რუსეთმა ოფიციალურად დატოვა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ დდებული შეთანხმება. ამით მათ ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმითი შეიარაღების განუსაზღვრელი რაოდენობით განთავსებაზე ხელ-ფეხი ეხსნებათ და უკვე ვერავინ გააკონტროლებს, სად რამდენ შეიარაღებას განალაგებს. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ეს შემაშფოთებელია, მოსკოვის სამიზნე პირველ რიგში უკრაინა და საქართველოა და შემდეგ მთელი აღმოსავლეთ ევროპაც.
ცნობისათვის, 2007 წელს რუსეთმა ოფიციალურად დროებით შეაჩერა ამ შეთანხმებაში თავისი მონაწილეობა, თუმცა, რუსეთის წარმომადგენლები ამის შემდეგაც ჩვეულებრივად ესწრებოდნენ შეთანხმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა თუ სამიტებს. გასულ ოთხშაბათს, 2015 წლის 11 მარტს კი რუსეთმა ოფიციალურად დატოვა შეთანხმება.
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება 1990 წელს გაფორმდა და იგი ევროპაში ჩვეულებრივი (არაბირთვული) შეიარაღების განლაგებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ხელშეკრულებით დაწესებულია გარკვეული კვოტები, თუ კონკრეტულად რამდენი ტანკის, საარტილერიო დანადგარისა თუ თვითმფრინავის განლაგების უფლება აქვთ ევროპაში სხვადასხვა სახელმწიფოებს.
რუსულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა უკრაინის კრიზისის გამო დაჩქარდა და რუსეთი არაფერს კარგავს. უფრო მეტიც, იწერება, რომ კრემლი ნატო-სკენ მიხედვის და ანგარიშის გაწევის გარეშე შეძლებს გააძლიეროს სამხედრო შენაერთები ურალიდან კალინინგრადამდე და კავკასიიდან მურმანსკამდე.
"ნატო-ელი "ბიძები" ვეღარ მიგვანიშნებენ, სად და რა რაოდენობის ტანკი, ქვემეხი და თვითმფრინავი განვათავსოთ - ამას ჩვენ მივხედავთ," - წერს რუსული "კამსამოლსკაია პრავდა".
რუსეთის ამ ნაბიჯს აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები შეშფოთებით გამოეხმაურნენ. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლა "ევროპის უსაფრთხოების გაუარესებას უწყობს ხელს".
შეშფოთება გამოთქვეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ოფიციალური თბილისის მხრიდან რაიმე განცხადება არ გაკეთებულა და სამხედრო მეცნიერებათა დოქტრის, ვახტანგ მაისაის თქმით, ეს საკვირველია, რადგან მიიჩნევს, რომ რუსეთს რეგიონში თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდა სჭირდება და მისი ეს ნაბიჯი საქართველოსა და უკრაინისკენ არის მიმართული.
"ამ ნაბიჯით რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელება აკრძალა და უკვე შეუძლებელი იქნება დადგენა, თუ რა შეიარაღებას ათავსებს რუსეთი აფხაზეთში, ცხინვალში, ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ბალტიელები შეშფოთებული არიან და ამას გამოხატავენ, რადგან მათ საზღვრებთან რუსეთი რასაც უნდა იმას განალაგებს. ასევე შეშფოთებული უნდა ვიყოთ ჩვენც და მიკვირს, რატომ ვართ ჩუმად - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები თუნდაც შეშფოთებას რატომ არ აფიქსირებენ," - აღნიშნავს მაისაია.
რისი გარანტია ხელშეკრულება
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში, ერთი მხრივ, ხელს აწერდა ნატო-ს 16 ქვეყანა და, მეორე მხრივ - ვარშავის პაქტის 6 სახელმწფიო (სსრკ, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ჩეხოსლოვაკია). ხელშეკრულება ჩვეულებრივი (არაბირთვული), შეიარაღებული ძალების ბალანსს ადგენდა ორ კონკურენტ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს შორის. იზღუდებოდა ასევე ჩვეულებრივი შეიარაღების განთავსება სამხედრო ბლოკების შეხების ხაზის გასწვრივ. ეს ნატო-სა და საბჭოთა სამხედრო ბლოკს ევროპაში ერთმანეთზე მოულოდნელი თავდასხმისაგან დაცვის გარანტიას აძლევდა.
