უკვე მერამდენედ საქართველოს დამოუკიდებელობის პერიოდში მთავრობამ გამოაცხადა ე.წ. "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა. ყოველი მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება დაკავშირებულია შიდა ან საგარეო ეკონომიკური კრიზისის საფრთხეებთან. ამ რისკების შემცირების ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტად კი მართებულად მიჩნეული იყო და არის საბიუჯეტო სახსრების შემცირება.
ქართული პოლიტიკის თავისებურებებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრების შემცირება ერთჯერად მიზნებს ისახავდა და ავტომატურად გულისხმობდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის, ანდა მათზე გაწეული საბიუჯეტო სახსრების შემცირებას. საუკეთესო შემთხვევაში ეს თანხა ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და სამუშაო ადგილების შექმნას ხმარდებოდა-ხოლმე და არა რაიმე სახის სუბსიდერებას.
თუმცა სასურველი იქნებოდა, რომ ხელისუფლებამ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის სხვა, უფრო გრძელვადიანი და მდგრადი ეფექტის მქონე ღონისძიებები დაგეგმოს და განახორციელოს. პირველ ეტაპზე თუნდაც მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობას ამ ტიპის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება აღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ქარტიებთან და ხელშეკრულებებთან მიერთების შედეგად (მაგალითისთვის ევროკავშირთან ასოცირებისა და საქართველოსა და აშშ-ს მთავრობის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებებიც გამოდგება).
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ეფექტურ ინსტრუმენტად ითვლება ენერგორესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიჩნეულ იქნა ენერგო რესურსებზე მოთხოვნილების მართვა, რამაც განაპირობა ენერგეტიკის ახალი დარგის - ენერგოეფექტურობის - წარმოშობა. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტურობა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის პოტენციალთან ერთად, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს უკვე სამწუხარო რეალობად ქცეული კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგების შესარბილებლად. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობის წიაღისეული ენერგეტიკული რესურსების იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნებისათვის საგარეო სავაჭრო სალდოს (ანუ ქვეყნიდან სავალუტო რეზერვების გადინების შემცირების) გაუმჯობესების პოტენციალი, რაც თავისთავად ადგილობრივი ვალუტის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც არის.
არცთუ უმნიშვნელო საკითხია ენერგოეფეტურობის შესაძლო წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხშიც.
მაგალითისთვის ალბათ საკმარისია მოვიყვანოთ აშშ-ს პრეზიდენტ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის მიერ 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შესარბილებლად, ერთობლივად შემუშავებული ენერგეტიკული "მწვანე გეგმა". ეს გეგმა მიზნად ისახავდა კრიზისის შემცირებას, მილიონობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე აშშ-ს დამოკიდებულების შემცირებას სუფთა ენერგოტექნოლოგიების შემდგომი განვითარების, განახლებადი ენერგორესურსების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის ამაღლების საშუალებით. ობამა-ბაიდენის გეგმის მიხედვით აშშ-ს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული შენობების 75% უფრო ენერგოეფექტური უნდა გამხდარიყო, რაც უზრუნველყოფდა ყოველწლიურად ორი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას.
ევროკავშირიც, რომლისკენაც მივისწრაფვით, არანაკლებ ყურადღებას უთმობს ენერგოეფექტურობას. შემუშავებულია და მოქმედებს შესაბამისი მარეგულირებელი აქტები, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ენერგიის მოხმარების შემცირების პროცესს აწესრიგებს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ენერგოეფექტურობას შენობებში, რადგანაც თანამედროვე შენობები გათბობა-გაგრილებიის, საოფისე თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მზარდი მოთხოვნილების გამო ერთ-ერთი ძირითადი ენერგომომხმარებლები არიან.
უფრო მეტიც, ევროკავშირმა ხელისუფლების ვერტიკალის ყველა რგოლი ჩართო ენერგოეფექტურობის ღონისძიებებში და 2008 წელს წამოიწყო ფართომასშტაბიანი ინიციატივა "მერების შეთანხმება", რაც ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგოპროექტების საშუალებით ითვალისწინებს 2020 წლისთვის სწ2-ის (ნახშირორჟანგი) ემისიის 20%-ით შემცირებას. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს არა მარტო გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას, არამედ უზრუნველყოფს მუნიციპალური საბიუჯეტო სახრების შემცირება-დაზოგვასაც. აღსანიშნავია, რომ ამჟამად "მერების შეთანხმების" ინიციატივაში გაერთიანებულია საქართველოს ცხრა უდიდესი ქალაქი (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ფოთი და ახალციხე).
