იაგო ნაცვლიშვილი
14.03.2015

 "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და ა/ო "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. კუკავა ამბობს, რომ ხუთშაბათს პატრულის მიერ დაკავებული სადღობელაშვილი პოლიციის შენობაში ხელბორკილების გარეშე დასეირნობდა. ამბობს, რომ დაპირისპირებისას მას ბორკილები დაადეს, სადღობელაშვილი კი ისევ ბორკილების გარეშე დარჩა. კუკავა მას სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და ხელისუფლების მიერ შექმნილ ზონდერს უწოდებს.

სადღობელაშვილი "თავისუფალი საქართველოს" ლიდერს "ნაციონალებთან" კავშირში სდებს ბრალს. ამბობს, რომ ის "ნაცმოძრაობის" საამებელ აქციებს მართავს. მისი თქმით, კუკავამ მისი პროვოცირება მოახდინა და პოლიციასთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია.

ხუთშაბათ საღამოს ლადო სადღობელაშვილი და კახა კუკავა პოლიციის შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამ დროს სადღობელაშვილი პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავდა. დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცავებმა კუკავაც დააკავეს, თუმცა, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღარ გადაუყვანიათ.

კახა კუკავა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის შენობაში შევიდა, ლადო სადღობელაშვილი დაინახა, რომელიც მისგან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით შენობაში ბორკილების გარეშე დასეირნობდა. თუმცა, მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მას გაეცალა. კუკავას თქმით, სადღობელაშვილი მასთან მივიდა და პროვოკაციები მოუწყო.

"მისი პროვოკაცია ჩემთან კონტაქტში შემოსვლა იყო. როდესაც ადამიანი წინა დღეებში დედას გაგინებს საჯაროდ და მეორე დღეს შენთან საუბარს იწყებს, ლოგიკურია, რომ ეს საუბარი კარგი არაფრით დამთავრდება. თავიდან ჩვეულებრივად კონტაქტის დამყარებას ცდილობდა. შემდეგ ეს სხვა რამეში გადაიზარდა.

"ჯერ იყო კონტაქტში შემოსვლა, მერე მწვავე საუბარი და ბოლოს გინება. ის რომ მაგინებდა, მე გულგრილი ვერ დავუწყებდი ყურებას. იყო მცირე შეხლა-შემოხლაც", - ამბობს კუკავა, რომელიც ამ დაპირისპირებას ხელისუფლებას უკავშირებს და ამბობს, რომ სადღობელაშვილი და მისი ა/ო "თავისუფალი თაობა" სპეცსამსახურებისგან იმართება.

"ეს ყოველივე უკავშირდება ჩვენს აქციას. გახსოვთ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩავატარეთ აქცია. ამ პერიოდიდან დაიწყო სადღობელაშვილმა ჩემი მისამართით უშვერი ლანძღვა-გინება.

"ამას არასოდეს გამოვხმაურებივარ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან მქონდეს კონფლიქტი, და თქვენ გაკრიტიკებდეთ და ამ დროს თქვენ მაგივრად სხვამ დამიწყოს ლანძღვა და სხვამ გამცეს პასუხი, ლოგიკურად გამიჩნდება აზრი, რომ ან თქვენი მეგობარია, ან თქვენი დავალებებით მოქმედებს.

"ჩვენ პრეტენზიები წავუყენეთ ბიძინა ივანიშვილს, მის მაგივრად კი ლადო სადღობელაშვილი გამოხტა და ჩვენი ლანძღვა-გინება დაიწყო. ეს ყოველივე ადასტურებს იმას, რომ სადღობელაშვილი არის სუს-ის აგენტი. რა თქმა უნდა, შსს-ს და ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს ლადო სადღობელაშვილიც და მთლიანად "თავისუფალი თაობა", - დასძენს კუკავა და "ნაცმოძრაობის" მმართველობასაც იხსენებს და სადღობელაშვილს თეა თუთბერიძეს ადარებს.

"ეს ძალიან ჰგავს "ნაციონალების" პერიოდს. გუშინ რაც მოხდა, ეს ტრაგიკულ ფაქტად ნამდვილად არ მიმაჩნია. ქვეყანაში გაცილებით დიდი უბედურებები ხდება, მაგრამ ეს ფაქტი აჩვენებს იმ ტენდენციას, როდესაც მთავრობა და სპეცსამსახურები ქმნიან ასეთ ზონდერჯგუფებს და ამ გზით ცდილობენ ოპონენტებთან ბრძოლას.

