იაგო ნაცვლიშვილი
11.03.2015

 1 წლისა და ათი თვის მამუკა ხაჩიურს დაუდგინდა უმძიმესი დაავადება "რასმუსენის ენცეფალიტი". ბავშვს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ. ოპერაცია თურქეთში კეთდება, რომლის ღირებულება 25 000 აშშ დოლარია, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. 10 000 აშშ დოლარით ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვის ოჯახი კონფლიქტის ზონაში - გორის რაიონ სოფელ ქორდში ცხოვრობს.

დედა, ეკა ადუაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ გასული წლის ივლისში ბავშვი მოულოდნელად ჩავარდა კრუნჩხვებში. მშობლებს მოწამლული ეგონათ და ექიმთან წაიყვანეს, თუმცა ავადმყოფობა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

"გორის საავადმყოფოში წავიყვანეთ, სადაც გვითხრეს, რომ მოწამვლის ბრალი არ იყო. უკან გამოგვატანეს, თუმცა გზაში იგივე განმეორდა. ამის შემდეგ ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. მეორე დღეს მომჯობინდა და მალევე გამოწერეს, თუმცა ერთ კვირაში იგივე განმეორდა.

"ამის შემდეგ უკვე გამოკვლევებზე თბილისში წავიყვანეთ. თავზე ენციფალოგრამა გადავუღეთ და ბავშვის თავის ტვინში რაღაცები გამოჩნდა. ამის შემდეგ რამდენიმე გამოკვლევა კიდევ გავუკეთეთ. ბოლოს იაშვილის კლინიკაში დავუწყეთ მკურნალობა, აღმოჩნდა, რომ ბავშვს აქვს ეპილეფსიური დაავადება "რასმუსენის ენცეფალიტი", რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

"თავიდან წამლით მკურნალობა დაიწყეს, თუმცა ამან შედეგი არ მოიტანა. პირიქით, ბავშვს ხელი და ფეხი გაუჩერა. რეფლექსები მთლიანად დაკარგული ჯერ არ აქვს, მაგრამ ხელს და ფეხს ვერ იყენებს. ახალი წლიდან წევს. უმოძრაობის გამო მას ფილტვებში ნახველიც დაუგროვდა, შედეგად ფილტვების ანთებაც დაემართა. ახლა უკვე ერთი კვირაა იაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს", - ამბობს ბავშვის დედა, რომლის თქმითაც, ოპერაცია საქართველოში არ კეთდება. ოჯახმა მონაცემები უკვე გაგზავნა სტამბოლში, საიდანაც დადებითი პასუხი მიიღო, თუმცა ამ ოჯახს საჭირო თანხა არ აქვს.

"ოპერაცია 25 000 აშშ დოლარი ჯდება. ჯანდაცვის სამინისტრომ 10 000 აშშ დოლარით დაგვაფინანსა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ვთხოვ ყველას, ვისაც რითი შეუძლია, დაგვეხმარონ და გადამირჩინონ შვილი," - გვითხრა აცრემლებულმა ეკა ადუაშვილმა.

ოჯახი არაერთ საქველმოქმედო ფონდში იყო მისული დახმარების სათხოვნელად, თუმცა უთხრეს, რომ ისინი მხოლოდ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აფინანსებენ.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ანგრიშზე: GE74BG0000000711652200; ან დარეკეთ მობილურიდან 0901700446. მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე: 551730909

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×