საქართველოში, მიუხედავად ენერგოეფექტურობის ზემოაღნიშნული მიკრო და მაკრო ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პოტენციალისა, ეს მიმართულება რიგი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ნაკლებად პრიორიტეტულად განიხილებოდა. მაგრამ დღეს, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულია "ქამრების შემოჭერის პოლიტიკა" (შეგახსენებთ, რომ ენერგეოეფქტურობა როგორც ეკონომიკის დარგი, ზუსტად კრიზისის პერიოდში წარმოიშვა), ვთვლით, რომ არათუ სასარგებლო, არამედ აუცილებელია საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით დაიგეგმოს და განხორციელდეს ენერგოეფექტურობის ღონისძიებები თუნდაც მხოლოდ ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავარ ენერგომომხმარებელს სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების შენობები წარმოადგენენ. სხვადასხვა კვლევების თანახმად, შენობებში ენერგომოხმარებას მაჩვენებელი საქართველოში საერთო ენერგომოხმარების 40%-ს აღემატება, და რადგანაც შენობებში ენერგომოხმარებაზე უდიდეს გავლენას ახდენს მისი კედლებისა და სხვა შემომზღუდავი ნაგებობების თერმული მახასიათებლები, და რადგან საქართველოში შენობების თბური მახასიათებლები რეგულირდება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირისდროინდელი (უიაფესი, თითქმის უფასო ენერგორესურსების პირობებში) მიღებული სამშენებლო ნორმებით, შენობების მაღალი ენერგომოხმარება ადვილად სარწმუნო ხდება. გასათვალისწინებელია, რომ თავად საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე ენერგორესურსებით მდიდარ რუსეთშიც კი ეს ნორმები ჯერ კიდევ 1994 წელს შეიცვალა.
იმის საილუსტრაციოდ, თუ რა პოტენციალი გააჩნია ენერგოეფექტურობას საბიუჯეტო სექტორში, მოვიყვანთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების ორ მაგალითს:
- ბიუჯეტით დაფინანსებულ ერთ-ერთ სოციალურ ობიექტზე, სადაც მზის წყალგამაცხელებელი სისტემის მონტაჟის, კარ-ფანჯრებისა და სახურავის დათბუნების, ასევე ნათურების უფრო ენერგოეფექტურით ჩანაცვლების შედეგად ენერგიის მოხმარების საშუალო ყოველწლიურმა დანაზოგმა 30% შეადგინა; ხოლო ყოველწლიური ენერგოგდასახადები შემცირდა დაახლოებით 50,000 ლარით. აღნიშნული შედეგების მისაღწევად საჭირო გახდა დაახლოებით 165,000 ლარის ინვესტირება.
- საქართველოს ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე გარე განათების მაღალწნევიანი ნატრიუმიანი (დღესთვის ყველაზე ფართედ გავრცელებული) სანათები შეიცვალა ანალოგიური მახასიათებლების მქონე შუქდიოდიანი (დუვ) სანათებით, რის შედეგადაც, ამ ქუჩის განათებისათვის საჭირო ენერგიის წლიურმა დაზოგვამ დაახლოებით 60,000 კვტ.სთ შეადგინა, რაც განათებისათვის საჭირო მუნიციპალურ ხარჯებს ყოველწლიურად 8,000 ლარით შეამცირებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება ამ შემთხვევაში 40,000 ლარით განისაზღვრებოდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შუქდიოდური სანათების საექსპლუატაციო ვადა მანამდე არსებულის შესაბამის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება.
როგორც ხვდებით, მსგავსი ღონსძიებების განხორციელება ხშირად (თუმაც არა ყოველთვის) გარკვეულ საწყის ინვესტიციას მოითხოვს, რამაც შეიძლება სკეპტიკურად განგვაწყოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საბიუჯეტო სახსრების რა ნაწილი მიდის ყოველწლიურად ენერგეტიკული რესურსების შესაძენად, იქნება ეს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, შეშა თუ თხევადი საწვავი, რომელიც მოიხმარება სამინისტროების, გამგეობების, მერიების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებლის, საბავშვო ბაღებისა, სამხედრო, შსს თუ პენიტენციური სისტემის დაქვემდებარებაში მყოფ შენობებში, ასეთი ინვესტიციების განხორციელება გრძელვადიანი შედეგის მისაღებად სრულიად გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. მით უმეტეს, რომ არსებობს უამრავი საერთაშორისო ფინანსური თუ დონორი ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენნაირ ქვეყნებს სთავაზობენ ფინანსური მხარდაჭერის თემატურ პროგრამებს, როგორებიცაა იაფი სესხები, კრედიტები ან/და გრანტები.
დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ენერგოეფექტურობის ამაღლება სწორედ კრიზისის დროს წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და იაფ ინსტრუმენტს, და რადგანაც საქართველოს მოსახლეობა და მთავრობა ერთსულოვანია და იზიარებს დასავლურ ღირებულებებს, ალბათ უნდა ითვალისწინებდეს კიდეც დასავლეთის ქვეყნების შესაბამის გამოცდილებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დანერგვა-განვითარების საკითხებშიც.
იმედია, რომ ჩვენი სურვილი, ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას, ამჯერად მაინც არ დარჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" და ამჟამინდელი "ქამრების შემოჭერაც" არა ერთჯერად აქციად, არამედ გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების წინაპირობად ჩამოყალიბდება.
გიორგი აბულაშვილი
ელენე გვილავა
კოტე ბარჯაძე