ხელშეკრულების ფარგლებში, ევროპაში (ატლანტიკიდან ურალამდე) ორივე ჯგუფს - ნატო-სა და ვარშავის პაქტის ქვეყნებს - ნებართვა ეძლეოდათ თანაბარი რაოდენობის ჩვეულებრივი შეიარაღება ჰქონოდათ, და მაქსიმალური საერთო რაოდენობა უნდა ყოფილიყო: 40 000 ტანკი; 60 000 ჯავშანტექნიკა; 40 000 საარტილერიო იარაღი 100 მმ-იანი და ზემოთ; 13 600 საბრძოლო თვითმფრინავი; 4 000 მოიერიშე ვერტმფრენი.
სსრკ-სა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ შეთანხმებამ გარკვეული მოდერნიზება განიცადა, რის შედეგადაც დამატებით განისაზღვრა შეიარაღების კვოტები ახალწარმოქმნილი სახელმწიფოებისათვის.
რუსული საბოლოო დემარში ევროპას
გასული კვირის მთავარი სამხედრო სენსაცია და ევროპის მისამართით ერთგვარი რუსული დემარში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანტონ მაზურმა სამშაბათს, ვენაში მოლაპარაკებაზე გაახმოვანა, სადაც სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხები განიხილებოდა.
მაზურმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია 11 მარტს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ფარგლებში ერთობლივ საკონსულტაციო სხდომებზე მონაწილეობას წყვეტს.
"რია ნოვოსტთან" საუბრისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ევგენი ბუჟინსკი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი ნაბიჯია მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება დიდი ხანია რუსეთის ინტერესებში არ ჯდება და ის იმ პრეტენზიებზე საუბრობს, რაზეც განცხადებები კრემლმა ხელშეკრულებიდან საბოლოო გასვლამდე რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
ცნობისათვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ თავიანთი არმიებით და კვოტირება მათაც შეეხო, თუმცა ლატვია, ლიტვა და ესტონეთი ხელშეკრულებას არ შეუერთდნენ და ამ და სხვა მიზეზებით რუსებმა რამდენიმე პრეტენზია წამოაყენეს. ერთი ის, რომ როდესაც ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდა და ჩეხეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი მიიღო, ვარშავის პაქტის ქვეყნებისათვის გამოყოფილი კვოტები ნატო-ს სასარგებლოდ გადანაწილდა. გარდა ამისა, რუსები ხელშეკრულებაზე ბალტიის ქვეყნების შეერთებას ითხოვდნენ.
ასევე პრეტენზია იყო ის, რომ რუსეთი 1999 წელს სტამბოლში მიღებული ადაპტირებული ვარიანტის რატიფიცირებას მოითხოვდა, მაგრამ სხვა ქვეყნებმა ამაზე უარი თქვეს. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ რუსეთის ფედერაციამ სტამბოლის ის ვალდებულებები არ შეასრულა, რომელიც საქართველოდან და მოლდოვადან რუსეთის ჯარის გაყვანას ითვალისწინებდა.
ამდენად, 2007 წლის გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების შესრულებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და მიზეზად აშშ-ის მიერ ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განლაგების გეგმა დასახელდა.
მორატორიუმი გულისხმობდა იმას, რომ რუსეთმა ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს შეიარაღებაზე ინფორმაციის მიწოდება შეუწყვიტა. თუმცა, ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობას აგრძელებდა. გასულ კვირას კი ამ ჯგუფიდანაც გავიდა.
საქართველო რუსეთის უკონტროლო შეიარაღების პირისპირ
ის, რომ რუსეთში 1990 წლის ხელშეკრულებიდან გასვლას მიესალმებიან და შეიარაღების გაზრდაზეც აქტიურად დაუბრობენ, რეგიონში ერთგვარ შიშს ქმნის. მით უმეტეს, რომ 2007 წელს მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს და ამიტომაც ხელშეკრულებიდან საბოლოო გასვლის განცხადების გამო მოლოდინი არც თუ საიმედოა.
"საშიშროება არსებობს. რუსეთმა 2007 წელს ხელშეკრულებაში მონაწილეობა ტყუილად არ შეაჩერა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არ ენახათ შეიარაღების გაზრდა, როდესაც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სჭირდებოდა აგრესია. ეტყობა, ახლაც იგივე ჩანაფიქრია უკვე უკრაინის მიმართულებით," - ამბობს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.
მისი თქმით, ამ ხელშეკრულების მონაწილე საქართველოცაა და ერთგვარი უცნაურობა იყო ის, რომ როდესაც კრემლმა 2007 წელს ხელშეკრულებაში მონაწილეობა შეაჩერა და შეიარაღებაზე ინფორმაციას არავის აწვდიდა, საქართველომ რუსეთისათვის შესაბამისი ცნობების მიწოდება არ შეწყვიტა.
