ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ფილმში "9+1" ყოფილი პრემიერის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს, სააკაშვილისას კი ნიკოლას კეიჯი, ფილმის რეჟისორი, გოგა ხაინდრავა კატეგორიულად უარყოფს.
"ამ ეტაპზე ფილმთან დაკავშირებით სიახლე არაფერია, სცენარზე მუშაობა მიდის. ყველაფერი, რაც გარშემო გესმით, სულ ტყუილია. როგორც სჩვევია ქართულ მედიას - სიცრუე, სიცრუე და ისევ სიცრუე.
"ყველაფერი მოგონილია, ვისაც თავში რაც მოეპრიანება, იმას ამბობს. რატომღაც დღევანდელ დღეს ჟურნალისტების ნაწილი თვლის, ნებისმიერი ტყუილი შეიძლება სიმართლედ გაასაღონ. მსგავსი არაფერი ხდება, მოსამზადებელი სამუშაოები მიდის და ახალს ვერაფერს გეტყვით.
"არც მსახიობებია არჩეული, არც არავინაა დაპატიჟებული, მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიდის. ქართველი მსახიობების ქასტინგი (შერჩევა) მიმდინარეობს, არანაირი უცხოელი ვარსკვლავები. ეს ყველაფერი მოგონილია," - უთხრა გოგა ხაინდრავამ "რეზონანსს".
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ქართულ ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავების, ენტონი ჰოპკინსისა და ნიკოლას კეიჯის მონაწილეობაზე გუშინ "იმედის" საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკაში" გავრცელდა.
როგორც "ქრონიკაში" თქვეს, სავარაუდოდ, ბრიტანელი მსახიობი, 80 წლის ენტონი ჰოპკინსი ივანიშვილის როლს შეასრულებს, 50 წლის ამერიკელი ნიკოლას კეიჯი კი, რომელიც რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას დისშვილია, სააკაშვილის როლს. თუმცა იქვე ითქვა, რომ შეიძლება ჰოპკინსმა შევარდნაძე განასახიეროს. გადაცემაში ასევე თქვეს, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ჰოპკინსთან მოლაპარაკებას ადასტურებს.
როგორც "რეზონანსს" "ქრონიკის" ჟურნალისტმა, ლევან ჩუგოშვილმა უთხრა, ამ ინფორმაციის წყაროა ლევან ხაინდრავა, გოგა ხაინდრავას შვილი და ფილმის რეჟისორის თანაშემწე. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას ლევან ხაინდრავამ პირადი საუბრისას მიაწოდა და ისიც უთხრა, რომ ფილმის ნახვა მაყურებელს უკვე სექტემბრიდაან შეეძლება.
"გოგა ხაინდრავას შვილს, ლევან ხაინდრავას ვესაუბრე, რომელმაც ყველაფერი იცის ძალიან კარგად. ის, რომ ფილმი ეთერში სექტემბრიდან გავა, სწორედ ლევან ხაინდრავამ მითხრა. რაღაცები პირდაპირ არ თქვა კომენტარში, მაგრამ თქვა პირად საუბარში. ის, რომ ენტონი ჰოპკინსი იქნება ბიძინა, პირდაპირ მითხრა. თუ ახლა ესე ღიად არ უნდა აღიარება, ეს სხვა თემაა. ღიად რომ ეთქვათ, კომენტარშიც იქნებოდა, ეს მითხრა პირად საუბარში," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ლევან ჩუგოშვილი.
გუშინ "რეზონანსმა" ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან ხაინდრავასთან დაკავშირება ვერ შეძლო.