რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ირგვლივ ვერსიები და ეჭვები არ ცხრება, უკვე საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ამ მკვლელობის შემკვეთის კვალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვთან მიდის. დასახელდა კონკრეტული გვარებიც - კადიროვის მრჩეველი სულეიმან გერემეევი და კადიროვის ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, ჩეჩნეთის მეთაურის "პირად ჯალათსაც" უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე 6 ჩრდილოკავკასიელი უკვე დაკავებულია, ერთმა კი, უშუალოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა უკვე აღიარა კიდეც მკვლელობა და მოტივად მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთება და "შარლი ებდოს" კარიკატურების მხარდაჭერა დაასახელა, რუსეთის ოპოზიციას და ნემცოვის ოჯახის წევრებს ამ ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ.
მათი აზრით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს "შარლი ებდოს" გარშემო დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია და ამ ვერსიის გავრცელება, შესაძლოა, კრემლის შეკვეთაზე მეტყველებდეს.რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ყველაზე მაღალრეიტინგიანი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, ტვიტერზე წერს, რომ ნემცოვის მკვლელობის ორგანიზება ადამ დელიმხანოვმა და სულეიმან გერემეევმა რუსლან გერემეევის მეშვეობით მოაწყვეს.
ნავალნის ვარაუდით, საუბარია მაიორ რუსლან გერემეევზე, რომლის ბიძა - სულეიმან გერემეევი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატა) წევრია ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. ადამ დელიმხანოვი კი სახელმწიფო დუმის დეპუტატია.
ნავალნის მიერ ტვიტერზე დაწერილი ვერსია პირველად "კავკაზ ცენტრმა" სამი დღის წინ გაავრცელა.
ცნობისათვის, სულეიმან გერემეევი 2000-2003 წლებში გუდერმეისის რაიონში ჩეჩნეთის შეიარაღებული დაჯგუფებების მეთაური იყო, 2003 წლიდან - რამზან კადიროვის მრჩეველი "ძალოვანი სტრუქტურების სამსახურში". შემდეგ კი ჩეჩნეთის მეთაურის თანაშემწე. 2005 წლიდან, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობს.
ადამ დელიმხანოვი კადიროვის ბიძაშვილია და მას ჩეჩნეთის მეთაურის "პირად ჯალათსაც" უწოდებენ. ეს ის დელიმხანოვია, ვიზეც ფიქრობენ, რომ მოკლა მოვლადი ბაისაროვი მოსკოვის ცენტრში, დუბაიში ორგანიზება გაუკეთა სულიმ იამადაევის მკვლელობას, მანამდე კი მისი უფროსი ძმისას კრემლის კედლებთან, 2008 წელს. სხვათაშორის რუსლან იამადაევი, სულიმ იამადაევის, ბატალიონ "ვოსტოკის" მეთაურის უფროსი ძმა და დუმის დეპუტატი იყო. ისიც, ნემცოვისა არ იყოს, კრემლის სიახლოვეს, საკუთარ მანქანაში მოკლეს. მაშინ გავრცელდა ცნობები, რომ რუსლანი ადამ დელიმხანოვმა მოკლა, რისი მიზეზიც იყო კადიროვისა და იამადაევების კონკურენცია ჩეჩნეთის მართვის საკითხში. საბოლოოდ, როგორც ცნობილია, კადიროვმა გაიმარჯვა.
დელიმხანოვის ჯგუფი მუდმივად ცხოვრობს მოსკოვში. არსებობს ინფორმაცია, რომ ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, კვირას მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში ეს ჯგუფი დილამდე აღნიშნავდა წარმატებას.
რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" წერს, რომ რუსული მედიაში ბორის ნემცოვის მკვლელობაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ამდენი ლაპარაკისა და ვერსიების განხილვის მიუხედავად ამ თემაზე ფაქტობრივად, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.
რუსული დამოუკიდებელი მედიის დიდ ნაწილს იმ ოფიციალური ვერსიის არ სჯერა, რომლის მიხედვითაც რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ხმამაღალი პოლიტიკური მკვლელობის გამო დაკავებული პირები ნემცოვის მკვლელობის არა მარტო შემსრულებლები იყვნენ, არამედ ორგანიზატორებიცა და შემკვეთებიც.