"სადღობელაშვილი არის ამ ხელისუფლების თეა თუთბერიძე. როგორც მათ ჰყავდათ თუთბერიძე, ისე ამათ ჰყავთ სადღობელაშვილი. რაც "ნაციონალებმა" თუთბერიძით მოიგეს, იმას "ოცნება" სადღობელაშვილით მოიგებს", - გვითხრა კახა კუკავამ.

მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიას ყვება ლადო სადღობელაშვილი. როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, ის პოლიციის შენობიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში უნდა გადაეყვანათ და კუკავასთან დაპირისპირება ამ დროს მოუვიდა "იცით, რომ ერთ-ერთ აქციაზე "ნაცმოძრაობასთან" დაპირისპირების გამო დამაკავეს. მთელი დღის მშიერ-მწყურვალი ვიყავი. პოლიციელებს ვთხოვე, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე საშუალება მოეცათ, რამე შემეჭამა. პოლიციის შენობაში ვიყიდე "კოკა-კოლა" და შოკოლადი. ამ დროს ერთი ხელიდან ხელბორკილი მომხსნეს და მხოლოდ ცალ ხელზე მეკიდა.

"ამ დროს დავინახე კუკავა. მე მას მივესალმე. ისიც მომესალმა. შემდეგ ჩავიდა კიბეზე და იქიდან გამომიწვია - აი, ხომ დაგინახე, პოლიციელებთან თანამშრომლობო, თუ რაღაც მსგავსი მითხრა.

"რეალურად მან გამომიწვია, რაზეც მეც ვუპასუხე და ამის მერე დაიწყო ჩვენ შორის სიტყვიერი დაპირისპირება. სიტუაცია პატრულმა ადეკვატურად შეაფასა და მას დააკისრა ხულიგნობის სასჯელი", - ამბობს სადღობელაშვილი, რომელიც დასძენს, რომ ძირითადად სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლნენ.

"ალბათ ის აღარ ახსოვს, რომ სიგარეტი ვესროლე შუბლში და კიდევ მეტს იმსახურებდა. "კოკა-კოლის" ბოთლიც ვესროლე, მაგრამ ბოთლი, სამწუხაროდ, ასცდა. სიგარეტი კი შუბლში, პირდაპირ თვალებს შორის მოხვდა", - გვითხრა მან, რომელიც კუკავას ბრალდებას, რომ სადღობელაშვილი სუს-ის აგენტია, უსუსურს უწოდებს, პირიქით, ბრალდებას კუკავას უყენებს და მას "ნაციონალებთან" კავშირში ადანაშაულებს.

"სუს-ის აგენტი როგორ უნდა ვიყო? აგენტი არის, როცა სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობს, ჩემი ქვეყნის აგენტი როგორ უნდა ვიყო?! კუკავა იურისტი კი არის, მაგრამ როგორც ჩანს, უვიცია. პოლიციასთან რომ ვთანამშრომლობდე, არც პატრული დამიჭერდა გუშინ და ჩემს თავს "ზონელებსაც" არ აცემინებდა. არც ამდენი ჯარიმები მექნებოდა და არც კაპეზეზე გათენებული ღამეები.

"თავის თავზე ილაპარაკოს კუკავამ. პატრულის თანამშრომლებისგან გავიგე ამბები, რომ თურმე არაფხიზელ მდგომარეობაში დაძრწის მანქანით, ჩხუბები და მთელი ამბები აქვთ პატრულთან. მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული სიმთვრალის გამო და ამიტომ იყო მისული პოლიციაში, რომ ამნისტიას ითხოვდა.

"ეგ არის "ნაციონალების" გოშია, იღებს ფულს მათგან, რომ მათთვის სასიამოვნო აქცია გამართოს. მე პიარადად მაქვს ნანახი მისი ფოტოები, რომელიც ბოკერიასთან აქვს გადაღებული. პირველად "ნაციონალების" სიით შევიდა პარლამენტში, იქამდე კი მოსმენების უფროსი იყო. ეს ყველაფერი ნუ დაავიწყდება.

"საერთოდ რა უნდა ვილაპარაკო მასზე, რომელმაც არჩევნებზე 1% რომ აიღო, თქვა - მივდივარ პოლიტიკიდანო. მას დაუსვით კითხვა, არის თუ არა სიტყვის კაცი საერთოდ, რომ საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა მაინც შეესრულებინა", - უთხრა "რეზონანსს" ლადო სადღობელაშვილმა..

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×