული გაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს ნატურალური სასუქი. ამერიკაში კვების პროდუქტთა ყველაზე საშიშ ბაქტერიებს წარმოადგენს ნაწლავის ჩხირი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს საქონლის ნაკელი - ორგანული მიწათმოქმედების "ბუნებრივი" სასუქი.

ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია აგრობიოორგანულ, ანუ ალტერნატიულ მიწათმოქმედებაზე გადასვლით ეკონომიკურად დასაბუთებული პროგრესული ტექნოლოგიის გამოყენების გზით. ასეთი სოფლის მეურნეობის კრიტერიუმს უნდა წარმოადგენდეს არა იმდენად წარმოების მოცულობის გაზრდა, როგორც მიღებულია, არამედ მისი თვითღირებულების შემცირება, მაქსიმალური მოგების მიღება, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და ქიმიზაციით დარღვეული ნიადაგის ბიოლოგიური ნაყოფიერების აღდგენა.

ალტერნატიული მიწათმოქმედების საბოლოო მიზანია ეკოლოგიურად ბალანსირებული მიწათმოქმედება და მეცხოველეობა ეკოლოგიურად სუფთა უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტებით კაცობრიობის უზრუნველყოფისათვის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×