"ამის შესახებ აგვისტოს ომის შემდეგ არაერთხელ დავწერე, რომ რუსეთს მორატორიუმი აქვს გამოცხადებული ინფორმაციის გაცემაზე და ჩვენ რატომ ვაწვდით, თან რუსეთი აგრესორია-მეთქი. ყურადღება არავინ მომაქცია, მხოლოდ 2011 წელს შეაჩერა საქართველომ რუსეთის ინფორმირება. ისიც მას შემდეგ, რაც აშშ და ბრიტანეთი გამოვიდნენ ინფორმაციის არმიწოდების ინიციატივით.
"ინფორმაციის მიწოდება იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ორჯერ ვატყობინებდით რუსეთს, თუ სად რა საბრძოლო ტექნიკა გვყავდა, რა ნომერი, რა ტიპის და რა მდგომარეობაში იყო. ეს ინფორმაცია სტატიაში რომ დამეწერა, შესაძლოა, დავეჭირეთ, ამ დროს კი რუსეთი ოფიციალურად იღებდა ამ ინფორმაციას," - აღნიშნავს ალადაშვილი.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, 1990 წლის ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლა დიდი სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადების ნიშანია.
ის ამბობს, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების პარიტეტის ხელშეკრულება შეტევითი შეიარაღების შემცირებას ითვალისწინებს და სულ 5 კომპონენტია: ტანკები, საბრძოლო ჯავშანტექნიკა, საბრძოლო ავიაცია, მოიერიშე ვერტმფრენები და ყველაზე მნიშვნელოვანი - საარტილერიო სისტემები, მათ შორის ზალპური ცეცხლის მასირებული საარტილერიო, ბალისტიკური სისტემები, რომელსაც ტაქტიკურ ზონაზე ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს კვოტები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორიც ჩვენზეც გადანაწილდა. ჩვენი დამრტყმელი შეიარაღების კვოტა დაახლოებით იყო: 220 ერთეული საბრძოლო ტანკი, 220 ერთეული ჯავშანტექნიკა, 385 საარტილერიო სისტემა, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 მოიერიშე ვერტმფრენი. რუსეთს უფრო გაზრდილი კვოტა ჰქონდა.
"1999 წელს სტამბოლში გაფორმდა დამატებითი პროტოკოლი და სამხრეთით და ჩრდილოეთით ორი შეზღუდული რაიონი შემოიღეს, სადაც შეიარაღება მაქსიმალურად უნდა შეზღუდულიყო. რუსეთმა ხელი მოაწერა, რომ კვოტირებულზე მეტ შეიარაღებას არ განათავსებდა.
"სხვათა შორის, ამ ორ ზონაში აკრძალვა ძალიან პრობლემური იყო რუსეთისათვის ჩეჩნეთში მეორე კამპანიის წარმოების დროს. ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების სამხედრო ექსპერტები ინსპექტირებას ყველგან აწარმოებდნენ, რუსეთის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება იყო.
"2007 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებაში მონაწილეობა დროებით შეაჩერა, აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილო კავკასიაში მეტ შეიარაღებას არ განათავსებდა, ახლა კი საბოლოოდ მოახდინა ხელშეკრულებიდან გასვლა და შეიარაღების არგაზრდაზეც ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა. ის საკუთარ ტერიტორიაზე მონიტორებსაც არ დაუშვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აქტიურად დაიწყებს შეტევითი შეიარაღების განთავსებას სამხრეთში, ანუ ყირიმში, ასეევ შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებას გააძლიერებს," - ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უკრაინაში მიმდინარე ომია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა მოკავშირეობის ხელშეკრულებას აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან და ის ახლა აფხაზეთში თავისი სამხედრო დაჯგუფების გაძლიერებას აპირებს, რისთვისაც ამ ხელშეკრულებიდან გასვლა სჭირდებოდა.
"აფხაზეთში რუსეთი 15 000-იანი საარმიო ჯგუფის შექმნასა და იქ სწორედ შეტევითი შეიარაღების განლაგებას აპირებს. რატომღაც ყურადღებას არავინ არ აქცვევს იმას, რომ რუსეთის მიერ ხელშეკრულებიდან საბოლოო გასვლა სწორედ აფხაზეთს უკავშირდება. მან აფხაზეთში თავისი საჯარო ნაწილების განთავსება და ოპერატიული შტაბის შექმნა დაიწყო. ასე მოხდება ცხინვალშიც და ყირიმშიც. თუკი ადრე ჰაერიდან მაინც იყო შესაძლებელი, რუსული შეიარაღების გაზრდა გაეკონტროლებინათ 1990 წლის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებს, ახლა ეს შესაძლებლობა მთლიანად მოისპო და შეშფოთების საფუძველი დიდია," - დასძენს მაისაია.