ლიკა ამირაშვილი
12.03.2015

თბილისში 21 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება. დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ აქციაზე საზოგადოების წარმომადგენლები მმართველი კოალიციისა და მთავრობის ქმედებებს გააპროტესტებენ.

თქვენი აზრით, 21 მარტს დაანონსებული აქცია იქნება თუ არა მასობრივი და მოახდენენ თუ არა ხალხის მობილიზებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არ ვიცი, 21 მარტს რა შეიძლება მოხდეს და ამ აქციაზე რამდენი ადამიანი მივა, იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რაზე გააკეთებენ აქცენტს - სოციალურ თუ პოლიტიკურ თემებზე. ამაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანის მობილიზებას შეძლებენ. აქედან გამომდინარე, მიჭირს პასუხის გაცემა, ამ აქციას რა განვითარება ექნება.

 

 ნინო ჩხობაძე (ეკოლოგი): სიმართლე რომ გითხრათ, მიჭირს პასუხის გაცემა. იმიტომ, რომ არ ვიცი, ძირითადად ხალხის მობილიზებას რამდენად მოახდენენ. ყოველ შემთხვევაში, სადაც მე ვტრიალებ, იმ წრეში აქციის მიმართ მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანება არ შეინიშნება.

 

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ხალხი რაც უნდა უკმაყოფილო იყოს, მაგათთან ერთად ქუჩაში დგომა ნიშნავს სისხლიან მკვლელებთან ერთად დგომას. არცერთი სხვა პოლიტიკური ძალა, ახლანდელ ხელისუფლებასთან როგორი დაპირისპირებულიც უნდა იყოს, მაგათთან არ დადგება. არ შეიძლება აქციაზე მათ გვერდით დგომა.

 

 

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): ამაზე მე ჩემი განსხვავებული აზრი მაქვს. ასეა თუ ისე, ეტყობა, ხალხს სურს, "ნაციონალურ მოძრაობას" აპატიოს ის უზარმაზარი დანაშაული, რაც ერის წინაშე აქვს. კაცი ოპოზიცია იმიტომ არის, რომ ქვეყანა უკეთესი გახადოს, ესენი კი არიან მტრები. მე ძალიან მეშინია 21 მარტის.

 

 

 

 გია ბურჯანაძე  (მსახიობი): რამდენი ფულიც იქნება, იმდენ ადამიანს გაუკეთებენ მობილიზებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×