"ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა ან ლარს ან ეკონომიკას წაადგება," - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეკითხვას, დაესწრება თუ არა პარლამენტში რიგგარეშე სესიას.
"მინდა, გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ არის კავშირში ის, რომ ჩვენ ახლა თუ გამოვალთ და პოლიტიკური შოუს მონაწილეები გავხდებით, ან გაცვლითი კურსი დასტაბილურდება და უკან დაიწევს, ან ეკონომიკაში უცბად მოხდება ბუმი. პირიქით, ეს პროცესები ხელს შეუშლის სიტუაციის განვითარებას," - განაცხადა ხადურმა.
თქვენი აზრით, საპარლამენტო რიგგარეშე სხდომა ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): რადგანაც გადაწყდა, რომ შეხვედრა უნდა მოხდეს, ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნება. მთავრობამ კითხვებზე კიდევ ერთხელ უნდა უპასუხოს - რატომ ხდება დევალვაცია? ამ შეხვედრით არავითარ საპანიკოს და საშიშს მთავრობისთვის ვერ ვხედავ. მთავრობა რაც მეტს მოისმენს, შეიძლება რაიმე დასკვნა გამოიტანონ, ისეთი, რომ თვითონ მათ წაადგეთ.
გია ბუღაძე (ფერმწერი): თუ საზოგადოების ყველა შტოს ჩართულობა არ იქნება, საუბარია ოპოზიციაზეც და მმართველ გუნდზეც, მაშინ ყველა მოდუნდება. ჩვენს მთავრობას ვამჩნევ, რომ არსებულ მდგომარეობას ეგუებიან. ასეთი ყოფა ძალიან გაუტკბათ, არაფერს რომ არ აკეთებენ - უფრო საშიშ მდგომარეობაში ჩაგვაგდებენ. მე მგონი, მმართველი გუნდის ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული არის ის, რომ არ აქტიურობს. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველა უნდა მუშაობდეს. რა თქმა უნდა, დებატები უნდა გაიმართოს.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა ეკონომიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს. ვეთანხმები ფინანსთა მინისტრს, მაგრამ ამასთან, მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშეც. მე ზუსტად ვერ ვიტყვი, არ ვიცნობ, კანონით როგორ ხდება, თუმცა კანონის ყველა მუხლისა და წესის დაცით, თუ საჭიროა სხდომა, ის უნდა ჩატარდეს. მოვუწოდებ ორივე მხარეს, პოლიტიკური კინკლაობა დაივიწყონ, რადგან საზოგადოებას კონკრეტული შედეგი სჭირდება.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): პოლიტიკოსი არ ვარ, არ ვიცი, მაგრამ ამას შეკრებები არ სჭირდება. ტყუილია, ერთმანეთს ვერაფერს ვერ ასწავლიან. საჭიროა მუშაობა. მე არ მგონია, რომ ეს რაიმეს წაადგეს. საჭიროა, ეკონომისტები დასხდნენ და თავიანთი საქმე აკეთონ.
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ძალიან ბევრ საუბრებს, სხდომებსა და შეკრებებს არ ვეთანმხები. ამით საქმე არ კეთდება. ზედმეტი სხდომები რომ შველოდეს საქმეს... აბსოლუტურად მოძველებული თემაა. დღეს ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი მუშტი, რომელიც პრობლემებს მოაგვარებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე