16 მარტს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით, `სამმხრივი თანამშრომლობის მომავალი: ახალი პერსპექტივები და გამოწვევები~ გაიმართება. კონფერენციის დაწყებამდე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კონფერენციის ერთ-ერთ ინიციატორს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს ფარხად მამედოვს.
- გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში რეგიონის უსაფრთხოების ძირითად პრობლემად რას მიიჩნევთ და როგორი უნდა იყოს აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის სამმხრივი თანამშრომლობის როლი რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით?
- აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი დროთა განმავლობაში გამოიცადა და რეგიონის ქვეყნებისთვის იგი უალტერნატივო პლატფორმად ითვლება ეკონომიკური, სატრანსპორტო და მილსადენის პროექტების რეალიზაციის პროცესში. ამ პროექტების მეშვეობით ჩვენმა სახელმწიფოებმა თავი წარმოაჩინეს, როგორც საიმედო, პასუხისმგებლობით აღსავსე და პროცესების წინასწარ განმჭვრეტმა პარტნიორებმა.
რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონის მთავარ საფრთხედ დაურეგულირებელი კონფლიქტები მიიჩნევა, რომელთა გამოც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, ასობით ათასი ადამიანი დევნილად და დროებით გადასახლებულად იქცა. მთიანი ყარაბახის სომხურ-აზერბაიჯანურ კონფლიქტთან მიმართებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არაერთგზის გაუსვა ხაზი, რომ ისტორიული სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალიც ჩვენ მხარეზეა და ეს გამონათქვამი აქტუალურია საქართველოსთვისაც. სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოება ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას ავლენს, რაც დარეგულირების პროცესში კონსტრუქციულ გარემოს არ ქმნის.
ასევე, ჩვენთვის საფრთხედ აღიქმება მეზობელ რეგიონებში გეოპოლიტიკური კლიმატის ცვლილება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეგიონი არ გადაიქცეს ძალისმიერი კონკურენტული ცენტრების ბრძოლისა და განხეთქილების სივრცედ.
ამ კონტექსტში რეგიონის ქვეყნები თავადვე უნდა წარმოჩნდნენ, როგორც პროცესის სუბიექტები, რადგან ჩვენს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში პროცესებს სწორედ ჩვენი რეგიონის ქვეყნები წარმართავენ. აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის თანამშრომლობის პლატფორმა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ორგანიზაცია. მზად ვართ მეზობლებთან სათანამშრომლოდ, რომლებმაც, თავის მხრივ, პატივი უნდა სცენ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ.
- როგორ წარმოგიდგენიათ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამკუთხედის ეკონომიკური პოტენციალი?
- ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ მრავალი პროექტი, რომლებიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საფუძველი გახდა. ისტორიის რთულ პერიოდში ერთმანეთს დახმარების ხელს ვუწვდიდით, ურთიერთინვესტიციები ჩვენ ქვეყნებს შორის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. თითოეულ სახელმწიფოს თავისი ფუნქცია ენიჭება, რომლის გარეშეც ვერც ერთი რეგიონალური პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
ბოლო წლები მსოფლიო ეკონომიკისთვის პრობლემური იყო - ფინანსური კრიზისი, ნავთობზე ფასის ვარდნა, ვალუტების დევალვაცია - ეს ეროვნული ეკონომიკისთვის გამოწვევაა. ჩვენი სამი ქვეყნიდან ორმა უკვე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რა თქმა უნდა, ეს რეგიონში ახალ სიტუაციას შექმნის, რაც ფხიზლად უნდა შევაფასოთ და თანამშრომლობის ახალი წერტილი უნდა ვიპოვოთ საქონელთბრუნვის, ტურიზმის განვითარების, ხელსაყრელი ინვესტირების მიმართულებით.
- საქართველოს გავლით აზერბაიჯან-თურქეთის სატრანსპორტო კვანძის ეკონომიკური ფუნქცია... ნავთობ და გაზსადენები, `აბრეშუმის გზა~ და სხვა დერეფნები... ხომ არ გაქვთ დაგეგმილი ახალი პროექტები, რომლებიც ამ საკითხებს დაუკავშირდება?
- ნავთობისა და გაზსადენების პროექტის რეალიზებით დაიწყო ჩვენი თანამშრომლობის მოდელი. ეს პროექტები ურთიერთთანამშრომლობისთვის საბაზისო მნიშვნელობისაა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილხამ ალიევის თქმით, აყალიბებს ენერგორესურსების ახალ წყაროს ევროპისთვის. ჩვენ საკვანძო როლი გვაკისრია სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის ფორმირების საქმეში.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თითოეულ ქვეყანას თავისი ფუნქცია აქვს, რამაც დროის გასვლასთან ერთად, შეიძლება, ტრანსფორმირებაც განიცადოს. სატრანზიტო ქვეყნის რანგში საქართველომ მდიდარი გამოცდილება დააგროვა და ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან რეგიონს გარეთ არსებული ნავთობისა და გაზის მიმწოდებლების ჩართვის შემთხვევაში, ჩვენ სატრანზიტო ფუნქციაც გვეკისრება.
ეს ეხება როგორც ნავთობსადენებს, ისე გაზსადენებს, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს, რომელიც დროთა განმავლობაში `აბრეშუმის გზის~ ალტერნატიული მარშრუტიდან შეიძლება აღმოსავლეთ-დასავლეთის ვექტორის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირების ძირითად არტერიად იქცეს.
აქვე აღვნიშნავ, რომ სარკინიგზო პროექტი მთლიანად ინტეგრირებულია `დიდი აბრეშუმის გზის~ ეკონომიკური ზონის რეგიონთაშორის პროექტთან, რომელიც ჩინეთის მიერ არის ინიცირებული. პარალელურად, კასპიის ზღვის სანაპიროზე აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის თანამედროვე პორტები შენდება.
ეს პირველი რეგიონალური პროექტია, რომლის დაფინანსებაშიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ მონაწილეობენ და საამისოდ მთელი ტვირთი ჩვენმა ქვეყნებმა აიღეს თავის თავზე.
გარდა ამისა, არსებობს პოტენციალი არასანავთობო სექტორის პროექტების განსახორციელებლადაც. მაგალითად, პროექტი `ტასიმი~, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით ფრანკფურტსა და ჰონგ-კონგს აკავშირებს. ასე რომ, დიდი პოტენციალი გაგვაჩნია რეგიონში მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩვენ მიერ არჩეული განვითარების ვექტორი ათწლეულობით უზრუნველყოფს მომავალ განვითარებას.