ანზორ საკანდელიძე
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
2015 წლის 6 მარტის გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა მაკა ხარაზიშვილის საინტერესო სტატია "გადასახადების გაზრდა ეკონომიკას საბოლოოდ დაასამარებს", სადაც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფითსის რეკომენდაციას გადასახადების გაზრდის თაობაზე მკვეთრად უარყოფითად აფასებენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ცნობილი საგადასახადო ექსპერტი ირაკლი შავიშვილი და თქვენი მონა-მორჩილი. განსაკუთრებით საგულისხმოა ბატონი ირაკლის აზრი: "ძალიან უცნაურია, რა დროს გაზრდაზეა საუბარი, პირიქით, მომხრე ვარ, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი რაც შეიძლება მეტად შემცირდეს. ყველა გადასახდმა უნდა დაიკლოს".
აღსანიშნავია, რომ 1997 წელს ნოღაიდელმა დღევანდელი ანტიმცირემეწარმეობრივი და შესაბამისად, ანტიდასაქმების საგადასახდო კოდექსი (სადაც მცირე და მსხვილი მეწარმეების საგადასახადო ტვირთები გათანაბრებულია, რაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება!) მიიღო სწორედ სსფ-ის რეკომენდაციებითა და აშკარა ზეწოლით. ამ კოდექსში თვითონ მსხვილი მეწარმეების ოპტიმალური საგადასახადო ტვირთი (რომელიც დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე და განისაზღვრება ლაფერის მრუდეებით, რაც საქართველოში საერთოდ იგნორირებულია), ნობელის პრემიის ლაურეატის ფიშერის, შევარდნაძისა და სააკაშვილის ეკონომიკური მრჩევლების, მსოფლიოში ცნობილი ეკონომიკური რეფორმატორების, ბალცეროვიჩისა და ლაარის დასკვნებით, 2-ჯერ აღემატებოდა ოპტიმალურს. ისინი გვირჩევდნენ, 2-ჯერ შეამცირეთ გადასახადები და 3-ჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლებიო. ლაარის დიდი მონდომებით ყველაზე ახლოს ამ გადაწყვეტილების მიღებასთან ვიყავით 2006 წელს და რომ არა ნოღაიდელის ვირული სიჯიუტე (ალბათ იყო სსფ-ის ზეწოლაც), საქართველოში მივაღწევდით გადასახადების განახევრების სანუკვარი ოცნების განხორციელებას.
როცა ასეთი მაღალი გადასახადები აქვთ მსხვილ მეწარმეებს, წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან საგადასახადო ტვირთებით მათთან გათანაბრებული მცირე მეწარმეები, რომლებსაც დღევანდელი საგადასახადო კოდექსი არ უტოვებს ლეგალური ეკონომიკური საქმიანობის არავითარ შანსს.
1997 წლის საბედისწერო საგადასახადო კოდექსის მიღებიდან მე-18 წელს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, პირველად აღიარა გადასახადების შემცირების აუცილებლობა და არ ეთანხმება სსფ-ის რეკომენდაციებს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ხელისუფლებას გვერდში დავუდგეთ და რაც შეიძლება სწრაფად გადავაწყვეტინოთ დაბალგადასახადებიანი ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება.
აქვე გვინდა ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ მაღალი გადასახადების აუცილებელი თანამდევი და უტყუარი ინდიკატორია მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბოლო, 2012 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 72%-ს აღწევდა. უფრო მაღალ, 78%-იან ჩრდილოვან ეკონომიკას კი აფიქსირებენ ადგილობრივი ქართველი ექსპერტები. ამრიგად, დღეს საქართველოში არის დაახლოებით 75%-იანი კატასტროფული ჩრდილოვანი ეკონომიკა.
როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ეს არალეგალური საქმიანობა არის ჩვენი დაქცეული ეკონომიკის ფორსირებული აღორძინების ოქროს რეზერვი. რეალურად გვაქვს პრაქტიკული შანსი, გადასახადების 2-ჯერ შემცირების შემთხვევაში 2-3 წელიწადში დღევანდელი ჩვენი 75%-იანი ჩრდილოვანი მშპ ჩამოვიყვანოთ საშუალო ევროპულ 25%-იან ნიშნულამდე. შესაბამისად, გათეთრებული მშპ კი დღევანდელი 25%-იდან ავიყვანოთ 75%-მდე, ანუ გავზარდოთ 3-ჯერ ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, მხოლოდ ეკონომიკის გათეთრების ხარჯზე!
ეს იქნება კოლაფსიდან თავის დაღწევისა და ქვეყნის გადარჩენის ტოლფასი გიგანტური ეკონომიკური ნახტომი, რის გამოც ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს ასეთი ნახტომის მომტანი ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების დასაჩქარებლად. ხელისუფლებას შეიძლება შევთავაზოთ ჩვენ მიერ დამუშავებული და დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა #5266) ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი. ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეებისათვის დამუშავებული ასეთი გადასახადების ვარიანტი ჩვენ განსახილველად 2010 წელს შევიტანეთ პარლამენტში.
ამ პროექტის მიხედვით, მეწარმეები იბეგრებიან ბრუნვის ერთიანი პროცენტული ფიქსირებული გადასახადით, რომელიც უცხოური ანალოგიებისაგან განსხვავებით არ არის მუდმივი, მიშვებულია თავისუფლად და იცვლება ბრუნვის, ანუ ბიზნესაქტივობის ცვლილებების შესაბამისად - იზრდება ბრუნვის გაზრდით და მცირდება ბრუნვის შემცირებით. თუ ჩვენ ამ პრინციპს გამოვიყენებთ ახალ საგადასახადო კოდექსში, ამით გამოსწორდება დღევანდელი ჩვენი საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი ნაკლი - მცირე და მსხვილი მეწარმეების დაბეგვრა თანაბარი საგადასახადო ტვირთით.
ამრიგად, დაბალგანაკვეთიანი ახალი საგადასახადო კოდექსის დაჩქარებულ მიღებას ალტერნატივა არ აქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ალბათ შეგვიქმნიან სავალუტო ფონდი და აშშ-ის საელჩო, რომლებიც 20 წელიწადზე მეტია ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მივიღოთ ასეთი საგადასახადო კოდექსი და საქართველო არ გახდეს მწარმოებელი ქვეყანა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და მთელ საქართველოს, დავდგეთ ერთად. უცხოელების მითითების მიუხედავად, ვიბრძოლოთ, გავიმარჯვოთ და მივიღოთ ქართველი ხალხის გადამრჩენი კარგი სამამულო საგადასახადო კოდექსი, რამეთუ საქართველოში 2004 წელს ერთ-ერთი მეწარმის მიერ ითქვა საოცარი სიტყვები: "კარგი საგადასახადო კოდექსის მიღება ერთი სამამულო ომის მოგების ტოლფასია!"