თაია არდოტელი
18.03.2015

 ელბაქიძის დაღმართის შეცვლილი იერსახე - დაღმართის რეაბილიტაციის შედეგად ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარი დააგეს. ამან სოციალური ქსელი ლამის ააფეთქა. ერთ-ერთი, ვინც მერიის ამ ნაბიჯს აკრიტიკებს, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ უქვაფენილო ელბაქიძე თბილისის კიდევ ერთი დაკარგული დეტალია.

რატომ მოხდა ელბაქიძის დაღმართზე ქვაფენილის აყრა და როგორ აპირებს ამაზე რეაგირებას, ამ კითხვით "რეზონანსმა" თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მიმართა.

ალეკო ელისაშვილი: მეც მაინტერსებს ეს საკითხი, თუმცა პასუხი არ მაქვს. როდესაც შესაძლებლობა მექნება, ამ შეკითხვას აუცილებლად დავუსვამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსსაც და თბილისის მერსაც და გავარკვევ, ვინ მიიღო ეს მცდარი გადაწყვეტილება.

"რეზონანსი": ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი ამ ქმედების გასამართლებლად თუ დასასაბუთებლად არის ქვაფენილის მოუხერხებლობა მოქალაქეებისთვის, მძღოლებისთვის..

ა.ე: დავაგოთ მერე უკეთესი ხარისხის ქვაფენილი, რა პრობლემაა. ევროპაში ვინც არის ნამყოფი, იცის, რომ ბრწყინვალე ქვაფენილებია ქალაქში, არანაირი ხმაური იქ არ არის. ჩვენ თუ ქვაფენილის დაგება არ ვიცით, ეს ქვაფენილის იდეაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ამდენად, ეს არგუმენტი ჩემთვის გაუგებარია.

ჯერ ერთი, ქვაფენილი უფრო გამძლეა, ვიდრე ასფალტი. მართალი გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაც დეტალები იყო, ის, რაც მოხდა ელბაქიძის დაღმართზე - ეს არის ერთი დაკარგული დეტალი თბილისისთვის. ისტორიულად აქ ყოველთვის ქვაფენილი იყო. ამ ისტორიულობას ანგარიში გაუწიეს და პატივი სცეს კომუნისტებმაც კი და ჩვენ რა გვეტაკა, რომ ამისთვის ანგარიში არ გაგვეწია.

მითუმეტეს ასფალტი ძალიან ხშირად იქნება შესაკათებელი და გამოსაცვლელი ამ დაღმართზე. ჩემი აზრით, ეს ძალიან გულდასაწყვეტი, მცდარი და არამართებული გადაწყვეტილება იყო.

კარგი ქვაფენილი თუ გვინდოდა, დაგვევო, რა გვიშლიდა ხელს, მაგრამ ჩვენ თუ ეხლა ქვაფენილის დაგება არ ვიცით ან არ გვინდა, რომ ვისწავლოთ, ეს სხვა საქმეა. მე-19 საუკუნეში ბრწყინვალე ქვაფენილი იყო ქალაქში და ისინი თუ ახერხდებდნენ, ჩვენ რა გვჭირს?!

"რ": კიდევ ერთი არგუმენტი ამ შემთხვევაში იყო პრობლემის დროულად მოგვარება და ამ ტერიტორიაზე მოძრაობის სწრაფად აღდგენა. რამდენად მართებულად მიიჩნევთ ამ მიზეზს?

ა.ე: მე ვფიქრობ, რომ ელბაქიძის ქუჩის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა. მონდომების, სურვილისა და გარჯის შემთხვევაში გაცილებით მარტივად, მოკლე ვადაში და გაცილებით ხარისხიანად, ეფექტურად შეიძლებოდა ამ ყველაფრის აღდგენა. თუ რატომ არ მოხდა ეს - დავით ნარმანიას უნდა ჰკითხოთ.

"რ": კიდევ ერთი მწვავე პრობლემა დედაქალაქში ტროტუარებზე მანქანების პარკინგია. რა ეტაპზეა ამ მიმართულებით სამუშაოები და როდის მოგვარდება ეს პრობლემა თბილისში?

ა.ე: მეც ველოდები დავით ნარმანიასგან პასუხს, მეც ასევე მაინტერესებს, რა ხდება ამ მხრივ, რატომ არის, რატომ გრძელდება ეს ქაოსი და კიდევ რამდენი დრო სჭირდება, რომ მერია ამას შეეჭიდოს და მოაგვაროს.

არის საკითხები, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ვერ ვხვდები, როდემდე შეიძლება ეს პრობლემები მოუგვარებელი იყოს და თბილისის მერმა უნდა აგვიხსნას - თუ დამარცხდა "სითი პარკთან", თუ დამარცხდა პარკინგის პრობლემასთან, ესეც თქვას და ჩვენ ჩვენს დასკვნებს გამოვიტანთ, თუ არადა, მაშინ გვითხრან, რას და როგორ აპირებენ, ვმუშაობთ, ვმუშაობთო, რამდენ ხანს უნდა იძახონ, არ ვიცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×