"არ სჯერათ არც დასახელებული მოტივის - რომ ეს იყო პირადი მტრობა, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფამ გამოიწვია და ეს არის "შარლი ებდოს" გამოძახილი. ეს უკვე ვიღაცის პოზიციაა, რომელზეც შეიძლება დაფუძნებული იყოს კრემლისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მცდელობა ამ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად. უბედურება ერთია: ეს სინამდვილეში არ ემთხვევა", - წერს "ნოვაია გაზეტა".
გაზეთი წერს, რომ ბევრი რამ არ ემთხვევა.
"ჩვენ არ ავიღებთ კრიმინალისტ-მოყვარულების კომენტარების განხილვას, სხვადასხვა და მრავალფეროვან ცნობებს, რომ ინფორმაციამ "გამოძიებიდან გაჟონა", რადგან ყველა ეს მინიშნება - ბლეფია. ოფიციალურად შემსრულებლები ცნობილია, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის შესრულებაში ეჭვმიტანილია რუსეთის შს სამინისტროსთან არსებული ბატალიონ "ვოსტოკის" მეთაურის მოადგილე ზაურ დადაევი და ამ ერთეულის ყოფილი მებრძოლი ბესლან შაბანოვი. დადაევს ბრალი წარედგინა და ის დაკავებულია ბიძაშვილებთან - შადიდ და ანზორ გუბაშევებთან ერთად, ასევე რამზათ ბახაევთან და ტამერლან ესკერხანოვთან ერთად. ესკერხანოვი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამ ადამიანებს თანამონაწილეობა ედებათ ბრალად.
ორი ეჭვმიტანილი რომ ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების ელიტურ სტრუქტურასთან არის დაკავშირებული, ამას ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვიც ადასტურებს თავის ინსტაგრამზე და ადასტურებს ზაურ დადაევიც - ერთადერთი, ვინც ჩვენება მისცა და ბრალი თავის თავზე აიღო. მეორე - შაბანოვის დაკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან იგი კვირას გროზნოში სპეცოპერაციისას ან თავად აფეთქდა ყუმბარზე, ან ამ ოპერაციის დროს მოხდა ყუმბარის შეგდება და ააფეთქეს", - წერს გამოცემა.
"ნოვაია გაზეტას" წერს, რომ ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი ზაურ დადაევი არ არის და რომ ვლადიმირ პუტინს მკვლელობის დეტალების შესახებ რეალური ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ კვირას მიაწოდეს.
სტატიის მიხედვით, მისთვის ცნობილია ორგანიზატორისა და მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობა და ისიც, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი უდანაშაულოა.
გაზეთი ალექსეი ნავალნის მსგავსად აცხადებს, რომ მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, სულეიმან გერემეევისა და დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის ახლო ნათესავი, რუსლან გერემეევია.
"პუტინისთვის დანაშაულის ორგანიზატორის შესახებ ინფორმაცია ცნობილია. მას შემდეგ რაც ის ორშაბათს, გროზნოში დაკითხეს, მიანიშნა, რომ ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებისა და რუსი მაღალჩნოსნის ახლო ნათესავია. მისი ვინაობა ჩვენთვისაც ცნობილია," - წერს სტატიის ავტორი.
გამოცემა ირწმუნება, რომ მაიორი რუსლან გერემეევი ბატალიონ "სევერში" მსახურობდა და ის არაერთხელ არის დაჯილდოებული.
"მაიორი რუსლანი, მკვლელობის აშკარა შემკვეთია, ის გროზნოში დაკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ნათესავი გავლენიანი ჩეჩენი ძალოვანია," - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზაურ დადაევმა 8 მარტს აღიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ნემცოვი თავად მოკლა. თუმცა, რუსული მედია წერს, რომ რამდენიმე დღეში მან თავისი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მკვლელობა საკუთარ თავზე მასზე განხორციელებული წნეხის გამო აიღო. მეორე ვერსიის თანახმად, დადაევმა დანაშაული იმ იმედით აღიარა, რომ მასთან ერთად დაკავებულ მის მეგობარს პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ. მისი თქმით, სიმართლის თქმას სასამართლოზე აპირებდა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს. მის გარდა 5 დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოკლეს. 55 წლის პოლიტიკოსი მოძრაობა "სოლიდარობის" და პარტია "პარნასის" ლიდერი იყო. ცნობილია, რომ ნემცოვი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი ოპოზიციური აქციის, "გაზაფხულის მარშის" ორგანიზებას გეგმავდა. ნემცოვის ხსოვნის მარში 1 მარტს გაიმართა.